ესტონური გამოცემის "Postimees"-ის ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.
- ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველომ რუსეთს ჭკუაში უნდა აჯობოს, რათა დრო მოიგოს და საბოლოოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხში გაცილებით ძლიერ პოზიციას მიაღწიოს. საერთოდ რატომ უნდა მოისურვოს რუსეთმა საქართველოს მეტი ყურადღება დაუთმოს?
- როდესაც ჩვენ მთავრობაში მოვედით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთოება გავაანალიზეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი გაუგებრობა, ბევრი არასწორი გათვლა და ბევრი დაკარგული შესაძლებლობა იყო. როგორც ჩანს, რუსეთთან ურთიერთობაში ყოველთვის პრაგმატიზმის ნაკლებობა იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მტკიცე მიზანს ევროკავშირის ოჯახის წევრობა წარმოადგენს, საქართველომ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც რუსებს - არც პოლიტიკური, არც რაიმეს სახის აგრესიული თავდასხმის არანაირ საბაბს არ მისცემს. ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობა ურთიერთობის ნორმალიზაციას დაუდებს სათავეს.
რა თქმა უნდა, 2008 წლის ომმა ჩვენს ურთიერთობებზე გამანადგურებელი გავლენა მოახდინა, თუმცა ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოს განვითარება ისე, რომ რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე მუდმივად არ არსებობდეს. ამიტომ ჩვენი მხრიდან სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა გონივრული იყო. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური სიტუაცია ბოლოსდაბოლოს დარეგულირდება, თუმცა არ ვიქმნი ილუზიებს, რომ ეს მალე მოხდება.
- შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ურთიერთობაში პოლიტიკისა და სავაჭრო ურთიერთობების განცალკავება?
- საქართველოს წინა ხელისუფლების დროსაც კი, რომელსაც რუსეთის მიმართ ხმამაღალი, საწინააღმდეგო რიტორიკა ჰქონდა, საქართველოში რუსი ბიზნესმენები მოქმედებდნენ. მათ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საწარმოების აქციების ყიდვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ჩემი აზრით, მომწიფდა მომენტი იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობა რუსეთში ჩვენმა ბიზნესმენებმაც მიიღონ.
ჩვენ მხარი დავუჭირეთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა იმის წინაპირობაა, რომ მან ქართველი ბიზნესმენებისთვის თავისი ბაზარი გახსნას. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი შეიცვლის თავის პოლიტიკურ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ან ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა თუ
ჩვენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები გვექნება, ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მისწრაფებას ნატო-სთან დაკავშირებით - ნატო-ს წევრებს და ძველ ევროპულ სახელმწიფოებს არ სურთ, იმ პრობლემების იმპორტირება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს. ამიტომ ემოციური ფონისა და მილიტარისტული რიტორიკის შემცირებაც კი, ინტეგრაციის პროცესის სასარგებლო იქნება.
როგორ იქნება რეალურად ეს ყველაფერი, ზუსტად არავინ იცის. თუმცა ცხადია, საქართველოს არ სურს, რუსებს მისცეს არცერთი საბაბი იმისთვის, რომ მათ ჩვენ წინააღმდეგ რაიმე აგრესიული განახორციელონ.
- თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო? როგორ?
- 2005 წელს ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებებისთვის, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილის ახალი ხელისუფლების ნდობა არსებობდა - წინა კონფლიქტებში მათი ხელი არ ერია. აფხაზებიც და ოსებიც ელოდნენ, რომ ჩვენ მათთან ახალი წინადადებებით მივიდოდით. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ჩვენ ვერ შევძელით მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და დეკლარაციის გაფორმება, რომელიც დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებასაც მოგვცემდა. მაშინ რომ ამ დოკუმენტის გაფორმება მოგვეხერხებინა, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობა გაიზრდებოდა, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს და რუსულ ჯარს ამ ურთიერთობებით მანიპულირების მცირე შესაძლებლობას დაუტოვებდა.
ამიტომ ვამბობ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებლობა, თუმცა არ ვგულისხმობ იმას, რომ მისი აღკვეთა 2008 წლის აგვისტომდე 2-3 კვირით ადრე შეიძლებოდა. მხედველობაში მაქვს პროცესი, რომელიც 2005-დან 2008 წლამდე გრძელდებოდა.
- რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ახლა საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით?
- პირველ რიგში, ჩვენ დავადასტურეთ პრეზიდენტის მიერ ევროსაბჭოს წინაშე გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო ამ დაპირისპირების გადასაწყვეტად ძალას არასოდეს გამოიყენებს. მეორე - ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებს და ოსებს შესაძლებლობას ქართველებთან ერთად ბიზნესი აკეთონ, ასევე დავამყაროთ კონტაქტები ჰუმანიტარულ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. ეს ჩვენს ურთიერთობებში ახალი სტიმულატორებია.
ომის გაჩაღება ადვილია, გაცილებით რთულია მის შედეგებს და ომით პროვოცირებულ უნდობლობას გაუმკლავდე. ვფიქრობ, ზოგადად, კონფლიქტის გადაწყვეტაში უმთავრესი თემა ეკონომიკაა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს მიმართულება აღდგება.
ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ დიდი მოთმინება და სიფხიზლე, რათა მსოფლიოში არავის მივცეთ იმის ფიქრის საბაბი, თითქოს ამ ფაქტობრივი ოკუპაციის ლეგიტიმაციას ვახდენთ, ამავდროულად აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოების დეიზოლაცია განვახორციელოთ.
