დაზარალებული ბიზნესმენის სკანდალური ჩვენება, რომლის გამოც ნიკა გილაური და ლადო გურგენიძე შეიძლება, დაიჭირონ?!

დაზარალებული ბიზნესმენის სკანდალური ჩვენება, რომლის გამოც ნიკა გილაური და ლადო გურგენიძე შეიძლება, დაიჭირონ?!

ბიზნესისა და ქონების წართმევა-გადაფორმება, ფულის “შეწერვა” და სხვა მსგავსი მანკიერებანი “ვარდოსანთა” ხელწერა იყო. შესაბამისად, 9 წლის განმავლობაში, არაერთი წვრილი, საშუალო თუ მსხვილი მეწარმე გახდა “ნაციონალური რეკეტის” მსხვერპლი. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და “სააკაშვილის რეჟიმი” გარკვეულწილად შესუსტდა, დაზარალებულები, სამართლიანობის აღდგენის იმედით, მთავარ პროკურატურას მიაწყდნენ _ არსებული ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილის უწყებაში 20 ათასი საჩივარია შესული... პროკურატურას “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისა” და  სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფინაგრო”-ს ხელმძღვანელმა გიორგი ჭონიშვილმაც მიმართა _ მასზე “ნაციონალური” ზეწოლა 2012 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელდა... “ქართული სიტყვა” გიორგი ჭონიშვილის მიერ პროკურატურაში გაგზავნილ წერილს შემოკლებით გთავაზობთ:

“...2011 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ეროვნული ბანკის თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს მანანა ციციშვილის დავალებით მირეკავდა და აინტერესებდა, თუ ვინ იყვნენ “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის” დამფუძნებელი საკრედიტო კოოპერატივების წევრები და ისევ იყო თუ არა დამფუძნებლებში ACDI/VOCA. დავეჭვდი, თუ რაში აინტერესებდა ეროვნულ ბანკს ეს ინფორმაცია... ამ ზარიდან საათნახევარში, პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის გამომძიებელმა, ალექსანდრე მგელაძემ დამირეკა და მკითხა, ნამდვილად ვიყავი თუ არა “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარე და “მთხოვა”, დაუყოვნებლივ პროკურატურაში გამოვცხადებულიყავი, რამეთუ ფონდთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები აინტერესებდათ... ალექსანდრე მგელაძე პირველივე შეხვედრაზე და შემდგომშიც, კორექტული, ზრდილობიანი იყო და, ერთი შემთხვევის გარდა, მუქარას, პრაქტიკულად, ადგილი არ ჰქონია... მან მოკლედ მომაყოლა, თუ რას წარმოადგენდა ფონდი, შემოსავალი საიდან ჰქონდა და მომთხოვა, რაც შეიძლება მოკლე დროში წარმომედგინა ფონდის დამფუძნებელი დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები... შეკითხვაზე, თუ რა სტატუსით ვიყავი დაბარებული და, საერთოდ, რამ გამოიწვია პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დაინტერესება ამ პატარა ორგანიზაციით, მიპასუხა, რომ სერიოზული არაფერი იყო _ თემატური შემოწმება მიმდინარეობდა, რასაც ანტიკორუფციული დეპარტამენტი უამრავი ორგანიზაციის მიმართ, თურმე, მუდმივად ახორციელებდა. კონკრეტულ მიზეზს კი, მოგვიანებით, როცა წარვუდგენდი მოთხოვნილ დოკუმენტებს, მაშინ მეტყოდა. დამამშვიდა, ეს ჩვეულებრივი ფორმალობაა, თქვენს მიმართ ცუდი განწყობა არავის აქვს და არაფერზე ინერვიულოთო...

