ყოფილი პროვოკატორები არ არსებობენ

ყოფილი პროვოკატორები არ არსებობენ

ყოფილი „დანოსჩიკები“ ან ყოფილი პროვოკატორები არ არსებობენ! პრაქტიკამ ცხადყო, ისინი ყველა ხელისუფლებას ჭირდება და ისინი ყველა ხელისუფლების პირობებში სტატუსის შესაბამისად კარგად გრძნობენ თავს! მთავარი – სად წავიდნენ ნაციონალური პროკურატურის და პოლიციის აგენტებად მონათლული ჩამშვებები და რა ვითარებაში „მოღვაწეობენ“ ისინი დღეს? პირველად ოფიციალურად, ანუ ქაღალდზე, „ჩამშვებების ინსტიტუტი“ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის ჟამს დაფიქსირდა. თავის დროზე როცა კონრტოლის პალატამ სააკაშვილის მინისტრობის პერიოდი შეამოწმა, დასკვნაში ჩაწერილი იყო აბზაცი, რომლითაც გაირკვა რომ იუსტიციის მინისტრმა სამინისტროში შექმნა საიდუმლო განყოფილება რაც ათობით ათასი ლარი დაუჯდა სახელმწიფოს, როგორც ხელფასის ასევე სატელეფონო საუბრების „ნაწილში“. დღემდე არავინ იცის ისინი რას აკეთებდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის ვინაობა ცნობილია. ბევრი „ძიების“ მიუხედავად გასაგები მიზეზების გამო, არც მაშინ და არც შემდგომ პერიოდში არავის გახსენებია და არც არავის შეუწუხებია თავი გაერკვიათ და დაედგინათ სააკაშვილი ვის უხდიდა ხელფასს და რაში? დრომ წარსული ჩარეცხა და ზედაპირზე დარჩა მაგალითად სოსო თოფურიძე, ძმები ახალაიები და კიდევ რამდენიმე პირი, რომელთაც ფეხი სწორედ მაშინ აიდგეს. ისინი, ვინც დროის კიბემ მაღლა ვერ აიყვანა, ზედაპირზე „ნავში მსხდომთა“ ხელის ბიჭებად იქცნენ. საქმე ზოგადად აგენტურულ ქსელში (კლასიკური გაგებით) კი არაა, საქმე ეხება იმ ადამიანებს ვისი „მუშაობის“ შედეგად თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა ასობით ადამიანი დააკავეს. სქემა იყო ასეთი: პირი მიდიოდა ამა თუ იმ თანამდებობის ადამიანთან, რომელზედაც „ზემოდან“ მოდიოდა დავალება და დანაშაულის პროვოცირებას ახდენდა. თუმცა „უარესი შემთხვევებიც“ არსებობდა, მაგალითად ისეთი როცა „თევზი ანკესს არ წამოეგებოდა“, არშემდგარი დანაშაულის შემთხვევაში „აგენტი“ სასამართლოზე გამოდიოდა მოწმედ, ხოლო ისინი ვისაც ეს ხელეწიფებოდათ „აპრავებდნენ“ არჩადენილს. სწორედ ამ გზით „ჩადენილი დანაშაულის“ „პიარშიკი“ იყო თავის დროზე სოსო თოფურიძე, თორემ მისი დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაცია იდეაშიც კი სასაცილოა, არამთუ პრაქტიკაში. რა ხდება ახლა? გასაგებია რომ როგორც ასეთი „სოსო თოფურიძის ინსტიტუტი“ არ არსებობს, არც სატელევიზიო დაჭერების მომსწრენი ვართ და არც ბითუმად აკავებენ ადამიანებს და იდეაში ის პირებიც ვინც დანაშაულის პროვოცირებისთვის იყვნენ საჭირო „სანაგვეზე უნდა მოესროლათ“.

