კოდორის ხეობის უცნობი ამბები

კოდორის ხეობის უცნობი ამბები

"2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა უდიდეს ტრაგედიასთან ერთად უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა. მაშინდელი ხელმძღვანელობა კოდორის ხეობის მოვლენებს საგულდაგულოდ ასაიდუმლოებდა და დღემდე უცნობია, იყო თუ არა ბრძოლა ხეობაში. ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები გავრცელდა იარაღის ჩაბარების თაობაზე, რომლის არსებობა-არარსებობის შესახებაც ჩნდება კითხვები. "არსენალი" ესაუბრა აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში გადასროლილი სამხედრო ნაწილის ჯარისკაცს, რომელიც მაშინდელ ამბებს იხსენებს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (ივნისი, 2013 წელი) სტატიაში სათაურით "კოდორის ხეობის უცნობი ამბები".

"თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ნაწილში ვმსახურობდი. გვითხრეს, რომ სამი ათასამდე ჯარისკაცი და ამდენივე შსს-ს თანამშრომელს კოდორის ხეობის დაცვაზე უნდა გვეზრუნა. ასმეთაურმა გვითხრა, რომ უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო, რადგან მოწინააღმდეგემ კოდორის ხეობის რელიეფი ცუდად იცოდა. მაგრამ არაფერი უთქვამთ რუსეთის ავიამოიერიშეებზე. რადგან ჯარისკაცს კითხვის დასმის უფლება არა აქვს, ჩვენც არაფერი გვიკითხავს. თუმცა, როდესაც მანქანიდან ჩამოგვსხეს, ყველა "მამაო ჩვენოს" კითხულობდა გულში... იქ გამთენიისას ჩავედით. არ მახსოვს, რომელ სოფელში ვიყავით, რადგან ტყე-ტყე ვიარეთ და წარწერები არ შემიმჩნევია. სულ რაღაც საათ-ნახევარში ჯერ ავის მომასწავლებელი ზუზუნი, შემდეგ კი გამაყრუებელი ხმა გაისმა. "აჟარას დააყარეს!" - თქვა ვიღაცამ. დაბომბვის ხმა ყრუდ, მაგრამ დაბლიდანაც ისმოდა. ამ დროისთვის კავშირი გაწყვეტილი იყო", - აცხადებს 28 წლის ჯარისკაცი, გიორგი.

"ჯგუფებად მივდიოდით და მობილური ოპერატორების მეშვეობით ერთმანეთთან კავშირი გვქონდა. მიზეზთა გამო ვერ დავაკონკრეტებ, რომელი ასეული იყო... ტელეფონის ეკრანს დავხედე, მაგრამ არც ერთი კუბი არ ენთო. "მოვწყდით გარე სამყაროს", - გამიელვა გულში. დაბომბვის ხმა გამეორდა. შემდეგ კიდევ... რამდენიმე მეტრის იქით სამანქანო გზა იყო. "ცენტრთან ახლოს ვართ", - თქვა ვიღაცამ. მანქანების ხმა და სამხედროების გადაძახილი ისმოდა. დაბომბვის ხმა ახლა უფრო ახლოდან მოგვესმა. უკვე ხალხით დატვირთული სამხედრო და ჩვეულებრივი მანქანებიც შევნიშნეთ. ზუგდიდისკენ მიდიოდნენ. ყველა თანაგრძნობით გვიყურებდა. ვაიმე, შვილებო, ამ კაციჭამიებს თქვენ რაღა უნდა უქნათო, _ მოგვაძახა ერთმა ქალმა და დაგვლოცა... თან მეშინოდა და თან არა. უფრო გაბრუებული ვიყავი, ვიდრე შეშინებული. ოღონდ არ დაგვბომბონ და ხელ-ფეხის დაკარგვას გადავურჩე, სიკვდილი არ მენანება-მეთქი, ვფიქრობდი. მერე გავარკვიე, რომ დასახიჩრების სხვებსაც სიკვდილზე მეტად ეშინოდათ. ამ დროს ჩვენს ასმეთაურს დაურეკეს. ძალიან გაბრაზებული ლაპარაკობდა ხელმძღვანელობაზე, ოღონდ "ზედა ხელმძღვანელობაზე", რას ვაკონტროლებთ, ხომ არ გადაირივნენ, ლამის სასიკვდილოდ მიმყავს ბიჭებიო. ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული არმია ზუგდიდზე აპირებდა იერიშის მიტანას. ამ შემთხვევაში ჩვენ ალყაში ვხვდებოდით. ხმა დადიოდა ქოფჩარის ტყეებიდან რუსებისა და აფხაზების სამხედრო ნაწილების გადმოსვლის შესახებაც", - აღნიშნავს რესპონდენტი.