დოკუმენტაციის წარდგენისას, ალექსანდრე მგელაძეს ვთხოვე, დაპირებისამებრ, რეალური მიზეზი ეთქვა, თუ რატომ დაინტერესდა პროკურატურა. მან მიპასუხა, მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ვიღაც უცხოელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ, “საქართველოს სოფლის მეურნეობის ფონდის მეშვეობით”, 500 ათასი დოლარი “გაცოცხლდა”. ამაში ფონდი და მისი ხელმძღვანელობა უშუალოდ არ მონაწილეობდა, უბრალოდ, ფონდის ანგარიში იქნა გამოყენებულიო და მთხოვა, გულახდილად მეღიარებინა, თუ რა ვიცოდი ამის შესახებ, რამეთუ “პირველი” (ასე მოიხსენიებდა იუსტიციის მინისტრ ადეიშვილს) სასწრაფოდ ითხოვდა პასუხს ამ ინფორმაციის რეალობაზე. განვუმარტე, რომ ფონდში ასეთ ბრუნვებს ადგილი არასოდეს ჰქონია, რაშიც თავადაც დარწმუნდებოდნენ, როცა გაეცნობოდნენ ჩემს მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს, თუმცა, მქონდა გარკვეული დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ დასახელებულთან მიახლოებული თანხები 2002 წელს, ჯერ კიდევ პროექტის პერიოდში (ფონდი არ არსებობდა), მართლაც, დააკლეს ACDI/VOCA-ს, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა მიეღო საქართველოს ბიუჯეტიდან, კერძოდ, 2002 წლის მონეტიზაციის პროგრამიდან შემოსული თანხებიდან. ამ ინფორმაციისთვის მომიხადა მადლობა, გულთბილად დამემშვიდობა და მითხრა, რომ ფონდთან სხვა შეკითხვები აღარ ჰქონდა და, ალბათ, აღარც დამიბარებდა...

2012 წლის 6 იანვარს, დილის საათებში, ალექსანდრე მგელაძემ დამირეკა და მითხრა, რომ სასწრაფოდ მასთან გამოვცხადებულიყავი. პროკურატურაში დამხვდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან მოწვეული ე.წ. ექსპერტი, ვინმე ზურაბ გოგატაძე... რამდენიმე საათის განმავლობაში დაწვრილებით მეკითხებოდნენ, ძირითადად, ფონდის დაფუძნებაზე. ყველა შეკითხვაზე გავეცი საფუძვლიანი პასუხი და დამეთანხმნენ, რომ ყველაფერი კანონიერად იყო გაკეთებული, მაგრამ არ მოიწონეს, რომ ფონდი “ფინაგრო”-ს აქციების 100%-ს ფლობდა _ რაკი აქციები კერძო პირების საკუთრებაში არ იყო, ეს თითქოს კორუფციული გარიგებების წარმოშობის საფუძველს ქმნიდა. მრავალი არგუმენტით დავუსაბუთე, რომ მათი მოტივაცია აბსოლუტურად აბსურდული იყო _ მსოფლიოში გავრცელებული ეს მოდელი ორგანიზაციას შესაძლო კორუფციული დარღვევებისაგან, პირიქით, იცავს. ჩემს მოთხოვნაზე, პირდაპირ ეთქვათ, თუ რა აინტერესებდათ და შორიდან რატომ მივლიდნენ, ალექსანდრე მგელაძემ მითხრა:

_ “ბატონო გიორგი, იცით, ალბათ, რომ 2012 არჩევნების წელია, ბიუჯეტს უჭირს, ძალიან მაღალ ეშელონებში გადაწყდა, რომ თქვენი ორგანიზაციიდან ბიუჯეტში უნდა წავიდეს 2-დან 3 მილიონ ლარამდე, ზუსტი თანხა მოგვიანებით გადაწყდება. ამიტომ თქვენ, როგორც შეგნებული მოქალაქე, უნდა დაგვეხმაროთ ამ სახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაში!”

განვუცხადე, რომ ვიყავი დაქირავებული მუშაკი, არ ვფლობდი საკუთრებას და ასეთი საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილება არ მქონდა. გარდა ამისა, ფონდის ანგარიშზე სულ 45 000 ლარი იყო და დასახელებული თანხა საიდან უნდა მოეტანათ? ან ბიუჯეტში რა მოტივით უნდა ჩარიცხულიყო?