- თუმცა თუ საქართველო ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი გახდება, ეს ალბათ, მათი მოზიდვის ხელშემწყობ ფაქტორად იქცევა...
- რა თქმა უნდა, მომავალში ეს მოზიდვის ფაქტორი გახდება. ამიტომ ჩვენ ველოდებით ევროკავშირის სამიტს ვილნიუსში, ასევე ნატო-ს სამიტს, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. დარწმუნებული ვართ, საქართველოს გააჩნია საკმარისი პოტენციალი, რათა აჩვენოს, რომ მან ევროპისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან საფუძვლიან რეფორმებს თავდაცვის, უსაფრთოებისა და სამართლის სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ნატო ამ პროგრესს დაინახავენ.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზები და ოსები თავს გაცილებით იმედიანად იგრძნობენ საქართველოსთან ერთად ევროპაში, ვიდრე რუსეთის მუდმივი ოკუპაციის ქვეშ. სწორედ ამიტომ ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდები იმას, რომ საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს მომავალი აქვს.
- ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველო მაპ-ს მიიღებს, თქვენ ალბათ, ამის შესახებ ასე დამაჯერებლად არ ისაუბრებთ...
- ზედმეტი მოლოდინის შექმნა არ მსურს, თუმცა პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს ვიზიარებ. წარმატებული რეფორმებით ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ, თუმცა საბოლოოდ ამ საკითხს ნატო გადაწყვეტს. დიახ, ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველომ შემდეგი ნაბიჯი გადადგას, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, როგორი იქნება ის.
- ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალიან ოპტიმისტურია იმაზე ფიქრი, რომ საქართველო მაპ-ს მომავალ წელს მიიღებს.
- მე ასევე მოვისმინე ბევრი ექსპერტის მოსაზრება, რომ არჩევნები, რომელიც საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე ჩატარდა, კატასტროფულად ჩავარდებოდა და ხელისუფლების სათავეში პრორუსულად განწყობილი ძალა მოვიდოდა. თუმცა ეს არ მოხდა. რეალობა ასეთია, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მომწიფდა ცვლილებებისთვის, რეფორმები ხორციელდება და ჩემი ოპტიმიზმიც აქედან გამომდინარეა.
- ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. თქვენ დიდი ხნის მანძილზე მიგიჩნევდნენ საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურ კანდიდატად განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. რატომ?
- პირველ რიგში, ეს არის კოალიციის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. მინდა, აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ცვლილებებს განიცდის, მისი ძალაუფლება შეზღუდული იქნება, ნაწილობრივ მისი უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრზე გადადის. ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი პარლამენტი, მაგრამ ამ აზრს კოალიციაში უმცირესობა იზიარებს. ის, რასაც მე ახლა თავდაცვის სამინისტროში ვაკეთებ, ბევრად უფრო საინტერესოა. დაწყებულია რეფორმები და ჩვენ ვთანხმდებით პრემიერ-მინისტრთან, რომ მათი დასრულებაა საჭირო.
- რამდენი იძულებით გადაადგილებული და დევნილი ჰყავს ამჟამად საქართველოს?
- ბევრი, საქართველოში დაახლოებით 300 ათასი და მის საზღვრებს გარეთ - 200 ათასი დევნილი. ჩვენ ვცდილობთ მათ ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრირებას, სოფლის მეურნეობის პროექტებში ჩართვას, რომელიც ამჟამად ხორციელდება. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა თემას საერთაშორისო თანამეგობრობაში, ეს ადამიანები ხომ აფხაზეთსა და ცხინვალში ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდნენ. მათი დაბრუნებისა და საკუთრების უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
2008 წელს ჩვენ გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე განსახილველად გავიტანეთ რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ და დევნილთა მდგომარეობის შესახებ. ეს არის გაერო-ს ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მათ უფლებების გარანტიაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, ბევრმა ქვეყანამ დაუჭიროს რეზოლუციას მხარი.
მინდა, მადლობა გადავუხადო ესტონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს უცვლელი მხარდაჭერისთვის. საქართველოს არ ჰყავს უფრო დიდი მეგობარი, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებია, განსაკუთრებით ესტონეთი. მთელი ეს წლები თქვენ მხარს გვიჭერდით, ახლა კი ავღანეთში მხარდამხარ ვიბრძვით.
- საქართველომ, რომელიც ავღანეთში 2009 წლიდან იმყოფება, 22 ჯარისკაცი დაკარგა. როგორც ესტონელი, ისე ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში მსახურობენ, მაგრამ ჩვენ 9 ჯარისკაცი დავკარგეთ. რით აიხსენება ეს?
- ავღანეთში ჩვენი სამხედრო კონგინგენტი გაცილებით დიდია - ორი ბატალიონი სამხრეთით, ჰელმანდში და ქაბულში - ერთი ასეული. ცოტა ხნის წინ ჩვენ სამი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ, თუმცა მუდმივად ვაძლიერებთ უსაფრთხოებას ავღანეთში, რამდენადაც კარგად გვესმის, რომ ხელს ვუწყობთ მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასე, რომ ჩვენ არა მხოლოდ დახმარებას ვიღებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, არამედ თავადაც ვახორციელებთ მას. ამაზე მეტყველებს ახალი მთავრობის საქმიანობაც, ჩვენ ახლახან გავგზავნეთ ავღანეთში დამატებითი ბატალიონი. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, თითოეული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ იქ სწორ მიზანს ვემსახურებით.