კორტებთან მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა თაკო სალაყაიას დაკავებას ითხოვს!

კორტებთან მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა თაკო სალაყაიას დაკავებას ითხოვს!

2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის. საქმე 2013 წლის 10 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრას ეხება, სადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ვაზაგაშვილს ხელში ორი ავტომატი ეჭირა და სხვების დასახოცად მიდიოდაო.

იური ვაზაგაშვილი, ზურა ვაზაგაშვილის მამა: _ გირგვლიანის საქმის გამოძიება, პრაქტიკულად, დამთავრებულია, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეები კი, წინ ნელა მიდის და ამაზე განცხადება პრემიერმაც გააკეთა, მაგრამ ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს საქმის კურსში არ აყენებენ. საერთოდ, საკითხავია, მას ინფორმაციას აწვდიან თუ არა. ამდენი წელია, მკვლელების გვარებს ვყვირივართ... ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია რომ შემკვეთია, ცნობილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაკავებული არაა.

_ ბატონო იური, სამაგიეროდ, თაკო სალაყაიას მეუღლე, ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს...…

_ ეს საკმარისი არაა...

რაც შეეხება ჩემი შვილის საქმეს, სამწუხაროდ, წინსვლას ვერ ვხედავ. პროკურატურა და გამოძიება მემალება. არადა, აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ვფლობ. დღევანდელი კანონმდებლობით, ადვოკატსა და დაზარალებულს უფლება არ აქვს, საქმეში ჩაერიოს, თუმცა დაზარალებულ მხარედ ცნობილი არ ვარ... ზურას ავტომანქანა დღემდე შსს-ში უნდა იყოს, საიდანაც რამდენიმე მტკიცებულების ამოღება შეიძლება, მაგრამ იქაურობას არ მაკარებენ. ზურას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა და ნივთმტკიცება კიდევ არაა ამოღებული. პროკურატურამ ამ ხნის განმავლობაში ერთი თვითმხილველიც ვერ მოძებნა და ეს მაშინ, როცა თვითმხილველების ვინაობა ვიცი, შუამდგომლობაც დავაყენე, მაგრამ ისინი დღემდე არ დაუკითხავთ. მეტიც, ზოგიერთ თვითმხილველზე ზეწოლა ხდება, რომ ჩვენება შეცვალოს. ყველაფერი ეს კი, იმაზე მიანიშნებს, რომ მთავარი პროკურატურა ძალიან სუსტია. იმ საქმეების ავტორები, რომლებიც თავის დროზე გაყალბდა, დღემდე მაღალ თანამდებობაზე არიან. ვინმემ ისეთი პროკურორი დამისახელოს, ვინც განაჩენს თავის თავს გამოუტანს!

ახლახან კი, ერთ-ერთი მკვლელი, გიორგი დარჯანია მცხეთის პოლიციის უფროსად დანიშნეს. აუცილებელი იყო, რომ თანამდებობაზე მკვლელი დაენიშნათ? დავიჯერო, სხვა ვერავინ ნახეს? სააკაშვილის დროს საქმეებს თვითონ მკვლელები იძიებდნენ, მაგალითად, ირაკლი  ფირცხალავა, კვინიკაძე და ანჯაფარიძე ზურას მკვლელობის თანამონაწილეები იყვნენ და, შემდეგ, საქმის გამოძიება თვითონვე დაიწყეს. მეტიც, მკვლელებმა თავი  დაზარალებულად ცნეს და მე, რომელსაც შვილი მომიკლეს, თურმე, დაზარალებული არ ვარ!

...თენგიზ ხარებავა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაშია, ვინმე ალკოსი კი, რომელიც გაყალბებაში მონაწილეობდა, დღეს პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია, შაქრო ზაალიშვილიც ისევ პროკურატურაშია, ვალერი ლაცუზბაიაც ისან-სამგორის რაიონის პროკურორია. ასეთი ადამიანების 64-კაციანი სია მაქვს, მაგრამ რეაგირება არ ხდება და პოლიციაში ჩემს საქმეს შეგნებულად ბლოკავენ _ ირაკლი ფირცხალავა იმ ხალხს აშინებს, ვისაც შეუძლია, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს. ამიტომ, სრული საფუძველი მაქვს, რომ პროკურატურას აღარ ვენდო!

_ ადრე ხელი ირაკლი ფირცხალავას დაადეთ, რომელმაც, თქვენი თქმით, თითქოს საკონტროლო გასროლა განახორციელა, თუმცა ფირცხალავამ ეს განცხადება შეურაცხყოფად აღიქვა და სასამართლოში გიჩივლათ...

