“ეს არის ძალიან დიდი ხიფათის შემცველი ქვეყნისთვის..”“ახლა ვთქვათ, რა მოხდა თბილისის გარეუბანში..”

“ეს არის ძალიან დიდი ხიფათის შემცველი ქვეყნისთვის..”“ახლა ვთქვათ, რა მოხდა თბილისის გარეუბანში..”

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ფონიჭალაში მეჩეთი შენდება, ეს თემა დღემდე გაუხმაურებელია. რა საფრთხეები არსებობს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით და რა ზიანი შეიძლება მიადგეს საქართველოს?
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამ საკითხს “ალიასთან” ინტერვიუში ასაბუთებს:
_ ფონიჭალაში მეჩეთის მშენებლობას დღემდე ხმაური არ მოჰყოლია, რატომ მოხდა ამ თემის შემოპარება და ყურადღების მოდუნება.
_ საქმე მდგომარეობს შემდეგში, _ ამ ყველაფერს აქვს პრეისტორია და გთხოვთ, რასაც მოგიყვებით, დაბეჭდოთ.
თავის დროზე, 90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ გზა გაუხსნა სხვადასხვა ისლამისტურ დაჯგუფებებს იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობებისთვის ხელი შეეშალა. 1995 წელს დაღესტანში ჩამოვიდა პიროვნება, რომელიც დღეს “ალ-ქაიდას” ლიდერია. ეს გახლავთ ელ-ზახრაი. ის არის არაბი, მაშინ გაჩნდა ტერმინი “ვაჰაბიტი”. შემოიყვანეს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალურ ისლამს ქადაგებდნენ და რომელიც პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებოდა. უნდა ითქვას, რომ 1995 წელს საქართველოში პანკისის ხეობაში პირველად გამოჩნდა არაბი მოლა. მაშინ ამას ქართული სპეცსამსახურების მხრიდან დიდი ყურადღება არ ექცეოდა, ვაჰაბიზმი უცხო ხილი იყო და განსაკუთრებული აგრესიით საქართველოში არ გამოირჩეოდა, მაგრამ, როგორც კი ჩეჩენი ლტოლვილები გამოჩნდნენ პანკისის ხეობაში, ვაჰაბიზმი უფრო მეტად გავრცელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯერ სცადეს ტრადიციული ისლამის მეჩეთიდან გამოეგდოთ მოლები, როცა ეს არ გამოუვიდათ, ახალი მეჩეთი ააშენეს და დღეს პანკისში ორი მეჩეთია. იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში მდგომარეობა ეკონტროლებინათ, დასაყრდენად ვაჰაბიტები შეარჩიეს.

საქართველოს ხელისუფლება პროფესიონალებს კი არ ეყრდნობოდა, არამედ ეყრდნობოდა ძალას. ისინი იყენებდნენ შანტაჟს, ყველა ბინძურ მეთოდს. ამ იდეოლოგიის გამტარები ხეობაში იყვნენ ძმები ლორთქიფანიძეები, შემდგომში ერთი ძმა გახდა ვანო მერაბიშვილის მოადგილე, მეორე კი _ კახეთის უშიშროების უფროსი. შემდგომ, ნელ-ნელა ამ მიმდინარეობამ ფეხის მოკიდება დაიწყო ქვემო ქართლში. იქ არის ასეთი სურათი _ იქ სახელმწიფოებრივ დონეზე ებრძვის ერთმანეთს აზერბაიჯანული და ირანული გავლენა. თავის დროზე იყო თურქული გავლენაც, მაგრამ ახლა შევიწროებულია, მიუხედავად იმისა, რომ თურქული მიმდინარეობის წარმომადგენლებიც არიან ქვემო ქართლში, ვგულისხმობ სუნიტებს. რომ იცოდეთ, ქვემო ქართლი ძირითადად არის შიიტური, მუსლიმანური რელიგიის იმ ფრთის მიმდევარი, რომელიც დომინანტურია ირანში. ამ დროს თვითონ აზერბაიჯანელები არიან თურქმენული ტომი. პარადოქსულია, წესით, პროთურქული უნდა იყოს, მაგრამ რელიგიის თვალსაზრისით ირანისკენ იხრება. საბოლოო ჯამში, ქვემო ქართლში ერთმანეთს ებრძვის შიიტური აზერბაიჯანი და შიიტური ირანი. მათი ბრძოლა გავლენებისთვის ქვემო ქართლში ძალიან რთული თემაა, რადგან ირანსა და აზერბაიჯანს შორის არის უაღრესად რთული ვითარება. როგორც ჩანს, ირანელები ცდილობენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მეშვეობით იქაურ სიტუაციაზე ზემოქმედება მოახდინონ. ამ ყველაფერს ქვემო ქართლში დაერთო ვაჰაბიტების მომძლავრება.

