უძრავი ქონება ძვირდება, მაგრამ მოთხოვნა მაინც არ მცირდება

უძრავი ქონება ძვირდება, მაგრამ მოთხოვნა მაინც არ მცირდება

მიუხედავად ომისა, მიუხედავად პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური ჩავარდნისა, საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება. ამ ტენდენციას თან ახლავს გაძვირებაც, რომელიც ამჯერად რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და საომარი ვითარებით არის გამოწვეული. ვითარება ამ მხრივ საგანგაშოც კია.

„გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რაც მისი თქმით, მომავალში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. მათ შორის არის მოსახლეობის მზარდი ურბანიზაციის მაჩვენებელი, ეკონომიკური ზრდა და ქალაქებში ბინის გაქირავებაზე მზარდი მოთხოვნა.

„მოთხოვნის ზრდას პირველ რიგში გრძელვადიანი ფაქტორები განაპირობებს. ეს არის ურბანიაზაცია. საქართველო მხოლოდ ორ ქალაქში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, რაც დამატებით საბინაო ფონდზე ზრდის მოთხოვნას. მეორე ფაქტორია ოჯახის ზომა, საბჭოთა და საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის წყალობით დიდ ოჯახებად ვცხოვრობდით. ერთგვარი წესია, როცა ქვეყანა ვითარდება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, ეს მაჩვენებელი მცირდება. თუ მაგალითად 2002 წელს საშუალოდ ოჯახში 3.6 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 3.3 ცხოვრობს. ოჯახების გაყოფა კი ახალ ბინეზე მოთხოვნას ზრდის.

გარდა ამისა, არის კიდევ ბევრი ფაქტორი, მათ შორის უცხოეთიდან გზავნილები, რომელიც ამის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქირაზე სტუდენტების, განსაკუთრებით კი უცხოელი სტუდენტების მხრიდან შექმნილი მოთხოვნა. ისინი ქირაობენ ბინას, რაც აქცევს უძრავ ქონებას საინტერესო საინვესტიციო აქტივად. დაახლოებით 18 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა 2021-2022 სასწავლო წლებში თბილისში“, - განაცხადა სამყურაშვილმა.

ტენდენციას ადასტურებენ მშენებლები. არის მოთხოვნის ზრდა, მაგრამ შეიმჩნევა სამწუხარო ტენდენცია, რაც გაძვირებას უკავშირდება. კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი მშენებარე უძრავ ქონებაზე 15%-მდე გაიზარდა, უახლოეს მომავალში კი ის მინიმუმ კიდევ 10%-ით გაძვირდება.

სამშენებლო მასალის წილი თვითღირებულების დაახლოებით 70%-ია, რის გამოც ბიზნესი „იძულებულია“ ფასი გაზარდოს. ორთოიძე ფიქრობს, რომ ფასის ნახტომისებური ზრდას ბაზარი ვერ გაუძლებს, ამიტომ კომპანიები ამ ეტაპზე გაზრდილ ღირებულებას მოგების შემცირების ხარჯზე აკომპენსირებენ.

„ფასის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია მიწა და მშენებლობის ხარჯი, მიწის შემთხვევაში თუ ფიქსირებული აქვს კომპანიებს ხარჯი, მშენებლობის მასალების ფასები საკმაოდ გაძვირდა. ჯერ კიდევ გასულ წელს ვსაუბრობდით ამაზე ინფლაციის პროცესების გათვალისწინებით, რასაც წელს დაემატა ომი და ამან დამატებით კიდევ გააძვირა მასალა.

ბაზარი არ მიყვება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება თვითღირებულება, კომპანიებს გვიწევს მარჟების შემცირება. ამ წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15%-ით მოგვიწია ფასების გაზრდა, რომელიც ისედაც დაგეგმილი იყო.

უძრავი ქონების ფასის ზრდა ცუდი არ არის, ეს გარკვეულ ეკონომიკურ სტაბილურობას ნიშნავს, თუმცა არა ამ ტემპით, უბრალოდ იძულებულები ვართ, რომ გავზარდოთ, რომ თვითღირებულებას გავყვეთ. სამშენებლო მასალებს უჭირავს 70% საერთო ღირებულებაში, მარტო წელს 20-25%-ით არის გაძვირებული. გუშინ რომ დაფიქსირებული იყო რაღაც ღირებულებაში ესა თუ ის მასალა, დღეს შეცვლილია. ომის დაწყების დროს რომ იყო ისეთი აგრესიული ახლა აღარ არის ზრდა, თუმცა ისევ გრძელდება.

ბაზარი სწრაფ ზრდას ვერ გაუძლებს, თუმცა დღესაც რომ შეჩერდეს მასალებზე ფასის ზრდა გარდაუვალია, რომ კიდევ 10%-ით არ გაძვირდეს გამომდინარე გასული წლის და ამ წლის დასაწყისის ფასების მატებიდან, შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ კარგ შემთხვევაში კიდევ 10%-ით, ცუდ შემთხვევაში კი უფრო მეტით გაიზრდება ფასი.

მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ეს ზოგადად კრიზისულ პერიოდის შემდგომ ხდება ხოლმე და ვიცოდით, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, მეორე ფასების მატებაც ასტიმულირებს მოთხოვნას და მესამე ფაქტორი ეს არის მისი საინვესტიციო უპირატესობა. უძრავი ქონება განიხილება ფულის დაბანდების ყველაზე ნაკლებად რისკიან და მეორე მხრივ ყველაზე სარგებლიან აქტივად“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ ორთოიძემ.

თბილისთან ერთად გასაყიდ უძრავი ქონებაზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა ბათუმშიც. როგორც „მარდი ჰოლდინგში“ აცხადებენ, ამ დროისთვის მასალებზე 25%-იანი ფასნამატი გასაყიდი ბინების 10%-იან მატებაში აისახა.

კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ ფასი მიმდინარე პროექტებზე კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება მოთხოვნას, ძირითადი ინტერესი ისრაელის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ფიქსირდება.

„სამშენებლო ხარჯი გაიზარდა 20-25%-ით, უკრაინიდან ხდებოდა არმატურის შემოტანა რაც აღარ ხდება. თვითღირებულებამ მოიმატა, თუმცა ვცდილობთ ფასი არ გაიზარდოს ამდენით, დღეისათვის 10%-ით არის გაძვირებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ მოიმატებს. ფასი ქალაქის შიგნით კვ.მ-ზე თუ იყო 500 დოლარი შავ კარკასზე, ახლა 600-ია და სამომავლოდ ალბათ 700-750 დოლარამდეც გაიზრდება. მიმდინარე პროექტებში ძალიან გვიჭირს ფასის შენარჩუნება“, - აღნიშნა „მარდი ჰოლდინგის“ დირექტორმა ნათია სირაბიძემ.