_ ბატონო გიორგი, თუ საიდან მოვიტანოთ ეგ თანხები და რა ფორმით უნდა წავიდეს ბიუჯეტში, ეგ ჯერ ზუსტად არ მოგვიფიქრებია, მაგაზე “ზემოთაც” მუშაობენ და ყველაფერი ერთად მოვიფიქროთ. იქნებ, თქვენც დაგვეხმაროთ და მოგვაწოდოთ ვარიანტები... მართალია, ამ რაოდენობის ფული არც ფონდს აქვს და არც _ “ფინაგროს”, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ გვითხრა, ფონდის მფლობელობაშია “ფინაგრო”-ს აქციები. “ფინაგრო”-ს, როგორც ორგანიზაციის დღევანდელი საბაზრო ფასი, სულ მცირე, 4 მილიონი დოლარია და მისგან 2-დან 3 მილიონამდე ლარის ამოღების რეკომენდაცია მოგვცა. ჩვენი წინასწარი სქემით, ფონდი დაჯარიმდება, სულ მცირე, 1,5 მილიონი ლარით, რომელიც მერე, საჭიროების მიხედვით, გაიზრდება 2 ან 3 მილიონამდე, შემდეგ, ბანკში დაგირავდება “ფინაგრო”-ს აქციები, ბანკი გასცემს შესაბამის სესხს, ფული წავა ბიუჯეტში, ფონდი კი, “ფინაგრო”-დან მიღებული დივიდენდებით გადაიხდის ამ სესხს, _ ამიხსნა ალექსანდრე მგელაძემ.

ვუთხარი, რომ “ფინაგრო”-ს მთლიანი აქტივები სულ 6 მილიონ ლარამდეა, საიდანაც 2 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია და განა, რა დივიდენდები უნდა მიიღოს ფონდმა, რომ ამხელა სესხი გადაიხადოს, ან რამდენი წელი დასჭირდება მის გადახდას, რომელი ბანკი მოგვცემს ასეთი ვადით სესხს-მეთქი? მიპასუხა, ეგ ჩვენ ფეხებზე გვკიდია, ბანკმა იხალოს თავში ქვა, ბოლო-ბოლო, თქვენს აქციებს წაიღებსო. ავუხსენი, რომ ამ საქმეში ჩემი თანამშრომლობის იმედი არ ჰქონოდათ და საქმის კურსში ამერიკელებს ჩავაყენებდი, რაზეც ორივენი ძალიან აღშფოთდნენ და გადავიდნენ მუქარებზე. ზურაბ გოგატაძემ მითხრა, შესაძლოა, ამერიკელების ჩარევით ფული ვეღარ წავიღოთ, მაგრამ ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია და მთელი დარტყმების სიმძიმე პირადად შენზე გადმოვაო.

ალექსანდრე მგელაძე: _ მართალია, ამერიკელების ჩარევა საქმეს ცოტა გაართულებს, მაგრამ ისინი ვერ გიშველიან და ფულს მაინც წავიღებთ. გასულ წელს “კონსტანტა” რომ გავწეწეთ, ჩვენ ის ხალხი ვართ, ამერიკელებმა ერთი ამბავი ატეხეს, მაგრამ ვის რა ფეხები მოჭამეს?! შენ კი, ახლავე დაგადებ ბორკილებს, გადაგიყვან “მოდულ”-ში და, გარანტიას გაძლევ, ორი თვე საერთოდ არ მოვალ დასაკითხად. მერე, შენი ადვოკატი დამიწყებს ხვეწნას, ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ დაკითხეთო. ახლა გაგიშვებთ და კარგად დაფიქრდი, ვისთან გაქვს საქმე და გაიაზრე, რა გელოდება შენ და შენს ახლობლებს!

განადგურებული წამოვედი... უცხოელები საქმის კურსში მაინც ჩავაყენე, ოღონდ ვთხოვე, რომ რეაგირება ჯერ არ მოეხდინათ.

2012 წლის 8 იანვარს, შაბათს, გორის ქალაქის პოლიციაში ჩემი 25 წლის ვაჟი _ ელგუჯა ჭონიშვილი გამოიძახეს და 14 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, როგორც შემდეგ გაირკვა, დაკითხვას აწარმოებდნენ რამდენიმე დღის წინ გორის რაიონის სოფელ რეხაში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე, რომელთანაც ჩემს შვილს შეხება არ შეიძლება ჰქონოდა. შუაღამისას გამოუშვეს და, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისათვის, ადმინისტრაციული ჯარიმა _ 500 ლარი გაუფორმეს, თან უთხრეს, რომ ამ პატივს სცემდნენ მამამისის, ანუ ჩემი ხათრით და თუ ამ “პატივისცემას” სათანადოდ არ დავაფასებდით, მაშინ, მოკლე ხანში, ნარკოტიკის სახეც და, შესაბამისად, სასჯელიც ბევრად უფრო დამძიმდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვაჟის დაკავება პროკურატურის შეკვეთილი იყო და ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ემსახურებოდა.