"გენწვიშისკენ უნდა წავიდეთო, გვიბრძანა ასმეთაურმა. მოსახლეობა გარბოდა. რაღაც მანძილის გავლის შემდეგ სროლის ხმა მოახლოვდა. მარჯვენა მხრიდან გვესროდნენ. მეთაურმა საპასუხო ცეცხლის ბრძანება გასცა. "სანამ მარაგი გვეყოფა, - თქვა მან, - ამასობაში კი გენწვიშიდან მარაგიც მოვა"... რამდენიმეწუთიანი ორმხრივი სროლის შემდეგ უკან დახევის ბრძანება გასცა. სავარაუდოდ, ცეცხლი იმიტომ გავხსენით, რომ წინ მიმავალი მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხოდ გასულიყო სამშვიდობოს. წინ აფხაზები არიან. ეს მთლად კარგი არ უნდა იყოს-მეთქი, - გავიფიქირე თუ არა, ვიღაცამ დაიყვირა. აუ, ბიჭო, ალყაში ვართო. სასწრაფოდ გავიშალეთ. გზის ორივე მხარეს ტყე იყო და თავშესაფრის ძებნა არ გაგვჭირვებია. საკმაოდ ბევრნი იყვნენ. მალე რუსული ტექნიკაც გამოჩნდა. შორიახლოს კიდევ ჩამოვარდა რამდენიმე ჭურვი. უკან ვიხევდით. ამის შემდეგ, დავიფანტეთ და რამდენიმე კილომეტრი ხან ფეხით, ხან ხოხვით, ხან სირბილით ვიარეთ, იმის მიხედვით, ძალა ვის როგორ შესწევდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ალყაში ვიყავით, იქაურობა ჰაერიდან იბომბებოდა. ვცდილობდით, პანიკაში არ ჩავვარდნილიყავით, მაგრამ არ გამოგვდიოდა. როდესაც უკანასკნელ ვაზნასაც გაისვრი და გარშემო არავის იმედი არა გაქვს, მხოლოდ უფლის იმედად ხარ. ამ დროს ძნელია პატრიოტიზმზე ფიქრი. არადა, სანამ ჭურვები შეგვაზანზარებდა, ვიხვეწებოდით, ტყეში სანგრებს გავთხრით, ან რაღაცას გავაკეთებთ-მეთქი... ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ, ტყეში გარიგება მოხდა, თორემ ხმელეთზე, ჩვენს პირისპირ მყოფ მოწინააღმდეგეს უპრობლემოდ შეეძლებოდა პილოტებისთვის ჩვენზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. სადაც ვიყავით, ზუსტად იმ ადგილას ჩამოყრიდნენ ჭურვებს", - ამბობს გიორგი.

"შესაძლოა, მცირედი წინააღმდეგობის შემდეგ დიდძალი შეიარაღება, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოგვეყენებინა, რადგან "სადღაც" ყუთებში ელაგა, ჩვენს სიცოცხლეზე გაიცვალა და ამის ნაცვლად იქაურობის დატოვების საშუალება მოგვცეს. სხვა შემთხვევაში, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, იქაურობის უდანაკარგოდ დატოვება... მართალია, ეს ყველაფერი ძალიან ცოტა ხანს, ალბათ, სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია, რადგან არც არტილერია გვყავდა, არც ავიაცია. მცირედი მხარდაჭერა მაინც რომ ყოფილიყო, ის შიშიც არ იარსებებდა და არც პანიკა დაიწყებოდა. რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთებდით. დიახ, ვიღაც დაიღუპებოდა, ვიღაც დაიჭრებოდა, მაგრამ ჯარი სწორედ ამისთვის არსებობს. ბევრი კოდორელი ახლობელი მყავს და ისინი მიყვებიან, რუსები ტყეებს რომ ბომბავდნენ, თქვენი ჯარისკაცები ჩვენზე წინ გარბოდნენ და იარაღს გზადაგზა ტოვებდნენო. ვიცი, რომ ასეთი ფაქტებიც მოხდა, მაგრამ ჩემს ნაწილში არა, რადგან საკუთარი თვალით ვნახე, რა შემართებით იყვნენ ჩვენი ბიჭები, სანამ ჰაერში რუსული ავიამოიერიშეები გამოჩნდებოდნენ. შემდეგ კი ყოველგვარმა წინააღმდეგობამ აზრი დაკარგა. მე და სამმა ჯარისკაცმა რამდენიმე დღე გზააბნეულებმა ვიარეთ. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ველურ ხილს ვჭამდით. სულ მეძინებოდა და რამდენიმე საათს თუ წავთვლემდით, გამოღვიძება მიჭირდა. ვაღიარებ, ასეთი შემთხვევისთვის მზად ვერ აღმოვჩნდი. სხვები ჩემზე ყოჩაღად იყვნენ. ერთგან ჭყინტი სიმინდი ვიპოვეთ, სასწრაფოდ შევწვით და გიჟებივით ვჭამეთ. სიგარეტის მოწევას მაშინ გადავაჩვიე... შუაღამე იყო, ზუგდიდში რომ გადმოვედით. სოფელ რუხში ვიღაცის ოჯახს მივადექით. ძაღლმა კინაღამ დაგვგლიჯა. მასპინძელი დაფეთებული გამოვარდა, არავინ დაგინახოთ, რუსები აქვე არიან, მთელი დღეა ურთის მთას ბომბავენო... არავის ნდობა არ შეიძლება, ვინ ვისიანია, კაციშვილი ვერ გაიგებსო... გვაჭამა და დაგვაძინა. მერე მოგვიყვა, ორი შვილი ჰყოლია ჯარში, ერთი ერაყშია, მეორე - აქ. ასე გვითხრა, მსუბუქად ვარ დაჭრილი და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშო ვწევარო... შუაღამისას სამოქალაქო ტანსაცმელი დაგვირიგა. საღამოს დავტოვეთ იქაურობა. ფოთამდე სამხედრო მანქანამ წაგვიყვანა... ახლა რომ მახსენდება, ჟრუანტელი მივლის. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ყველაზე შესამჩნევი ის იყო, რომ ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები ვიყავით", - დასძენს რესპონდენტი.