დღეს, როდესაც ბაჩო ახალაია საპატიმროშია და მისი სასამართლო პროცესები ასე უსაშველოდ გრძელდება, ბუნებრივია, ჩნდება ინტერესი: რა ხდება? ნუთუ ასე ძნელი იყო მისი ბრალეულობისა და ჩადენილი დანაშაულების დამტკიცება? პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე ერთ-ერთი იმ გახმაურებულ საქმეთაგანია, რომლის დამალვაც «ნაციონალებმა» ვერ შეძლეს და რომელიც ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეთრაძის ადვოკატისგან მოსმენილ ამბავს შეიტყობს. რამდენიმე დღის წინ, თეთრაძის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე, ყოფილი სამხედრო პირი დავით ლონდარიძე დაიკითხა და ჩვენი ინტერესიც სწორედ აღნიშნულმა სასამართლო პროცესმა გამოიწვია. «საქართველო და მსოფლიო» სერგო თეთრაძის ადვოკატს _ მაგდა კოტრიკაძეს ესაუბრა.
_ მაგდა, რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ლონდარიძე ხელახლა დაიკითხა?
_ თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს პროცესი ციხის უფროსის მოადგილის _ ვიქტორ ყაჭეიშვილისა და ციხის უსაფრთხოების უფროსის _ ოლეგ ფაცაციას ბრალეულობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალო შემსრულებლებს, გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, მათ უკვე მისჯილი აქვთ. ყაჭეიშვილისა და ფაცაციას მიმართ საქმე აღძრულია 138-ე მუხლით. ესაა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება და ასევე წამების მუხლი. უშუალოდ ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც შემსრულებლებს დავალებებს აძლევდნენ. თავის მხრივ, ამ ადამიანებს დავალებას აძლევდა ციხის უფროსი ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც ადამიანების წამებასა და გაუპატიურებას მეგის ქარდავა ავალებდა, ხოლო მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას სურვილების უსიტყვო შემსრულებელი იყო. ასეთი სქემა მოქმედებდა. ამას ადასტურებს მოწმე ლონდარიძის ჩვენება, რომელიც ყვება ასეთ ამბავს:
ლონდარიძეს ქალაქ რუსთავში ჰქონია მიწის ნაკვეთი, რომელიც საპატრულო პოლიციას ესაზღვრებოდა. ერთ დღეს ტელეფონზე მასთან ვიღაცას დაურეკავს და უკითხავს, რომ სახელმწიფო მიწის ნაკვეთით დაინტერესდა და ხომ არ გაყიდდა, მაგრამ ლონდარიძეს უარი განუცხადებია. ზარი ისევ განმეორებულა, მაგრამ ოჯახმა ნაკვეთი არ გაყიდა. ბოლო საუბრის შემდეგ იგი სამხედრო პოლიციაში დაიბარეს (ლონდარიძე სამხედრო პირი გახლავთ. _ ე.ნ.), სადაც მეგის ქარდავა დახვდა და ზუსტად იმ თემაზე გააგრძელა საუბარი, რითაც სატელეფონო საუბარისას დაინტერესდა. ლონდარიძემ მასაც უარი განუცხადა მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის მიყიდვაზე, რადგან ნაკვეთი დედამისს ეკუთვნოდა.
ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: ლონდარიძეს სამხედრო სასწავლებელი რუსეთში ჰქონდა დამთავრებული. იგი სოციალურ ქსელებში დამეგობრებული იყო რომელიღაც სამხედროების ჯგუფთან, რაც მისი დაპატიმრების მიზეზი გახდა. ლონდარიძე დააკავეს და სამხედრო პოლიციაში მიიყვანეს, ჩამოართვეს ტელეფონი და სერგო თეთრაძისა და რამდენიმე ადამიანის ნომერი ამოიწერეს. იმავე დღეს, გამთენიისას რამდენიმეკაციანი ჯგუფი თეთრაძის ბინაში შევარდა ისე, რომ არაფერი აუხსნიათ, თუ ვინ იყვნენ, ჩხრეკა ჩაატარეს და ოჯახის უფროსი დააპატიმრეს. ეს იყო 2011 წლის 17 სექტემბერს, იმ დღეს თეთრაძეს დაბადების დღე ჰქონდა.