10 იანვრიდან დაიწყო ჩემი ყოველდღიური დაბარებები მთავარ პროკურატურაში, ხან დღეში სამჯერაც მიწევდა მისვლა _ ნაწილ-ნაწილ მიმქონდა ფონდის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები. დაკითხვებს აწარმოებდნენ ალექსანდრე მგელაძე და ზურაბ გოგატაძე.

16 იანვარს, დილის საათებში, “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის” სათაო ოფისში მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის გამომძიებლები _ ალექსანდრე მგელაძე და ჯარჯი წიკლაური “მესტუმრნენ”. მათ, როგორც შემდეგ გაირკვა, აუდიტის დეპარტამენტიდან მოწვეული თანამშრომელი, გიორგი ახვლედიანი ახლდათ...  წარმომიდგინეს 2012 წლის 14 იანვრით დათარიღებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო სანდოძის განჩინება, ამოღების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ. სწორედ ამ დროს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ¹ 074118031. მოთხოვნილი დოკუმენტების ნაწილი უკვე მიტანილი მქონდა პროკურატურაში... ამოღებული იქნა ფონდის დარჩენილი დოკუმენტაციაც... ჯარჯი წიკლაური იქცეოდა ძალიან უხეშად, მომმართავდა ღირსების შემლახველი გამონათქვამებით: “ბარემ, ახლავე მითხარი, რა გაქვს ნაყაჩაღარი, ამდენი საბუთები რომ აღარ ვქექოთ. აი, ნახავ, რამდენ რამეს ამოგიგდებთ და მერე იძახე, პატიოსანი ადამიანი ვარ და წესიერი ორგანიზაცია მაქვსო. მართალია, უკვე გადავამოწმეთ და პირადი ქონება არ გაქვს, მაგრამ ხომ ვიცი, სხვებზე გექნება გაფორმებული და ყველაფერს დაგილაგებთ!”

ჯარჯი წიკლაური სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ყველა მოწმეს ემუქრებოდა, ზოგს კი, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. პროვოკაციულად იქცეოდა გიორგი ახვლედიანიც, თუმცა გამოძიების შემდგომ პროცესში, მისი მხრიდან მსგავსი ქმედებები აღარ ყოფილა. ალექსანდრე მგელაძე კორექტული იყო და რამდენიმეჯერ ბოდიშიც მომიხადა ჯარჯი წიკლაურის მიერ მოყენებული შეურაცხყოფის გამო.

20 იანვრამდე მიმდინარეობდა ფონდის ფინანსური საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოწვეული სპეციალისტი გიორგი ფერაძე, რომელიც კარგი პროფესიონალი და, გარშემომყოფთაგან განსხვავებით, ინტელიგენტური, კორექტული და ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო... 22 იანვარს, პროკურატურაში მორიგი ვიზიტის დროს, ალექსანდრე მგელაძემ გიორგი ფერაძეს ჰკითხა, რა ჰქენი, რამდენზე ავიდა ფონდის ჯარიმა? ხომ იცი, სულ მცირე, 2 მილიონი მჭირდებაო. გიორგიმ უპასუხა, ის წლები, როცა დიდი ბრუნვები ჰქონდათ, პრაქტიკულად, გავიარე და ვერაფერი ვნახე, თუ ნამუსზე ხელი ავიღეთ და შარი მოვდეთ, მაქსიმუმ, 4 ათასი ლარის ჯარიმაზე ავალთ. შემდგომ წლებში, რაც ფონდი კრედიტებს აღარ გასცემდა, ბრუნვები ძალიან მცირეა და 2 მილიონის ჯარიმა საიდან უნდა გამოვიყვანოო. ეს პასუხი ალექსანდრე მგელაძეს აშკარად არ ესიამოვნა და გიორგის მიუგო, აბა, რისთვის მოგიწვიეთ ამდენი ხალხი, ორ დღეში თუ მილიონნახევარზე მაინც არ ახვედით, მაშინ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებაო.