ახლა ვთქვათ, რა მოხდა თბილისის გარეუბანში _ ფონიჭალაში. იქ ცხოვრობენ ძირითადად შიიტი აზერბაიჯანელები, უცებ იქ შეიქმნა თემი, სახელად “მუსლიმანური თემი” დაირქვეს, მიმართეს მერიას განცხადებით, _ გვინდა ავაშენოთ სამლოცველოო. საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს ამის უფლება. ამ ფაქტმა გამოიწვია იქაური შიიტების აღშფოთება. ბუნებრივიცაა, რადგან მათთვის ვაჰაბიზმი არის აბსოლუტურად მიუღებელი. როდესაც ეს დოკუმენტი ვნახე, რომელიც თქვენს გაზეთში გამოქვეყნდება, იქ წერია ძალიან საინტერესო რამ. მერიამ იურიდიულ პირს მისცა მშენებლობის უფლება, აქედან გამომდინარე, ეს კერძო სახლი ვერ იქნება, როგორც მერია იმართლებს თავს, რომ ჩვენ კერძო სახლის მშენებლობის უფლება მივეცითო. ეს არის იურიდიული პირისთვის გადაცემული შენობა. სინამდვილეში, ისინი აშენებენ მეჩეთს. მთავარი ის არის, რომ ეს მერიის მხრიდან შეგნებულად გაკეთებულია იმისთვის, რომ სიტუაცია აერიათ, ან მათ თანხმობა უცოდინრობით მისცეს. თუ არ იცი, შე დალოცვილო, რაზე გასცემ ნებართვას, იკითხე მაინც... ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის მუფტი ქამილ მამედოვი. ასეთი ტერმინი შიიზმში არ არსებობს, ეს არის შეიხი. აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან ფაქიზი, ეს არ არის უწყინარი რომელიღაც სექტა, რომლის არსებობაც პრობლემას არ ქმნიდეს, ეს არის ვაჰაბიტური ორგანიზაცია. ვაჰაბიტმა მცოცავი ფორმატით ქვემო ქართლში მოიკიდა ფეხი. მე ყოველთვის ვამბობდი, პანკისის ხეობა იყო დასაწყისი და ეს აუცილებლად გაგრძელდებოდა. ჩვენს წინ არის სურათი, რა დღეში ჩააგდო ვაჰაბიზმმა ჩრდილოეთ კავკასია, ვაჰაბიტებმა პირველი რაც გააკეთეს, ადგილობრივი ისლამის მიმდევრებს გაუჩაღეს ომი. როგორც კი ისინი დაამარცხეს, უკვე გადავიდნენ საერო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი ხიფათის შემცველი ქვეყნისთვის. სხვათა შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მოგვიწონებენ, რომ ასე უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული ეს ყველაფერი.

_ კი მაგრამ, უშიშროება ხომ აკონტროლებს ვაჰაბიტებს ქვემო ქართლში და მთლიანად საქართველოში?
_ კონტროლი საკმარისი არ არის, კარგად უნდა გესმოდეს ისლამური რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობა და არა მხოლოდ აკონტროლო, უნდა იცოდე, ვინ ვის უკან დგას, რომ სიტუაციის ლიკვიდაცია მოახდინო. მხოლოდ კონტროლი ამ საქმეს არ შველის.
_ აზერბაიჯანულ პრესაში გამოჩნდა სტატია სათაურით: “ირანი აზერბაიჯანს ბორჩალოდან დაარტყამს”, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სტატიაში წერია: საქართველოში მომუშავე საზოგადოება “აჰლუ-ბეითი”, ბორჩალოში ირანის პროპაგანდითაა დაკავებული, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყოფილი იყო ფინანსები რამდენიმე აზერბაიჯანელი კანდიდატის პარლამენტში მოსახვედრად. ერთმა შეძლო პარლამენტში მოხვედრა, იგი პარტია “ქართული ოცნებიდან” გახდა დეპუტატი. ირანის პროპაგანდისთვის ფული გადმოირიცხა და გასულ წელს ათასობით ბორჩალოელი ახალგაზრდა ირანში სასწავლებლად გაუშვეს, თბილისში კი ირანიდან შემოსული თანხით აშენდა “აჰლუ-ბეითის” ოფისი. რა ხდება, ბატონო მამუკა, რა ოფისია ეს და რა საქმიანობას ახორციელებს თბილისში? ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა ემზადება ირანზე დასარტყმელად, თბილისში კი ირანული ორგანიზაციები შემოდიან და საქმიანობენ.
_ მოსკოვი დაინტერესებულია, აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმი შეიცვალოს. ამისთვის მოსკოვში შეიქმნა მილიარდერთა კლუბი, გაწევრიანდნენ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანელი მილიარდერები და სწორედ მათი ხელდასმით შეიქმნა ეს კლუბი, სხვანაირად ამას ჰქვია “აზერროსს”. მათი ამოცანაა გავლენებისთვის ბრძოლა. ხედავთ, რა ამბავია ქვემო ქართლში ატეხილი? შიიტები, სუნიტები, ვაჰაბიტები და პლუს, მილიარდერთა კლუბი. ესენი იბრძვიან გავლენებისთვის, ეს პროცესი პრაქტიკულად, მიშვებულია. მე არ ვიცი, ამას უშიშროების სამსახური რამდენად აკონტროლებს, ვითომ წინა წლებში ხელში ეჭირათ რეგიონი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაჯგუფებები მომძლავრდნენ და გაფართოვდნენ. “აჰლუ-ბეითის” ოფისი განლაგებულია თბილისში, ჟანრი კალანდაძის ქ. #14-ში. ეს არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია, უფრო კონკრეტულად ისლამის საგანმანათლებლო ორგანიზაცია. მე რომ ვთქვა ეს ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაშია შემჩნეული, იქნება ტყუილი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ირანელები ძალიან დელიკატურად იქცევიან საქართველოს მიმართ, მაგრამ რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, თავიანთი გავლენებისთვის გამოიყენონ ეს ხალხი. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩევიან, პროცესები რომ იყოს ღრმად შესული, ინტერვიუს არც მოგცემდით, ყვირილს ავტეხდი შესაბამის კაბინეტებში, რადგან ვიცი, შესაძლოა, საზოგადოებრივ დონეზე ამას ეშველოს, ამიტომაც გაძლევთ ინტერვიუს.

