„მიხეილ სააკაშვილს ჯაშუშომანია სჭირს“

„მიხეილ სააკაშვილს ჯაშუშომანია სჭირს“

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯაშუშომანია სჭირს.

"ეს არის სააკაშვილის ჯაშუშომანია. ის რომ, სააკაშვილი ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურებს და რუსულ პოლიტიკას უკავშირებს, ლოგიკურად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც ის ოთხი წელია ეწევა – ის ამბობს: ვინც ჩემი წინააღმდეგია და არ მეთანხმება, ჩემი მტერია და რუსეთს ეხმარება", - აცხადებს ალასანია გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისივე შეფასებით, ეს არის დამღუპველი პოლიტიკა.

ალასანია მიიჩნევს, რომ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით საჭიროა დაელოდოს რა ფაქტებს დადებს კონტრდაზვერვა, თუმცა, როგორც დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს, აქვს წინათგრძნობა, რომ ეს არის სიტუაცია, როცა სააკაშვილმა ერთპიროვნულად და ემოციურად მიიღო მათი დაკავების გადაწყვეტილება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო და რუსეთი მეგობრები არ არიან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობდნენ, მაგრამ, რაც შეეხება ჯაშუშებს, ალასანია ვერ იხსენებს ვერც ერთ ფაქტს, რომელიც არგუმენტირებული ყოფილიყო. "ამ საქმეებში არ იკითხება, რომ ადამიანებს ხელი მიუწვდებათ საიდუმლო ინფორმაციაზე", - დასძენს ოპოზიციონერი ლიდერი.

ალასანია "კომერსანტთან" ფოტორეპორტიორების აღიარებით ჩვენებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ის არის, რისიც ნამდვილად არ სჯერა.

მისი თქმით, საქართველოში არ არის სამართლიანი მართლმსაჯულება, დაკავებულ ადამიანს არ აქვს განცდა, რომ სიმართლეს სასამართლოში დაადგენს, ამიტომ მიდის საპროცესო გარიგებაზე.

"ჩვენ ჯიბის მართლმსაჯულება გვაქვს, ავტორიტარული რეჟიმი და ადამიანებს არ აქვს საშუალება გააგრძელონ ბრძოლა სამართლებრივად თუ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები", - აცხადებს ალასანია.