"ალ-ქაიდამ" საქართველო გააფრთხილა"

"საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა და რეგიონში არსებული კონფლიქტები საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის", - ნათქვამია "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ქვეთავში, რომელიც ტერორიზმსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს შეეხება, ნათქვამია, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის პოტენციური საფრთხის წინაშე დგას. დოკუმენტში ასევე ლაპარაკია კავკასიაში არსებული კონფლიქტებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ. აღნიშნულია, რომ აღნიშნული კონფლიქტები უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

შევეცადეთ გაგვეგო, რას ფიქრობენ სპეციალისტები აღნიშნულ საფრთხეებთან დაკავშირებით.

ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი:
- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ტრანსნაციონალური, მსოფლიო ტერორიზმი. საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ისიც, რომ საქართველო მონაწილეობს ავღანეთში ანტიტერორისტულ კოალიციაში. ორი კვირის წინ ავღანეთში მოხდა სერიოზული თავდასხმა ჩვენს გარნიზონზე. ფაქტობრივად, ეს იყო საქართველოსთვის გაფრთხილება არა მარტო ავღანელი ტერორისტების, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სერიოზულად ხარ მიზანში ამოღებული და ხვალ შეიძლება თავდასხმა მოხდეს არა მარტო ავღანეთის ტერიტორიაზე, არამედ უკვე თბილისში, მცხეთასა და ქუთაისში. ამის საშიშროება, რა თქმა უნდა, არსებობს, ვინაიდან საქართველო არის ტრანზიტული ქვეყანა, აქ ცხოვრობს დიდი რაოდენობით მაჰმადიანური მოსახლეობა, როგორც შიიტები, ასევე - სუნიტები, არის საკმაოდ ბევრი ემიგრანტი სირია-ლიბანი-ირანიდან და არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მომენტში მსოფლიოს ტერორისტულმა ორგანიზაციებმა დასაყრდენი ძალა აქ იპოვონ. ტერაქტის ჩატარებისთვის საკმარისია ძალიან პატარა ჯგუფი, რასაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული კრიზისი მოჰყვეს ქვეყანაში. ამიტომაც ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საკმაოდ სერიოზულად უნდა იზრუნოს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:
- საქართველოში თავმოყრილია ყველა ის გარემოება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ტერორიზმის საფუძვლად. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რამდენიმე მსხვილი მოთამაშის ინტერესების ჭიდილი ერთ პატარა სივრცეში - თურქეთის, რუსეთისა და ირანის. გარდა ამისა, არის ისეთი სუპერმოთამაშე, როგორიცაა აშშ და სხვ. შემდეგი საკითხი არის რელიგიური თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში და მიმაჩნია, რომ ეს მიმართულება სა­ერთოდ უპატრონოდ არის მიტოვებული. ეს განსაკუთრებით ეხება ისლამს, რომლის რამდენიმე მიმდინარეობაა საქართველოში - სუნიზმი, შიიზმი და ვაჰაბიზმი. გარდა ამისა, საქართველოში არსებობს საკანონმდებლო სივრცის დაუხვეწაობა, საზღვრების დემარკაციის უქონლობა სამეზობლოსთან, დაუსახლებელი ტერიტორიები (მთიან რეგიონებს ვგულისხმობ) და სხვ.

გარკვეულწილად, ტერორიზმის საფუძველს ქმნის კავკასიაში არსებული კონფლიქტები, ავიღოთ თუნდაც ყარაბაღის თემა - თუკი კონფლიქტი განახლდა, დიდი ალბათობაა, რომ ტერორიზმის ფორმით საქართველოს ტერიტორიაზეც მოხდეს ურთიერთდაპირისპირება. ხელისუფლებას აქვს საფრთხის განეიტრალების ბერკეტები. უმთავრესი კი საკითხის ძირეული ცოდნა, პროფესიონალიზმი და სწორად განსაზღვრული პოლიტიკაა. სწორი სისტემა განაპი­რობებს ამ საფრთხეების სერიოზულად შეჩერებას, თორემ მისი მთლიანად განეიტრალების ბერკეტები, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ხელში არ არის. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გვაკავშირებს პირობითი საზღვარი, რომელიც გამჭვირვალეა. გარდა ამისა, ჩვენს მეზობლებს პრინციპულად არ უნდათ ჩვენთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია. ჩემთვის სომხეთის პოზიცია ასე იშიფრება, რომ ისინი ასრულებენ რუსეთის დაკვეთას, ვინაიდან უარს ამბობენ საზღვრის დემარკაციაზე და აჭიანურებენ ამ საკითხს.

