მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახლო მომავალში დაუმძიმდება. პარალელურად კი, ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობა ვანო მერაბიშვილს ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ასახელებს ოფიციალურ დასკვნაში, რომელიც 2012 წლის 29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც 4 ივნისს ციხეში ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა მოინახულა, იუსტიციის მინისტრის თქმით, ტელევიზორს ყოფაქცევის მიხედვით დაუდგამენ.
ის, რომ ვანო მერაბიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება, საზოგადოებას 4 ივნისს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან გამოსულმა ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა აცნობა. ლისეკი თბილისში ევროპარლამენტის 7-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდა და კოლეგებთან ერთად ორი დღის მანძილზე მართავდა შეხვედრებს ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიის წარმომადგენლებთან. ევროპარლამენტარის შთაბეჭდილებით, მერაბიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი, მაგრამ აბსოლუტურად არ იცის, რა ხდება გარეთ, რადგან ვერც ახლობლებს ხვდება და არც ტელევიზორი აქვს საკანში. ოდნავ მოგვიანებით ევროპარლამენტარი ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრსაც დაელაპარაკა.
მართალია, თავად მინისტრის აზრით, ”ამ ქვეყანაში ხდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები, ვიდრე ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნაა”, მაგრამ თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის, როგორც ”ერთი ჩვეულებრივი პატიმრის”, უფლებები აუცილებლად იქნება დაცული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული ”პატიმრობის კოდექსის” შესაბამისად. სწორედ ამ კოდექსის მიხედვით გადაწყდება მერაბიშვილის საკანში ტელევიზორის დადგმა-არდადგმის საკითხიც:
”თუ ის, რა თქმა უნდა, იმ იზოლატორში, რომელშიც ზის, მოიქცევა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსი, მაშინ წახალისების მიზნით (ასე წერია კოდექსში), სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს ყველაზე კარგი ხელმძღვანელობა, რომელიც ოდესმე სად-ს ჰყოლია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, რა თქმა უნდა, მას არა მხოლოდ ტელევიზორს, არამედ რადიომიმღებსაც მისცემს”.
ვიდრე ვანო მერაბიშვილისთვის ტელევიზორის საკითხი გადაწყდება, მოსალოდნელია მისი ბრალის კიდევ უფრო დამძიმება. როგორც 4 ივნისს უთხრა ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეში არსებულ კიდევ ერთ ეპიზოდზე, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ზემოქმედებას ახდენდა გამოძიებაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საკუთარი მეუღლისთვის პასუხისმგებლობის აცილების მიზნით.
მთავარი პროკურორი თავს იკავებს კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან იმ დასკვნაზე, რომელიც ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფმა მთავრობამ ლოპოტის სპეცოპერაციის შესახებ გამოაქვეყნა და რომელშიც ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ვანო მერაბიშვილია დასახელებული. მთავარი პროკურორი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საზოგადოება დაელოდოს იმ გამოძიების შედეგს, რომელსაც ამჟამად საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს და რომლის პროცესიც პროკურატურას ექვემდებარება.
”ვინაიდან ყველა წყარო, რომლისგანაც ინფორმაციას ვიღებთ, უნდა იყოს მტკიცებულების დონეზე გამყარებული, ვინაიდან ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს გადამოწმება კიდევ სხვა წყაროებთან, ვინაიდან თემას გააჩნია პოლიტიკური შემადგენელიც, რაც მომეტებულ სიფრთხილეს საჭიროებს, ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მეტი დრო გვეხარჯება ამ საქმის გამოძიების დროს. მაგრამ ეს არ არის გამოძიების დაუსრულებლობის წინაპირობა. გამოძიება აუცილებლად დასრულდება და კონკრეტული შედეგი დაიდება”, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის სახელმწიფო კომისიის დასკვნის მიხედვით, ”ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ვანო მერაბიშვილის მიერ იყო დაგეგმილი” და ”ოპერაციის ჩატარება შეთანხმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან”, ხოლო ”სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე”.
კომისია მიიჩნევს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, რომლის თანაავტორებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მათ ყოფილი ხელისუფლების წევრები აფარებენ ხელს. დასკვნა ჩეჩნებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ”ჩეჩნების თავისუფლებისა და სიცოცხლის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებამ სწორედ საქართველოში მიიღო მტკიცე და საკმაოდ ცინიკური ხასიათი”. ამასთან, ხაზგასმულია ისიც, რომ ”ჩეჩენი ხალხი არ ივიწყებს არც მეგობრებს და, მით უმეტეს, არც მტრებს”.
როგორც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს განცხადებები არავითარ საფრთხეს არ მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის მიერ ლაფანყურის სპეცოპერაციის დამოუკიდებელი გამოძიება მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურებოდა, რათა ქართველი და ჩეჩენი ხალხები ერთმანეთს არ გადამტერებოდნენ.
”არათუ საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს მოსახლეობას, არამედ, პირიქით, საქართველოს მოსახლეობას ათავისუფლებს ყველანაირი ვალდებულებისგან, - და თუკი რაიმე ვალდებულება აქვს ვინმეს, ესენი არიან წინა ხელისუფლების კონკრეტული სახელები და გვარები, - ისევე როგორც ამ სამართლიანმა დასკვნამ ვალდებულებისგან გაათავისუფლა ყველა ჩრდილოკავკასიელი, ვინც უშუალოდ შეხებაში არ იყო ამ ინციდენტთან და გარიგებაში არ იყო წინა ხელისუფლებასთან”.
ზაალ კასრელიშვილის თქმით, შეუძლებელია ეჭვის შეტანა ინფორმაციაში, რომელიც ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის სახელმწიფო კომისიის დასკვნას დაედო საფუძვლად, რადგანაც ლოპოტის სპეცოპერაციაში მონაწილე თუ მასთან რაიმე შეხებაში მყოფმა პირებმა ინფორმაცია მორალურ ლიდერებს მისცეს და ეს პროცესი ღირსებაზეა დაფუძნებული.