იბრაჰიმოვიჩი:

იბრაჰიმოვიჩი: "როცა ვთქვი, რომ "მილანს" მწვერვალზე დავაბრუნებდი, გაიცინეს, ახლა სკუდეტო მოვიგეთ"

„მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა და სკუდეტო მინო რაიოლას მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

როგორც 40 წლის შვედმა განაცხადა, მან „მილანში“ დაბრუნებისას თქვა, რომ „მილანს“ მწვერვალზე დააბრუნებდა და სიტყვა შეასრულა.

„ეს ჩემი ყველაზე დიდი სიხარულია. როცა აქ დავბრუნდი, პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ „მილანს“ მწვერვალზე დავაბრუნებდი. მაშინ ბევრმა გაიცინა, მაგრამ ახლა აქ ვართ და სკუდეტო მოვიგეთ. ჩვენ ბევრი მსხვერპლი გავიღეთ და ვაჩვენეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

წელს ბევრი პრობლემა მქონდა, უახლოეს დღეებში ვისაუბრებ მომავალზე, ახლა უბრალოდ მინდა ამ თასით დავტკბე. როცა მოვედი, „მილანი“ სხვა გუნდი იყო, ახლა სხვა გუნდია. რაც შემეძლო, ახალგაზრდებს გადავეცი, ყველაფერი გავაკეთე საიმისოდ, რომ გუნდს მოედნის მიღმაც დავხმარებოდი. მათ სჭირდებოდათ წინამძღოლი, მეც ჩამოვედი, ეს გავაკეთე და გავიმარჯვეთ.

მწვრთნელმა შესანიშნავად იმუშავა. ყველა აქ იყო ორი წლის წინაც, მაგრამ ბევრი ვიმუშავეთ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. მწვრთნელი დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებდა, რაც ბოლო თვეებში ცოტა სტრესული იყო, მაგრამ მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. არ შეიძლება ამ გუნდის და 2011 წლის გუნდის შედარება. მაშინ „მილანი“ 22 ჩემპიონით იყო დაკომპლექტებული, ახლა სხვაგვარი სიტუაციაა. ბოლო მატჩი? თავს თუ კარგად ვიგრძნობ, ეს არ იქნება ჩემი ბოლო მატჩი.

გამარჯვებას მინო რაიოლას ვუძღვნი. მე ახლოს ვიყავი „ნაპოლიში“ გადასვლასთან, შემდეგ ის მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მხოლოდ მე შემეძლო „მილანის“ გადარჩენა. ახლა ცოცხალი რომ იყოს, მეტყოდა, კიდევ 10 წელი მეთამაშა და ფული მოგვეპარა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი მეორედ გახდა. ის გუნდის ლიდერი იყო 11 წლის წინაც, როცა „როსონერის“ ამ ტრიუმფამდე ბოლო სკუდეტო ჰქონდა მოგებული.