ლონდარიძის ჩვენებიდან ნათლად ჩანს, რომ მას, რასაც ეტყოდნენ ახალაია და ქარდავა, ის უნდა დაეწერა და ისე უნდა მოქცეულიყო, თუ უნდოდა, რომ ყველაფერი კარგად წასულიყო, ანუ გაეთავისუფლებინათ. ლონდარიძემ, როგორც თავად აცხადებს, წამებას ვერ გაუძლო. მას სასტიკად უსწორდებოდა «ქილერა» _ გლდანის მე-8 საპყრობილის უფროსი ალექსანდრე მუხაძე, მაგრამ ამას კიდევ აიტანდა, რომ არა ის საშინელება, რომლითაც მას მეგის ქარდავა დაემუქრა – ახლა «მეტრაკეს» დავუძახებ და ვნახოთ, რას იზამო და შარვლის ჩახდა უბრძანა. ამის შემდეგ ლონდარიძე ყველაფერზე დათანხმდა. იმის გამო, რომ მას ცოტა გულზე მოშვებოდა და თავი მსუბუქად ეგრძნო, მუხაძემ ნარკოტიკი გაუკეთა. ცოტა ხანში კი რესტორან «ლორდში» წაიყვანეს, სადაც მოხდა ვინმე ტიმოშუკისა და ლონდარიძის შეხვედრა და იმ «ფლეშკის» გადაცემა, რომელზეც თითქოს თეთრაძისა და რამდენიმე ადამიანის ჯაშუშობის ფაქტები იყო აღწერილი. რესტორანი «ლორდი» იყო ის ადგილი, სადაც ყველა ბინძური საქმე იგეგმებოდა, თუ ვინმეს გაფუჭება, ჩაწერა, შანტაჟი უნდოდათ.
ეს ლონდარიძის ჩვენებაა და ნათლად ჩანს, რომ სერგო თეთრაძეს, გარდა იმისა, რომ ლონდარიძის ტელეფონში ნახეს მისი ნომერი, სხვა ბრალეულობა არ ჰქონდა და ამ დრომდე ბრალეულობა ჯერ არ დამტკიცებულა. უდანაშაულო თეთრაძე დააპატიმრეს, ოჯახს მსგავს საქმეებში გამოცდილება არ ჰქონდა, ადვოკატად თამარ იასაშვილი დაიქირავეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აღმკვეთ ღონისძიებას დაეწრო. აღმკვეთი ღონისძიება მეორე დღესვე გაიმართა საქალაქო სასამართლოში, სადაც სერგო თეთრაძე უკვე სასტიკად ნაცემი იყო და სილურჯეები გრიმით ჰქონდა დაფარული. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ ლონდარიძემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა. სასამართლო პროცესის შემდეგ თეთრაძე გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს. პატიმრის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც საპყრობილეში იყო, მას თეთრაძის ნახვის საშუალება არ მიეცა. ორშაბათს მიყვანილი პატიმარი პარასკევს გარდაიცვალა. იმ ერთადერთი შემთხვევის დროს, როდესაც ადვოკატმა პატიმარი ნახა, თეთრაძემ სთხოვა, ჩემს ოჯახს გადაეცით, იქნებ ბაჩო ახალაიასთან მიმსვლელი ვინმე გამონახონ, რომ აღარ მაწამონო, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახს არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც ახალაიასთან მივიდოდა.
_ ვინ არიან უშუალო შემსრულებლები, რომლებიც უკვე გასამართლდნენ და რას ყვებიან ისინი?
_ ესენი არიან პატიმრები: ალექსანდრე ტერაშვილი და თამაზ სისაური, რომლებიც ყვებიან, რომ ისინი ისხდნენ «ქათმების» კამერაში, «ქათმები» დაყოფილნი იყვნენ აქტიურებად და პასიურებად, ზემოთ აღნიშნული პატიმრები აქტიურთა ჯგუფს განკუთვნებოდნენ, რომლებიც ეტაპობრივად ასრულებდნენ ციხის ხელმძღვანელების დავალებებს, ისინი ხან სისხლის გუბეებს რეცხავდნენ, ხან პატიმრებს აუპატიურებდნენ. ერთ დღეს ჭეიშვილმა, ფაცაციამ და მუხაძემ მათ უთხრეს, რომ შემოიყვანდნენ მამაკაცს, რომელიც უნდა ეცემათ და, რასაც ეტყოდნენ, ის უნდა გაეკეთებინათ. ჩვენებიდან ირკვევა, რომ ძალიან უმოწყალოდ სცემეს, რასაც ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი ტელეფონით იღებდა. როგორც ჩვენებიდან ირკვევა, ეს არის ლადო ბედუკაძე, მას ჰქონდა დავალებული, რომ აღებეჭდა ფირზე ასეთი ფაქტები, რაც შემდგომში ციხის ხელმძღვანელებს შანტაჟისთვის სჭირდებოდათ. შემსრულებლები _ ტერაშვილი და სისაური აცხადებენ, რომ მათ პოლკოვნიკი თეთრაძე არ გაუუპატიურებიათ და მხოლოდ აქტი დააფიქსირეს. დაცვის მხარე იყენებს იმ ფაქტს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თეთრაძის სხეულზე სპერმის კვალი არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან შესაძლებელი იყო, რომ აქტი არ ყოფილიყო დასრულებული, თანაც ეს ადამიანები ხომ ხელკეტებითაც კარგად ახერხებდნენ ადამიანების გაუპატიურებას.