მართალია, ირანი დელიკატურია საქართველოს მიმართ, მაგრამ ყველა ქვეყანა ჩვენს ქვეყანაში ცდილობს თავისი გავლენის მოპოვებას, ასეა რუსეთი, ასეა ამერიკის შეერთებული შტატები, ასევეა თურქეთი და ასევეა ირანი, ასეა ჩვენი მეზობელი სომხეთი. ყველა სხვა იბრძვის გავლენებისთვის, ზოგს ინტერესები აქვს საქართველოში, მარტო ჩვენ ვართ დეგენერატები. რადგან ჩვენ ვერ ვახერხებთ თუნდაც ჩვენი დიასპორების ორგანიზებას, თუნდაც რუსეთში, თურქეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვა.

_ და მაინც, ფონიჭალაში მეჩეთი, რომელიც შენდება, კონკრეტულად, რა საფრთხეების მატარებელი შეიძლება გახდეს, უფრო მკაფიოდ რომ გვითხრათ.
_ მეჩეთი ჯერ დასრულებული არ არის, აყვანილია კედლები, გაკეთებულია გუმბათი, ერთი რამ მინდა ვთქვა, _ მე საერთოდ მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არ ვარ და არც ვიქნები, ეს კონკრეტული მეჩეთი კი არ შეიცავს საფრთხეებს, საქმე ისაა, რომ საფრთხის მატარებელია ის სავარაუდო დაპირისპირება, რომელიც ადგილობრივ შიიტებსა და ვაჰაბიტებს შორის შეიძლება მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე. ხვალ თუ ვაჰაბიტებმა ეს ისლამის სახლი აქციეს თავის ფორპოსტად, დღეს იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, ხვალ პოლიტიკური დებატების ადგილი, ზეგ იარაღის შესანახი. ასეთი რამ ჩეჩნეთმა და დაღესტანმა უკვე გაიარა.

საერთოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა, _ საქართველოში თუ არსებობს ისლამი, ესე იგი ის არის საქართველოს რელიგიური კულტურის ნაწილი და თუ ეს ასეა, მაშინ ახალგაზრდობა სხვაგან კი არ უნდა დადიოდეს განათლების მისაღებად, საქართველოშივე უნდა სწავლობდეს, როგორც სწავლობს ქრისტიანი ახალგაზრდა სემინარიაში, ისე უნდა სწავლობდეს საქართველოში აშენებულ მედრესში მუსლიმანი ახალგაზრდა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ამ კუთხით ყურადღება გაამახვილოს. გარდა ამისა, საჭიროა მოხდეს სერიოზული რეორგანიზაცია საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოში, ამას ითხოვს მუსლიმანური მოსახლეობა, რომ არ იყოს იქ ისეთი პიროვნება, როგორიც არის ვაგიჰ აკბეროვი, მთავარი შეიჰი, რომელიც არის ცარიელი ადგილი, არავითარი ავტორიტეტი არ აქვს, ის იყო მიმაგრებული წინა ხელისუფლების უშიშროებაზე, ზის მარტო მეჩეთში და არავის უშვებს, თბილისის მეჩეთს ვგულისხმობ. აქედან გამომდინარეა, რომ აზერბაიჯანის სოფლებში ჩნდება სხვა კერები, უკონტროლო კერები რელიგიური სახლებისა.