ყველაზე ცნობილ ქართულ კომპანიას მფლობელი შეეცვლება. „ბორჯომის“ წილის გასხვისება გადაწვეტილია. „ალფა გრუპი“ კომპანიის საკონტროლო პაკეტის გასაყიდად უკვე ემზადება. საუბარია 55,8%-იან წილზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე შეისყიდის. ბიზნესმენის შესახებ ინტენეტში ინფორმაცია არ იძებნება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ორჯონიკიძე წაღვერელი ბიზნესმენია.
„ბორჯომს“ რომ ახალი ქართველი მფლობელი გამოუჩნდება ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. ამას ნაწილობრივ ადასტურებს „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი და გია ორჯონიკიძის და ეკატერინე ორჯონიკიძე, რომლის ინფორმაციითაც, მისი ძმის „გარემოცვაში არიან ადამიანები, ვისთანაც საუბარი მიმდინარეობს ქარხანასთან დაკავშირებით“.
„ჩემს ძმას ვესაუბრე და მითხრა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ არის სიმართლე. იგი ძალიან ხშირად ჩამოდის საქართველოში და ხვდება, როგორც სამთავრობო ხელძღვანელებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, თუნდაც სხვადასხვა ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ალბათ, აქედან გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ მფლობელი გახდება ეროვნებით ქართველი, რაც ძალიან მახარებს და სახელს და გვარს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
გიდასტურებთ იმას, რომ ჩემი ძმის გარემოცვაში არიან ეს ადამიანები, ვისთანაც მიდის საუბარი ქარხანასთან დაკავშირებით, ამიტომ დააკავშირეს ჩემი ძმაც. ჩემთან ნამდვილად არ უთქვამს გიას, პრემიერს შეხვდა, თუ ვინმე სხვას“, - განაცხადა ეკატერინე ორჯონიკიძემ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით კი, გია ორჯონიკიძე ვლადიმერ პუტინთან და რუს ოლიგარქებთან - არკადი და ბორის როტენბერგებთან დაახლოებული პირია და კომპანიის შესყიდვის საკითხი ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უკვე შეათანხმა. სანქციებისაგან თავის არიდება, სავარაუდოდ, სწორედ, ამ გარიგებით მოხდება.
ორ კვირაზე მეტია, რაც „ბორჯომი“ დაიხურა. ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი 29 აპრილიდან დროებით შეჩერდა. მიზეზი „ალფაგრუპი“ და მისი მფლობელია, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული კომპანიების და პირების სიაშია.
მთავრობას კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოებას ურჩევს მამუკა ხაზარაძე და აცხადებს, რომ პროცესები მალე დასაწყებია, რადგან კომპანიამ წარმოების განახლება შეძლოს და ასობით ადამიანი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.
„გამოსყიდვაზე როცა ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სიმბოლური ფასი, კომპანიის საბაზრო ღირებულება ან პირიქით - მინიმალური. ფაქტია, „ბორჯომის“ დღევანდელი ღირებულება არის რადიკლურად სხვა, ვიდრე იყო თუნდაც 5 თვის წინ... ამდენად, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი კონტრაქტი გააფორმოს მაჟორიტარ აქციონერთან. დღეს მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს მთავარი მომლაპარაკებელი და შემდეგ უკვე საფონდო ბირჟის გზით მოქალაქეებმა შეიძინონ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ სიტუაციაში, ასევე ლოგიკური იქნებოდა, თუ „ალფა ჯგუფი“ აქციების გარკვეულ ნაწილს სახელმწიფოს აჩუქებდა.
მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ „ბორჯომის“ აქციებს მოქალაქეები შეიძენენ, მაგრამ თავად ამის გაკეთებას არ აპირებს:
„მე გამოვედი ამ ბიზნესიდან და არ მაქვს სურვილი, ისევ შევიდე. ჩემი ამოცანა შევასრულე - ჩემს მეგობრებთან ერთად დანგრეული „ბორჯომი“ მულტინაციონალური კომპანიის დონემდე მივიყვანეთ. „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი“, - დასძინა ხაზარაძემ.
2013 წლიდან „აიდიეს ბორჯომის“ საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი“ ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი 460 მილიონ დოლარად გაასხვისეს. ამჟამად კომპანიის 40%-იან წილს კვლავ პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.
მანამ, სანამ სანქციების შესახებ განდებოდა ცნობილი, მთავრობამ თებერვალში „ბორჯომის“ მფლობელს წყლით სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაუხანგრძლივა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ ლიცენზიების შესყიდვაზე 20 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.