_ გისმენთ და ვერ მივხვდი, რაში მდგომარეობს თეთრაძის ან ლონდარიძის ბრალეულობა? ლონდარიძე, თავის მხრივ, თეთრაძის წინაშეა დამნაშავე, მაგრამ მისი დაკავებისა და წამების მოტივს ვერ მივხვდი. ნუთუ რუსთავში არგაყიდულ მიწის ნაკვეთს მოჰყვა ყველაფერი?
_ როგორ გითხრათ, ლონდარიძის ტელეფონში რომ თეთრაძის ნომერი არ ენახათ, მისი არსებობა არავის ახსოვდა. ლონდარიძისადმი ინტერესი კი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მისი მიწის ნაკვეთით დაინტერესდნენ. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.
არ შემიძლია თქვენთან საუბარი ისე დავასრულო, რომ არ ვთქვა ყველაზე მთავარი, თუ რა მდგომარეობაშია თეთრაძის ოჯახი. სასამართლო პროცესზე, სადაც დაღუპულის ერთადერთი ვაჟი იჯდა, ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა თეთრაძის მეუღლეს მიმართა: თქვენ რა უფრო გაინტერესებთ _ გაუპატიურების შემსრულებლები დაისაჯონ თუ დამკვეთებიო. იმ წუთას ყველას შეზარავდა თეთრაძის არასრულწლოვანი შვილის თვალების დანახვა. ძალიან ძნელია, შვილებს აუხსნა ის, რომ მამა ჯაშუში არ იყო და რომ ეს ადამიანები თავად იყვნენ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მტრები. მინდა ყველას, პირველ რიგში კი, ადვოკატებს, ვისაც არ უნდა იცავდნენ ისინი და რა თანხასაც არ უნდა იღებდნენ, ვუთხრა: შვილებთან ფრთხილად იყვნენ.
_ საუბარს ისე ვერ დავასრულებთ, რომ მერაბიშვილზე არ გკითხოთ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დაკავებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. «ნაციონალების» მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მერაბიშვილის დაპატიმრება სამართლიანობის აღდგენაა. როგორ ფიქრობთ, უნდა დაეპატიმრებინათ თუ არა მერაბიშვილი?
_ რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საუბარი, ადამიანი, რომლის სახელსაც ეწერება ისეთი სასტიკი ქმედებები და დანაშაულები, როგორიც არის: 7 ნოემბერი, 6 მაისი, 26 მაისი, გირგვლიანის მკვლელობა, ვაზაგაშვილის დახვრეტა და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოთვალო. წლების განმავლობაში ზემოჩამოთვლილი ადამიანები, მერაბიშვილიც მათთან ერთად, ადამიანებს ღირსებას ჰყრიდნენ, საქმეებზე, რომლებზეც ადვოკატები გამუდმებით ვსაუბრობდით და თავს საფრთხეში ვიგდებდით, რეაგირების მოხდენა პირდაპირ ვანო მერაბიშვილის პრეროგატივა იყო. ჩვენზე, ვინც ხმის ამოღებას ვბედავდით, ზეწოლა ხორციელდებოდა, გვაშინებდნენ, გვემუქრებოდნენ, ადვოკატებს აპატიმრებდნენ. «ნაციონალებს» ცხრაწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 172 ადვოკატი ჰყავთ დაპატიმრებული, მაშინ, როდესაც კომუნისტებს 70 წლის განმავლობაში მხოლოდ 32 ადვოკატი ჰყავთ გასამართლებული.
არამარტო მერაბიშვილი, ოქტომბრის შემდეგ ხალხი ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას ელოდებოდა. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს არის კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული ადამიანების დაპატიმრების მოთხოვნა. ყველა დიდ დანაშაულში ქვეყნის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. მაინტერესებს, რატომ არ დგება ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ და რის ფასად იტანდა ეს ქალი იმას, რაც ციხეებში ხდებოდა. ციხეში პატიმრების გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული. თუ ახალი ხელისუფლება ყველა ასეთ ფაქტს არ გამოიძიებს, არ ვიცი, რა განსხვავება იქნება ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის. კოაბიტაცია ხალხის მოთხოვნა არ არის.
P.S. დავით ლონდარიძის ჩვენებიდან ნათლად ჩანს, რომ სამხედრო პირების ჯაშუშობის ამბავი, რომელსაც სერგო თეთრაძის სიცოცხლის ხელყოფა მოყვა, რუსთავში არგაყიდული მიწის ნაკვეთის გამო აგორდა, ნაკვეთის, რომელიც საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. თუ გამოძიება ლოგიკურად მოჰყვება საქმის ვითარებას, შესაძლებელია, რომ «სახელმწიფო, რომლის ინტერესშიც» ლონდარიძის მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა, სინამდვილეში იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.