მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს და, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილსაც პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავებამ ახალი სალაპარაკო გაუჩინა და ყოფილი პრემიერის დაკავებას საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად აპროტესტებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მერაბიშვილის დაჭერამ ბევრი ექსჩინოსანი შეაშინა. ვინ იქნება შემდეგი?
შეკითხვა, ცხადია, აქტუალურია თუნდაც იმის გამო, რომ თუკი პატიმარი მერაბიშვილი ალაპარაკდება, ბევრს “წაიყოლებს”. “მერაბიშვილის ალაპარაკება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს და არაა გამორიცხული, კანონის წინაშე პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერთან ერთად მოუწიოს”, - მიაჩნია თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას... არსებობს თუ არა შიდაპარტიული დაძაბულობა, ალაპარაკდება თუ არა ვანო მერაბიშვილი, იქნება თუ არა ჟვანიას საქმე გადამწყვეტი და, საერთოდ, რა საიდუმლოს მალავს მერაბიშვილი? - “ქართული სიტყვა” ზაზა გაბუნიას ესაუბრა.
ბატონო ზაზა, ამბობთ, რომ პატიმარი ვანო მერაბიშვილი სააკაშვილისთვის ძალიან საშიშია... რა შეიძლება გააკეთოს მერაბიშვილმა ისეთი, რაც სააკაშვილს დააზარალებს?
რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცი, თუ რა იცის მერაბიშვილმა, თუმცა ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი სააკაშვილის გუნდის ყველაზე ვიწრო წრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ყველა საკითხთან, რომელზეც საზოგადოებას შეკითხვები, ან პრეტენზია აქვს, დაკავშირებულია.
ვარაუდობ, რომ საკვანძო 7 ნოემბრისა და 26 მაისის საკითხები იქნება, რადგან ამ საქმეებში მერაბიშვილი საკუთარი პასუხისმგებლობის შემსუბუქებასა და სხვაზე, მათ შორის, სააკაშვილზე გადანაწილებას შეეცდება... მერაბიშვილსა და სააკაშვილს, რომელთაც პრეზიდენტისა და პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი ეჭირათ, ცხადია, მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემონსტრანტებისთვის მოწყობილი მასობრივი სადამსჯელო აქტისა და სასტიკი მკვლელობისათვის, რომელმაც გირგვლიანების ოჯახის ნახევარი შეიწირა.
რატომ გაწირეს ვანო მერაბიშვილი თანაგუნდელებმა და, თქვენი აზრით, რატომ დაამთხვიეს სამართალდამცავებმა მერაბიშვილის დაჭერა საერთო სასამართლოების კანონის ძალაში შესვლის დღეს?
მერაბიშვილი არავის გაუწირია, განსასჯელის სკამზე ის დასვა არა რომელიმე ბრალმდებელმა, არამედ, - საკუთარმა საქმეებმა.
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჟვანიას გარდაცვალების საქმე. ძალიან დიდი ხანი საზოგადოებაში დადიოდა ჭორი, რომ ვანო მერაბიშვილს შენახული ჰქონდა ზურაბ ჟვანიას დაკარგული ფეხსაცმელი, როგორც ნივთმტკიცება, სწორედ ამით აშანტაჟებდა სააკაშვილს და სწორედ ასე მიაღწია დიდ წარმატებას სამთავრობო ვერტიკალში. რა იცით ამის შესახებ, ეს ხომ არ არის სწორედ ის, რითიც ვანო მიშას “წაიყოლებს”?
ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს მერაბიშვილის აღზევების მიზეზი, თუმცა ერთი ფაქტია: სააკაშვილისთვის მერაბიშვილი შედარებით ადვილად სამართავი და, უბრალოდ, კომფორტული ფიგურა იყო. ჩემი ვარაუდით, ჟვანიას საქმე ნამდვილად დაიკავებს ადგილს იმ საქმეთა შორის, რომლებიც ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს “ნაცმოძრაობის” საქმიანობის შესახებ.
ამბობთ, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი იდეური მეგობრები არასდროს ყოფილან და სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლით, მერაბიშვილი სასჯელის შემსუბუქებას შეეცდება. თუ, მართლაც, ასეა, თქვენი აზრით, რა იყო მათი ამდენწლიანი თანამშრომლობის მიზეზი?
"ნაცმოძრაობა” იყო და რჩება პოლიტიკურ ძალად, რომელსაც აერთიანებდა არა იდეოლოგია, არამედ, - ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების წყურვილი. ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების მიზეზით, პარტიის ლიდერები ბევრ ისეთ ნაბიჯზე მიდიოდნენ, რომლის გამოც ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა ლიდერის მიმართ არსებობს შეკითხვები.
რაც შეეხება სააკაშვილი-მერაბიშვილის ურთიერთობას, ისინი არა მეგობრები, არამედ, ახლო ურთიერთობაში მყოფი პარტნიორები იყვნენ და მათი ეს ურთიერთობა ძალაუფლების დაკარგვის პარალელურად დასრულდა.
დაკავებულია “ნაცმოძრაობის” გენმდივანი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები პარტიაში? ისე, მერაბიშვილის დაკავებით დაიწყო თუ არა კლანური დაპირისპირების ახალი ეტაპი?
ჩანდა, რომ ვანო მერაბიშვილს “ნაცმოძრაობაში” პრობლემად ბევრი განიხილავდა. გარედანაც ჩანდა, რომ ის ცდილობდა, პარტიაში პოლიტიკურ პროცესებზე მონოპოლია ჰქონოდა, რაც უკმაყოფილებას იწვევდა...