რა ხდება პატიმარ მერაბიშვილის საკანში

რა ხდება პატიმარ მერაბიშვილის საკანში

უმცირესობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვზე ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი მოინახულა. როგორ ცხოვრობს ხერხემალყოფილი საკანში? _ ,,ვერსიას’‘ გიგი წერეთელი ესაუბრა.

_ საპატიმროში, ბუნებრივია, აღფრთოვანებული ვერ იქნები _ ის ადგილი არაა, სადაც შეიძლება, სასიამოვნო გარემო შეგიქმნან. ვანო მერაბიშვილის საკანი სტანდარტებს შეესაბამება, საკმაოდ ნორმალური კვების რაციონი აქვს და ჰიგიენაც დაცულია. ერთგვარი სამუშაო პირობებიც აქვს შექმნილი _ საკანში მერხისმაგვარი მაგიდა და მაგარი საწოლი დგას. ფუფუნების საგნად მხოლოდ რადიომიმღები შეგვიძლია ჩავთვალოთ. ვანოს ციხის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები არ აქვს, ერთადერთი, უტელევიზორობა აწუხებს. არადა, როგორც პოლიტიკური პარტიის მოქმედ ხელმძღვანელს, ინფორმაცია სჭირდება. ამ მხრივ, ის არაორდინალური პატიმარია. ასე რომ, არ მგონია, შესაბამისი უწყებისთვის საკითხის გადაწყვეტა რთული იყოს.

_ და რატომ უნდა იყოს პატიმარი ვანო მერაბიშვილი სხვებთან შედარებით პრივილეგირებული მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერია?
_ იმას კი არ ვამბობ, რომ ვანო მერაბიშვილი სხვა პატიმრებისგან უნდა გამოვარჩიოთ, პირიქით, ის ჩვეულებრივი პატიმარია, მაგრამ ისიც ფაქტია: ყველა პატიმარი პრემიერმინისტრი ან შინაგან საქმეთა მინისტრი არ ყოფილა. ბუნებრივია, მერაბიშვილს ამ გზაზე სირთულე და შეცდომაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.

_ სხვათა შორის, ტელევიზორს ბაჩო ახალაიაც ითხოვდა, მაგრამ მაშინ ნაციონალები ასეთი სოლიდარულები არ ყოფილხართ. ისე, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი ერთ ციხეში რამდენად ახერხებენ ურთიერთობას?
_ ბოდიში, მაგრამ ერთსულოვნები ყველასთან მიმართებაში ვართ. არავინ იფიქროს, რომ ვანო მერაბიშვილს მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე _ ბაჩო ახალაიას. უბრალოდ, ახალაიას საქმით ის დეპუტატები არიან დაკავებულნი, რომლებიც მისი ახლო მეგობრები არიან, ანუ გაყოფილები ვართ. რაც შეეხება ახალაიასა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირებას, მსგავს ვითარებაში, არ მგონია, რომელიმე მათგანს ამის სურვილი ჰქონდეს. რაც მთავარია, ვანოს სიმშვიდე და უსაფრთხოება გარანტირებული აქვს, მხოლოდ წუხს, რომ მისი დაკავებით ქვეყნის იმიჯი დაზარალდა.

_ ისე, საინტერესოა, მაინცდამაინც თქვენ რატომ შეხვედით ვანო მერაბიშვილთან და რა კრიტერიუმით შეგარჩიათ პარლამენტის თავმჯდომარემ?
_ ერთადერთი კრიტერიუმი ის იყო, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბელის ვიცეპრეზიდენტი ვარ, რაც საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სტატუსია. ასევე, პროფესიით ექიმი ვარ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაც შემეძლო. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მერაბიშვილისთვის პატიმრობა საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაა.

_ რამდენად დამაკმაყოფილებელია პატიმარ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რა რჩევები მიეცით?
_ დიახ, ამ საკითხზე საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ და რჩევებიც მივეცი. ფიზიოლოგიურად ორგანიზმი ახალ გარემოს უნდა შეეჩვიოს. პირველ რიგში, ძილისა და კვების რეჟიმის მოწესრიგება ვურჩიე, თანაც ადრე კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. როგორც მითხრა, ინტენსიურ ვარჯიშსაც გეგმავს, თუმცა ვურჩიე, ესეც დოზირებულად აკეთოს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი მაინც ადამიანის განწყობაა, თუმცა მისთვის დეპრესია არ შემიმჩნევია. ახლა, ძირითადად, შეცდომებს აანალიზებს, ბევრს ფიქრობს და, რა თქმა უნდა, აწუხებს, რომ საპატიმროში მოხვდა, თუმცა საკმაოდ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ პოლიტიკური ბრძოლა გააგრძელოს. სხვათა შორის, ვანო პირველი პრემიერია, რომელიც დააკავეს. როგორც ჩანს, დაკავებების სეზონი გაიხსნა, თუმცა კარგი იქნება, თუ ხელისუფლება შურისძიების ტალღას შეაჩერებს. ყველაფერი ეს, სამწუხაროდ, ქმნის პერსპექტივას, რომ ამ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ,,ოცნების’‘ წევრებსაც დაიჭერენ.