სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება, მაგრამ ფაქტია, რომ „მილანი“ მასთან ძალიან ახლოსაა!
„როსონერი“ ნანატრ სკუდეტოს, რომელიც ბოლოს 11 წლის წინ მოიგო, მართლაც ხელის გაწვდენაზეა და ორად-ორი რამ აშორებს - 90 წუთი და 1 ქულა!
დიახ, თუ დასკვნით ტურში „მილანი“ სტუმრად „სასუოლოსთან“ არ წააგებს, ყველა შემთხვევაში ჩემპიონი გახდება. გადაჭედილ „სან სიროზე“ სტეფანო პიოლის გუნდმა უხერხული მეტოქე, „ატალანტა“ დამაჯერებლად დაამარცხა - 2:0. არადა, „მილანს“ შინ „ატალანტა“ 2014 წლის მერე არ ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ საჩემპიონოდ მომართული გუნდის შეჩერება ბერგამოელებმა ლოგიკურია, რომ ვერ შეძლეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „მილანი“ აფეთქდა. ჯერ რაფაელ ლეაომ გაიტანა ჩინებული გოლი, ხოლო მერე ტეო ერნანდესმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ფრანგმა სულაც ფანტასტიკური გოლი შეაგდო - ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მოიხელთა და მეტოქის საჯარიმოში დრიბლინგით შევიდა, დაარტყა და მეკარეს შანსი არ ჰქონია. „მილანს“ 83 ქულა აქვს, „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს და ურთიერთშეხვედრებშიც სჯობნის. წინ რეჯიო ემილია და „სასუოლოსთან“ სტუმრობაა. ვნახოთ, ქალაქ მილანის შავ-წითელი ნაწილი ზეიმისთვის ემზადება.
ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი „ინტერი“ კი ინარჩუნებს შანსს, მაგრამ ბოლო ტურში აუცილებლად უნდა მოიგოს, რაც რთული მისია არ იქნება, რადგან „სამპდორიას“ მასპინძლობს, მაგრამ ასევე უცილობლივ „მილანმა“ უნდა წააგოს, რაც უკვე მართლაც რთული იქნება. მაინც, ფაქტია, რომ „ნერაძური“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში რჩება. სიმონე ინძაგის გუნდს ფეხის დაცდენის უფლება „კალიარისთან“ არ ჰქონდა და არც დასცდენია - 3:1. ანგარიში მატეო დარმიანმა გახსნა, ხოლო მერე ლაუტარო მარტინესის შეჩერება გახდა შეუძლებელი, რომელმაც დუბლი შეასრულა.
„ნაპოლიმ“ მესამე ადგილი გაინაღდა, მას მერე, რაც „ჯენოას“ 3:0 აჯობა. აქ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ „სტადიო მარადონაზე“ ლორენცო ინსინიეს გაცილება შედგა. იტალიელი მშობლიურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერას MLS-ში გააგრძელებს.
გასავარდნ ზონაზეც ვთქვათ - „ვენეცია“ და „ჯენოა“ სერია A-ს დაემშვიდობნენ, ხოლო „სალერნიტანასა“ და „კალიარის“ ბედი ბოლო ტურში გაირკვევა. სალერნოელები 2 ქულით წინ არიან და ბოლო ტურში შინ „უდინეზეს“ უნდა მოუგონ, რადგან „კალიარი“ გავარდნილ „ვენეციას“ ხვდება და თანაბარ ქულებზე ელიტაში სარდინიელები დარჩებიან.
სერია A-ს 37-ე ტური კი ორშაბათს, „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩით დასრულდება, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ტურინული პუბლიკა ორ ეპიკურ ფიგურას, ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას ემშვიდობება.