_ კრიმინალი ფირცხალავა გარეთ დადის და აქეთ მემუქრება, ჩემს შვილს სურდოც რომ დაემართოს, ვაზაგაშვილის ბრალი იქნებაო. ჯერ ერთი, მაგისნაირი მკვლელი არა ვარ და თუ ნამუსი შერჩენია, გამოვიდეს და ილაპარაკოს, თუ ვის დავალებას ასრულებდა. რა კლანია ისეთი, რომ ფირცხალავას მამა წლების განმავლობაში უშიშროებისა და შს სამინისტროების ფინანსებს განაგებდა, ახლა კი, თავის თანამდებობაზე შვილიშვილი მიიყვანა. რა ხდება, იჯარით აქვთ აღებული იქაურობა თუ მემკვიდრეობით გადადის თანამდებობები?

ამ საქმეებზე პასუხისმგებელი ბატონი არჩილ კბილაშვილია. მთავარმა პროკურორმა უნდა მოუაროს თავის უწყებას. მხოლოდ მე კი არა, მთელი საქართველო ელოდება სამართლიანობის აღდგენას, გახმაურებული საქმეები, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიხსნას. ამასთან, უნდა დავგმოთ, რომ მკვლელები ისევ თანამდებობებზე არიან. თუ კბილაშვილი საქმის კურსში არაა, მაშინ გვითხრას, ვინ მართავს პროკურატურას? 22 წლის შვილი მიწაში ჩამიწვინეს, ჩემს მსგავსად მკვლელების დასჯას რობაქიძეც ელოდება, გამცემლიძეც, გირგვლიანის მამაც და კიდევ ბევრი გვარის ჩამოთვლა შეიძლება. პასუხი არ უნდა გაგვცენ? ეკონომიკის აღორძინებას წლები უნდა და ეს საკითხი 2 თვეში ვერ მოგვარდება, მაგრამ 7 თვე სამართლიანობის აღდგენისთვის საკმარისია!

2012 წლის დეკემბერში, პირადად არჩილ კბილაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილთან მქონდა საუბარი, რომ მკვლელები თანამდებობებიდან მოეხსნათ, მათ მიპასუხეს, ეს ხალხი ჩვენ ხელს არ შეგვიშლისო. თუ არ უშლიან, მაშინ სადაა წინსვლა? თუ კადრები არ ჰყავთ, მე მივუყვან პროფესიონალ გამომძიებლებს და ამ საქმეებს ორ კვირაში გახსნიან. ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

_ ბატონო იური, საეჭვო რეპუტაციის ხალხს თანამდებობიდან, თქვენი აზრით, რატომ არ ხსნიან?

_ ღარიბაშვილმა ხვედელიძე რომ დააკავა, კარგად მოიქცა, რადგან ის კაცი სიბინძურეების კეთებით იყო დაკავებული. ჩემს თვალში ირაკლი ღარიბაშვილი უპატიოსნესი კაცია, მაგრამ კადრები უნდა გამოცვალოს და მკვლელები თანამდებობას გაარიდოს. მხოლოდ ვანოს დაკავება საქმეს არ უშველის. მერაბიშვილი და მისი მოადგილე, ლევან გვაზავა პირადად იყვნენ ჩართულნი ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში. ქუჩაში ბოლო დროს ბევრი მაჩერებს და მეკითხება, რა ხდება, ზურას საქმე წინ არ მიდისო?

_ ბატონო იური, სააკაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ, რადგან მან თქვენ შვილს ბრალი მკვლელობაში დასდო...

_ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, ვაზაგაშვილი ორი ავტომატით ვიღაცის მოსაკლავად მიდიოდაო. თუ ეს იცით, მაშინ გამოდით და დაგვიდეთ მტკიცებულება, რომ ჩემი შვილი მკვლელია და ხმის ამომღები აღარ ვარ. ამიტომ, ვითხოვ პრეზიდენტის დაკითხვას _ საზოგადოებას უთხრას სიმართლე, რის საფუძველზე გააკეთა ზემოხსენებული განცხადება. ისიც თქვას, თუ ვინმემ შეცდომაში შეიყვანა. ვისი მოკლულია ირინა ენუქიძე? _ რა თქმა უნდა, “ნაციონალების”. სამწუხაროდ, კისერზე ბევრი მსხვერპლი აწევთ.

_ არსებობს ვარაუდი, რომ ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩაივლის, პროკურატურა ერთ გახმაურებულ საქმესაც არ გახსნის. ოქტომბრამდე მოიცდით?

_ ნამდვილად არ ვაპირებ, კიდევ რამდენიმე თვე დაველოდო და ვუყურო, თუ როგორ აწინაურებენ ჩემი შვილის მკვლელებს! თუ ამ საქმეს ეს ხელისუფლებაც არ გამოიძიებს, რამე ხერხს მივმართავ... აშკარაა, დრო შეგნებულად გაჰყავთ, მაგრამ ოქტომბრამდე ხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები!

_ მაინც, რის გაკეთებას აპირებთ?

_ ნახავთ, რასაც გავაკეთებ!..