კურსდამთავრებულთა გამოშვება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

კურსდამთავრებულთა გამოშვება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 89 კადეტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი ქუთაისში, ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

კურსდამთავრებულებმა ლიცეუმის დამთავრებისა და დაწყებითი სამხედრო პროგრამის შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს. სამხედრო დისციპლინაში, ეროვნული სასწავლო გეგმით და სამხედრო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში, უმაღლესი შეფასების მქონე ხუთ კადეტს წარჩინების სერთიფიკატებთან ერთად ფასიანი საჩუქრები - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხელმოწერით წიგნი „გენერლები საქართველოდან“ გადაეცა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე და ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს ლიცეუმის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ლიცეუმში სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიხედვით მიმდინარეობდა. კადეტებმა დამატებითი პროგრამით ფიზიკური მომზადება, ისტორია, სამხედრო საქმე, ტოპოგრაფია და ინფორმატიკა გაიარეს. მათ სამხედრო საველე მეცადინეობებიც ჩაუტარდათ, სადაც ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება და კავშირგაბმულობა შეისწავლეს.
კადეტები, რომლებმაც ლიცეუმი დაასრულეს სწავლის გაგრძელების არჩევანში თავისუფალი არიან, თუმცა მათ უმეტესობას სწავლის გაგრძელება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სურს.