"ხმამაღალი ნათქვამია, რომ პოლიტიკა ჩემს გარშემო ბრუნავს! დიახ, მე გამოვაცხადე, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ეს იყო ჩემი სურვილი. მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკაში შესვლა ადვილია, გამოსვლა კი - ძალიან რთული. უშიშროების საბჭოს მდივნობაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა და, ალბათ, ვერც იქნება. მართალია, პოლიტიკაში ასეა - არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის სრული აბსურდი. მით უმეტეს, მიშა რომ მე დამნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნად, ეს ხომ ძალიან სასაცილოა", - აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში გია ხუხაშვილი გაზეთ "ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რა თქმა უნდა, კოალიცია დაიშლება!".
"აუცილებლად უნდა დაისაჯონ ბინძური ფარული ჩანაწერების ორგანიზატორები და ამას გამოძიება დაადგენს. ვფიქრობ, ეს არ უნდა გახდეს ერთჯერადი აქცია. აუცილებელია სამოქალაქო ჩართულობა ამ პროცესში, კითხვის ნიშნები რომ არ დარჩეს ამ ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცესი ძალიან რთულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ჩანაწერები, ალბათ, არსებობდა ელექტრონული ფორმით, მისი ტირაჟირება დღეის მდგომარეობით შეიძლება კიდეც მოხდა. ასევე, არ მგონია, წინა ხელისუფლებას, თავის ბუნებიდან გამომდინარე, ამ ჩანაწერების კოპირება არ გაეკეთებინა. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით უნდა გამოცხადდეს ძალიან მოკლევადიანი ამნისტია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაძლოა, ფარული ჩანაწერების არქივები ჰქონდეთ, მათ უნდა ჩააბარონ, ამის შემდგომ უნდა შემოვიდეს უმკაცრესი სანქციები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"სასულიერო პირების დასჯასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეკლესია დაცული უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ, როდესაც სასულიერო პირები თავის კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ და ჩნდებიან პოლიტიკურ პროცესში, ისინი ხდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ბუნებრივია, კანონი მათ მიმართ მოქმედებს ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მოქალაქეების მიმართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ასეთი ტიპის დანაშაულს, თუმცა ისინი თანამონაწილენი გახდნენ სამოქალაქო პროცესის, მათ თუ კონკრეტული ხულიგნობა ჩაიდინეს ან რაიმე ტიპის დანაშაული, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის სასულიერო პირები იმ მომენტში იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მოკლე ვადაში კოალიციის დაშლის პერსპექტივას ვერ ვხედავ, სიმართლე გითხრათ, ამას არც ადგილობრივ არჩევნებზე ველოდები. ეს, სავარაუდოდ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მოხდება, რაც იქნება სწორი და კარგი. პოლიტიკურ მოზაიკას რომ გადავხედოთ, ძალიან რთული ვითარება გვაქვს. თუ ჩვენ ვირჩევთ საპარლამენტო მართვის მოდელს სახელმწიფო მართვის ინსტრუმენტად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივიდეთ მულტიპარტიულ დემოკრატიასთან. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, არიან დისკრედიტებული პარტიები, მათ შორის სააკაშვილის სატელიტები, გვყავს სუსტი პარტიები, მარგინალურებიც, სერიოზული პერსპექტივის მქონე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში არის არაუმეტეს სამი. აქედან გამომდინარე, კოალიციის შიგნით უნდა გაიზარდოს მულტიპარტიული სისტემის საფუძველი. პარალელურად, გარედანაც უნდა გაძლიერდეს სხვა პარტიები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კოალიცია დაიშლება, საშუაკოვადიან პერსპექტივაში და ეს სახელმწიფო ინტერესშიც არის", - განმარტავს გია ხუხაშვილი.
"რუსების ქმედებას რომ ვაკვირდები, ვერ ვხედავ ამის უკან სახელმწიფოებრივ ტაქტიკურ ინტერესს დიდი იმპერიის მხრიდან. თუმცა კატეგორიული ვერ ვიქნები და არ გამოვრიცხავ, რუსეთი საკმაოდ ალოგიკური ქვეყანაა, მაგრამ 90%-ით მგონია, რომ ეს არის არა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თემა, არამედ ლოკალურ დონეზე ნერვებზე თამაში, პროვოცირების მცდელობა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მთელ კომბინაციაში ქართული მხრიდანაც იყოს ვინმე ჩარეული, ვინც დაამყარა კონტაქტები კონკრეტულ გენერლებთან და მოღვაწეებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთში, შეიძლება ამ ყველაფრის უკან ორმხრივი პროვოკაცია იყო. შეიძლება ეს ყველაფერი გათვლილი იყოს იმაზე, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს, ან შეიძლება იმაზეც, რაც ორი დღის წინ სააკაშვილმა გამოაცხადა, ჩვენ ვდგავართ საერთო საფრთხის წინაშე და მოდით, გავერთიანდეთო. ძალიან სასაცილოა, როდესაც სააკაშვილი გაერთიანებისკენ მოგვიწოდებს. მას უკვე არავინ უყურებს სერიოზულად", - დასძენს რესპონდენტი.