ზაალ კასრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე:
- მოგეხსენებათ, საქართველო ისლამური ქვეყნების გარემოცვაში ცხოვრობს. ისინი, ძირითადად, საერო ცნობიერების მუსლიმანური ქვეყნებია, მაგრამ როგორც ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში, იქაც არიან რადიკალები, იქაც არის ვაჰაბიზმი და არიან სალაფიტები, რომლებიც პირველ რიგში თავიანთ ხალხსა და ქვეყნებს უქმნიან საფრთხეს. რელიგიური თუ პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც თავის ხალხს არ ინდობს, ჩვენ დაგვინდობს? ტერორიზმის საფრთხე არსებობს საქართველოში და ამას უფრო მეტად აძლიერებს კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და ის საფრთხეები, რომლებიც ჯერ კონფლიქტებში არ გადაზრდილა. ყველა იმ კონფლიქტს, რომელიც კავკასიაში არსებობს - ყარაბაღი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთსა და ოსეთს შორის კონფლიქტი, ამას პლუს რადიკალური ისლამის აქტივობა - ეს ყველაფე­რი შეიძლება ჩვენზე აისახოს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს რეგიონული უსაფრთხოების კონცეფცია. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიებიც, რომლებზეც კონტროლს ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლება, მათზე საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმები არ არსებობს. ასე რომ, გარკვეული საფრთხეები, რა თქმა უნდა, არის. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან და ის დიდი სინდიკა­ტები და ნარკოკარტელები, რომლებიც მთელ მსოფლიოს არიან მოდებულნი, ასეთ ხელისუფლებებთან იოლად პოულობენ გავლენებისა და კავშირების საშუალებებს.

იოსებ ზაალიშვილი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში:
- მოგეხსენებათ, საქართველო კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი დომინანტი ქვეყანაა, გამომდინარე მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან. საქართველო წარმოადგენს ერთგვარ სატრანსპორტო ხიდს ისლამურ და იუდეურ-ქრისტიანულ სამყაროს შორის. ჩვენი ქვეყანა შესაძლოა გახდეს კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების გზა, მაგრამ აგრეთვე სამხედრო და ჩვენს შემთხვევაში, ტერორისტების გადასაადგილებელი კორიდორი.

ჯერ კიდევ 1996 წელს "ალ-ქაიდას" ლიდერმა უსამა ბინ ლადენმა ჩაუყარა ამ იდეას საფუძველი. სწორედ მისი და კავკასიელ მოჯაჰედთა ლიდერების ერთობლივი გადაწყვეტილებით გადაწყდა საქართველოსა და იმდროინდელი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამაკავშირებელი გზის, თბილისი-ითუმყალე-გროზნოს მშენებლობის დაწყება. ჩეჩნურმა მხარემ 1998 წლისათვის მოახერხა გზის საქართველოს საზღვრამდე მოყვანა, თუმცა 1998 წლის სექტემბრისათვის ჩრდილო კავკასიაში დაწყებულმა საბრძოლო მოქმედებებმა იდეის ბოლომდე განხორციელებას ხელი შეუშალეს.

დღევანდელი გადასახედიდან, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე არაბულმა ზამბარამ აშკარად გამოაჩინა იქ მომხდარი რევოლუციების ნამდვილი სახე, ანუ რეგიონის ისლამიზაცია, აშკარაა, თუ რა ფუნქციას შეიძენდა აღნიშნული პროექტი. ის ჩრდილოეთ კავკასიიდან მოჯაჰედთა საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებას შეუწყობდა ხელს. თუმცა, მოჯაჰედთა გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე მაინც ხორციელდებოდა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მრავალი კავკასიელი მოჯაჰედი მონაწილეობს. სირიაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება და როდესაც მოჯაჰედები უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, ისინი კვლავ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას მოინდომებენ. ჩვენი ქვეყნისათვის პრობლემა სწორედ ამ დროს შეიძლება დაიწყოს. ერთი მხრივ რუსეთი, რომლის ინტერესებშიც იყო საქართველოს გამოყენებით მოჯაჰედების ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩრდილოეთ აფრიკაში გადაადგილება, მოითხოვს ჩვენგან მებრძოლთა კავკასიაში დაბრუნების პროცესის აღკვეთას. საქართველოს ხელისუფლება სცილასა და ქარიბდას შორის აღმოჩნდება - ერთი მხრივ მუსლიმი მებრძოლები, მეორე მხრივ რუსეთი. ამას ემატება თურქეთისა და ირანის ფაქტორიც, რომე­ლიც უახლოვდება ბირთვული იარაღის შექმნას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ისლამური ქვეყნების, სხვადასხვა დაჯგუფების ინტერესთა სფეროში აქტიურადაა მოხვედრილი. ამ სახელმწიფოებსა და ჯგუფებს მიზნების მისაღწევად სხვადასხვა მეთოდი აქვთ, რომელთა შორის ტერორიზმი, სამწუხაროდ, ბოლო ადგილზე არაა.