„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გოლს, რომელიც თბილისის „ლოკომოტივს“ გაუტანა, ნეაპოლური გამოცემები გამოეხმაურნენ.
ქართველი შემტევის თამაშს იტალიურ პრესა აქტიურად აკვირდება და აშუქებს. უყურადღებოდ, არც გუშინდელი თამაში დაუტოვებიათ.
„ნეაპოლში ჩასვლის მოლოდინში კვარაცხელია კვლავ „დინამო ბათუმში“ თამაშობს და მისი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მან თბილისის „ლოკომოტივთან“ გამოიჩინა თავი, რითაც მისი გუნდი 3:1 დააწინაურა. გოლი შორეულ ძელთან დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი გაფრინდაშვილს საგოლე პასიც გაუკეთა“, - წერს Spazionapoli.
„შესანიშნავი სეზონი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის „დინამო ბათუმმა“ „ლოკომოტივთან“ გამარჯვებით ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. მან საჯარიმოსთან ბურთი მოიპოვა და ძლიერი, უზუსტესი დარტყმით კუთხეში გაიტანა. ლუჩანო სპალეტი, რომელმაც მას გენიალური უწოდა, იმედოვნებს, რომ ლორენცო ინსინიეს შემცვლელს მასში იპოვის”, - ასე გამოეხმაურა ხვიჩას გოლს Areanapoli.
„კვარაცხელიას მორიგი მარგალიტი. „დინამო ბათუმმა“ „ლოკომოტივი“ 7:2 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. ხვიჩამ კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და მესამე გოლი გაიტანა, როცა მეკარეს აუღებელი დაურტყა“, - ვკითხულობთ Calcionapoli24-ის ვებგვერდზე.
Napolipiu კი წერს: „კვარაცხელიას მორიგი მაგია. ქართველი შემცვლელი ლორენცო ინსინიეს შემცვლელად იყიდეს და მის მიმართ დიდი ინტერესია. კვარაცხელიას დიდი მომავალი რომ აქვს, „დინამო ბათუმში“ თავისი უნარებით ამტკიცებს. რა თქმა უნდა, იტალიის ჩემპიონატში თამაში უფრო რთულია, მაგრამ მან მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა, როცა ბურთი მოიპარა, შესანიშნავად დაამუშავა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „დინამო ბათუმში“ ჩატარებულ 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, „ნაპოლიში“ კი ის ზაფხულში უნდა გადაბარგდეს.