ერთი გაუხმაურებელი საქმის დეტალები

„primerinfo.ge “-ს ერთი საქმის მასალები ჩაუვარდა ხელთ, ეს არის სისიხლის სამართლის საქმე ნომერი 092200413001. დანაშაულის გარემოება: ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის მიერ ქრთამის აღების ფაქტი. გამომძიებელი დავით არდაზიშვილი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე (ლექსო) დალაქიშვილს პატაკით მიმართავს მეორე სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ზაალ ტყეშელაშვილი, თავისი უფროსის გიორგი ბადაშვილის მეშვეობით. ანუ, გასაგებად და მარტივად რომ ვთქვათ „დიდ უფროსთან“ შუამავალი რგოლი ინსპექტორისთვის მისი უშაულო უფროსია. მოკლედ, „პატარა“ „დიდს“ საქმის კურსში აყენებს: მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ირკვევა რომ ქარელის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს ქრთამის მოთხოვნას და აღების ფაქტს და აკონკრეტებს რომ გამგებელი ივანე ოსაძე, ყინწვისში მდებარე სკოლის იჯარით გადაცემისათვის მოქალაქე რუსლან მამედოვს ქრთამის სახით 7 ათას დოლარს სთხოვს. ამჯერად საქმის დეტალებს არ ჩავუღრმავდებით, არ ვიკითხავთ რა ბიზნესინტერესი უნდა ქონოდა ყინწვისში მამედოვს და არც იმას ვიტყვით რომ 7 ათასი დოლარი ერთი სკოლა კი არა მთელი სოფელი რომ არ ღირს. ეჭვი არ შეგვეპარება პატაკში მოყვანილ ფაქტზე „იკვეთება ქრთამის აღების ნიშნები“, არადა სწორედ ამ ერთ ფრაზაშია ამ საქმის მთელი არსიც და ინტრიგაც. ზეპირი ცნობის მიღების შესახებ ოქმში ზაალ ტყეშელაშვილი წერს რომ თურმე მას 2013 წლის 20 აპრილს დილით 10სთ და 05 წთ-ზე მამედოვი შეხვდა და უთხრა რომ გამგებელი მას ქრთამს სთხოვდა. გამომძიებელი არ დაინტერესებულა ვინ იყო მამედოვი და რა ინტერესი უნდა ქონოდა ყინწვისში, არც ფულის წარმომავლობით დაინტერესებულა და არც იმით რა ბიზნესი უნდა ეწარმოებინა მამედოვს კაცთაგან დავიწყებულ სოფელში. მაგრამ გამომძიებელმა უტყუარად მიიჩნია მამედოვის შეტყობინება და კვალს მიყვა. საბოლოო ჯამში მამედოვის ნაკვალევზე „ქრთამის მოთხოვნისა და აღების ნიშნები“ რათქმა უნდა „აღებაში“ გადაიზარდა (სხვა უფრო კონკრეტულ დეტალებზე, მასალას იხილავთ გაზეთ „ქრონიკა+“-ში).

ეს არის ჩვეულებრივი საქმე, რომლის მსგავსიც არა ერთხელ გვინახავს ნაციონალურ სინამდვილეში, პათეტიკით – ჩვენიანი დამნაშავეც დაისჯება! კონკრეტულ შემთხვევაშიც „ნაციონალური სიმღერა“ გადაამღერეს და გამგებელი დაკავებულია. მაგრამ სად არის ძაღლის თავი დამარხული და რატომ მიიქცია ამ საქმემ ჩვენი ყურადღება. საქმე ისაა რომ მამედოვისთვის, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი, ეს არ არის პირველი „ზარალი“. ის ჯერ კიდევ მერაბიშვილის და ადეიშვილის პერიოდიდან იყო არა ერთ საქმეში „დაზარალებული“. გასახსენებლად ერთი მაგალითიც კმარა, მამედოვი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის ალი ბაბაევის მეუღლემაც „დააზარალა“, რის გამოც ეს ქალბატონი დაკავებულიც იყო. ბოლოსდაბოლოს ვინაა რუსლან მამედოვი ბიზნესმენი (ამ სტატუსით გაეცნო ოსაძეს) პროვოკატორი თუ დაზარალებული? რატომ ფიგურირებდა მისი გვარი არა ერთ საქმეში? ვისთვის მუშაობდა ის? საქმე ისაა რომ ყველაფერი ერთი კაცის მუშაობის სტილს უკავშირდება და ეს ერთი კაცი „მთლად უფროსია“. „წინა ცხოვრებაში“ ალექსანდრე (ლექსო) დალაქიშვილი ქვემო ქართლის ფინანსური სამსახურის უფროსი იყო, მიუხედავად იმისა არა ერთი ადამიანი აცხადებდა რომ ის „ნაციონალური სამზარეულოს“ „ღირსშესანიშნავი წევრი“ იყო, არჩევნების შემდეგ „ღვაწლი“ დაუფასეს და დააწინაურეს. უცებ დაავიწყდა ყველას რომ დალაქიშვილი ვაჟა ლელუაშვილის კადრად მოიაზრებოდა და ქვემო ქართლში ბიზნესს სწორედ ის აკონტროლებდა. იმ საქმეებში რაც „ნაციონალურ სიამტკბილობისას“ დალაქიშვილის მიერ ბიზნესმენების (და არა მარტო მათი) წინააღმდეგ იკერებოდა ყველგან აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანები არიან „დაზარალებულები“, ბევრ საქმეში კი მამედოვი. რა ხდება ახლა? თუ დალაქიშვილი „კაი ბიჭია“ მისი პროვოკატორები რატომ იქნებიან ცუდები? ისინი ისევ „დაზარალებულებად“ რჩებიან და ალბათ ასე იქნება მანამ ვიდრე ვინმე არ დაინტერესდება რა დევს ამ და მსგავსი საქმეების უკან…