"2004-2012 წლებში მმართველი პარტიის ხელში საქართველოს სპეცსამსახურები პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად და პოლიტიკური სისტემის ნაწილად იქცნენ. ახალ ხელისუფლებას ბევრი პრობლემა დახვდა. წლები გადის და მდგომარეობა არ იცვლება. დაფინანსების მრავალჯერად გაზრდას ჩვენ სპეცსამსახურებში ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის დემოკრატიული და პროფესიონალური ცვლილება არ მოუტანია. საზოგადოების მიერ სპეცსამსახურების გაკონტროლების მოთხოვნა კვლავ რჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". საქართველოს სპეცსამსახურების რეფორმირების ძირითადი მიმართულებები საკმაოდ ბევრია და აერთიანებს საკანონმდებლო, სტრუქტურული და ფუნქციონალური სახის ცვლილებებს, საკადრო და საფინანსო უზრუნველყოფის არსებული სისტემის დახვეწის საკითხებს და ა.შ. მთავარია, იმ ამოცანის გადაწყვეტა, რომ სპეცსამსახურები რომელიმე მმართველი რეჟიმის ექსკლუზიურ დაქვემდებარებაში კი არ იყვნენ, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისთვის იბრძოდნენ", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (ივნისი, 2013 წელი) სტატიაში სათაურით "ქართული სპეცსამსახურების მოჯადოებული წრე".
"რა ხდება შსს-ში? პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე გაუმჭვირვალედ პროცესები ამ უწყებაში მიდის. კუდ-ი და სოდ-ი კი გაუქმდა, მაგრამ მათ მაგივრად შექმნილი ოპერატიული დანაყოფების ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ბევრი არაფერია საზოგადოებისთვის ცნობილი. ერთი კუდ-ისგან შეიქმნა ორი დანაყოფი: სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ანტიკორუფციული სააგენტო. იმ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, რაც კუდ-მა დაგვიტოვა, საჭიროა უფრო მეტი ვიცოდეთ ამ ახალი დანაყოფების შესახებ. დაცვის პოლიციის ან ჯანდაცვის სამსახურის შესახებ ინფორმაცია საინტერესოა, თუმცა შსს-ს ვებგვერდი ჯიუტად დუმს როგორც ძველი დანაყოფების (თუნდაც კონტრდაზვერვისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები ავიღოთ), ასევე ზემოხსენებული ახალშექმნილი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების შესახებ. ცალკე საუბრის თემა უნდა იყოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. რუსეთის მხარეს რამდენჯერმე ტრაბახით წამოსცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში საკუთარი აგენტურა ადრეც მრავლად ჰყავდა და ახლაც ჰყავს. აგვისტოს ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ რუსეთის აგენტურა ქვეყნის ყველა სახელისუფლებო შტოში, უპირველესად კი ძალოვან სტრუქტურებში, მართლაც მოქმედებდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"2013 წლის იანვრის ბოლოს აშშ-ს სამუშაო ვიზიტით საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა. გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ფედერალური გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელობასაც შეხვდა, რომლის დროსაც ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს. გაიმართა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, დოქტორ ელიზაბეტ შერვუდ-რანდოლტთანაც. აშშ-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ კი თბილისში, "რადისონ ბლუ ივერიაში", შსს-ს სისტემის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აშშ-ისა და სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს საქართველოში სტრატეგიაზე მუშაობისას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. თავად მინისტრის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ყოველდღიურად ეხმარებოდნენ ქართველ კოლეგებს ამ დოკუმენტის შემუშავებაში. 11 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონს შეხვდა, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორცილებული სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს. საქართველოს სპეცსამსახურების რეფორმირება და რეპრესიული ორგანოდან დემოკრატიულ და ეროვნულ სტრუქტურად გარდაქმნა ურთულესი პროცესია. ამ დროს მაქსიმალურად უნდა დავეყრდნოთ ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების გამოცდილებას", - წერს სტატიის ავტორი.
"უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო (ISAB -შემდეგში შემოკლებისთვის – საბჭო) საქართველოს მთავრობის თხოვნით 1998 წელს შეიქმნა და მისი მიზანი იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის დახმარების აღმოჩენა ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებაში. საბჭო იყო დამოუკიდებელი ორგანო და მისი რეკომენდაციები ეფუძნებოდა მხოლოდ საბჭოს წევრების გამოცდილებას და დასკვნები ვითომდა არ წარმოადგენდა საბჭოს წევრების მთავრობების ოფიციალურ წინადადებებს. თუმცა, როგორც შემდგომ დავინახავთ, საბჭოს რეკომენდაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების გადაწყვეტილებები ხშირად სიტყვასიტყვით ემთხვეოდა ერთმანეთს. 1998 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ და საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა ჰარი ჯონსონმა ხელი მოაწერეს "ურთიერთგაგების მემორანდუმს", რომელიც გახდა საბჭოს შემადგენლობის, საქმიანობისა და ადმინისტრირების განმსაზღვრელი უმთავრესი დოკუმენტი. შექმნიდან სულ მალე, 1999 წლის 21 მაისს, საბჭომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინა ანგარიში, რომელიც შეიცავდა რეკომენდაციებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის რეფორმის შესახებ. ეს ანგარიში მოიწონა პრეზიდენტმა შევარდნაძემ. 2000-2001 წლები საბჭომ ნაყოფიერად იმუშავა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინა მორიგი ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ და რეკომენდაციები შემდგომი მოქმედებებისთვის", - განაგრძობს გამოცემა.
"აფხაზეთის ომში დამარცხების შემდეგ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა აშკარად პრორუსული გახდა, რასაც, დსთ-ში შესვლის გარდა, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის საკადრო პოლიტიკაც ადასტურებდა. თავად განსაჯეთ, ერთ დღეს, 1993 წლის 11 ოქტომბერს, ფაქტობრივად ჯერ კიდევ ომში ჩაბმულ ქვეყანაში ორ უმნიშვნელოვანეს პოსტზე – უშიშროების და შს მინისტრებად, შესაბამისად, იგორ გიორგაძე და შოთა კვირაია დაინიშნენ. ექვსი თვის შემდეგ, 1994 წლის 26 აპრილს, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის სასიცოცხლო, _ თავდაცვის მინისტრის პოსტი მაშინდელმა პრეზიდენტმა ვარდიკო ნადიბაიძემ ჩაიბარა. სამივე გენერლის მჭიდრო კავშირი რუსეთთან, არც მაშინ და არც ახლა, სკოლის მოსწავლეებშიც არ იწვევს ეჭვს. ედუარდ შევარდნაძის საგარეო და საშინაო პოლიტიკას გააზრებულ, ერთიან და წინასწარ გათვლილ გადაწყვეტილებათა კომპლექსურ გეგმად ვერაფრით ჩავთვლიდით. წლების განმავლობაში ვითომდა "დაბალანსების" საგარეო პოლიტიკა აშშ-საც აღიზიანებდა და ჩრდილოელ "დათვსაც" აცოფებდა. პატარა, სუსტი ქვეყნის ხელმძღვანელისთვის ძალზე ძნელია (საერთოდ შესაძლებელია კი?) ორ, აშკარად თუ ფარულად დაპირისპირებულ სუპერსახელმწიფოს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ეკვილიბრისტიკის და აკრობატიკის ილეთების წარმატებული შესრულება. ყოველივე ამის შედეგად 2003 წლისთვის მივიღეთ გაცივებული ურთიერთობა შორეულ მოკავშირესთან და "გაცხელებული მეგობრობა" - კარის მეზობელთან", - დასძენს გამოცემა.