23 იანვრიდან დაიწყეს ფონდთან დაკავშირებული მეწარმეებისა და ძველი მსესხებლების მასიური დაკითხვა ჯერ გორში, შემდეგ _ თელავსა და წნორში. მოწმეები პოლიციის დახმარებით მიყავდათ... მერე, დაკითხვები მთავარ პროკურატურაში გააგრძელეს. უპირატესად კითხავდნენ იმ მსესხებლებს, რომელთაც ჰქონდათ პრობლემური სესხები, გადაცემული იყვნენ სასამართლოზე და, შესაბამისად, განაწყენებულნი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენს ორგანიზაციაზე. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც, ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, თანამშრომლობდნენ პოლიციასთან, ან პრობაციონერები იყვნენ _ მათი შეშინება ადვილი იყო. ძირითადად დაიკითხნენ ის პიროვნებები, რომელთაც სესხები აღებული ჰქონდათ 1998-2002 წლებში. მათ ეკითხებოდნენ, სესხის მიღების სანაცვლოდ, ქრთამი რამდენი მომცეს. ატყუებდნენ, თითქოს მეც და სხვა დანარჩენი თანამშრომლებიც უკვე დაჭერილები ვიყავით და ვაღიარეთ, რომ მათგან ქრთამი გვქონდა აღებული და, ცრუ ჩვენებისა და დამნაშავეებზე ხელის დაფარებისათვის, მათ დაუყოვნებლივ დააპატიმრებდნენ. ის პირები, ვინც მაინც ეუბნებოდნენ, რომ ქრთამი არ მოუციათ, აღარ იკითხებოდნენ. რამდენიმეს, როგორც თვითონ განაცხადეს, ელექტრონულად ხელი ისე მოაწერინეს, რომ ტექსტი არც წაუკითხავთ, ზოგიერთს კი, _ დაუსრულებელ დაკითხვის ოქმებზე, სადაც თანხები არ ეწერა, ან ოქმის შინაარსი სხვაგვარად გააცნეს...

გამომძიებლების რამოდენიმედღიანი “დაუღალავი შრომის” შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი სურათი: მე, ემზარ ნანოშვილმა და ივანე არდემანაშვილმა ჩავიდინეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, თურმე, 1999-2003 წლებში 17 მსესხებელს თაღლითურად გამოვძალეთ 9 052 ლარი. ივანე არდემანაშვილს ბრალი დაედო, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც, რაც აბსოლუტურად აბსურდულია. ლევან ბოდაველს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ, მან თითქოს მიითვისა 21 000  ლარი. დავით ხატიაშვილს  ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის  “დ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ, თითქოს მიითვისა 11 000  ლარი. დავით წულაიას კი, ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ანუ მან თითქოს მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 3 010 ლარი.

მოკლედ, 6 ადამიანი “გაგვაკრიმინალეს” და, ათასგვარი ძალადობით _ ბორკილების ტრიალი, თითქოს ბადრაგის გამოძახება, ყვირილი, მუქარა _  მოგვაწერინეს ხელი აღიარებით ჩვენებებზე. ამასობაში, აუდიტმა დაამთავრა დოკუმენტური რევიზია, მაგრამ ფინანსური დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

ალექსანდრე მგელაძემ დაღონებულმა გამომიცხადა, რომ ამ საქმიდან “გადიოდა”, რამეთუ მისმა სქემამ არ იმუშავა და ამის მერე ჩემთან ურთიერთობას გააგრძელებდა ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გელა გელაშვილი და შემიყვანა მის კაბინეტში. გელა გელაშვილმა შესვლისთანავე დამიწყო ყვირილი, ეს რა დანაშაულებები გქონიათ შენ და შენს “ბანდას” ჩადენილი, ხალხს ძარცვავდითო... ვუთხარი, რომ ამ ტონით არ გაეგრძელებინა ჩემთან ლაპარაკი, რამეთუ თვითონაც კარგად იცოდა, სინამდვილეში, რა ფაბრიკაციაც გააკეთეს, როგორ მიიღეს მოწმეებისგან სასურველი ჩვენებები და მე ისედაც ყოველმხრივ განადგურებული ვიყავი და ჩემი შემდგომი “დამუშავება” საჭირო აღარ იყო.

გელა გელაშვილმა დამიწყო ახსნა, რომ ზემდგომი სასწრაფოდ ითხოვდა ჩვენი საქმიდან 2 მილიონის შეტანას ბიუჯეტში და ეს უსიკვდილოდ იმ თვეშივე (იანვარი) უნდა მომხდარიყო.

სქემა ასეთი იყო: რომელიმე ქართული ბანკი მოგვცემდა 2 მილიონი ლარის სესხს, რაშიც თვითონაც დაგვეხმარებოდნენ. ამ სესხის უზრუნველსაყოფად ჩვენ დავაგირავებდით “ფინაგრო”-სა და ფონდის მთლიან ქონებას, ასევე, 6 “გაკრიმინალებული” თანამშრომლის პირად ქონებასაც, თანხა გადავიდოდა ორგანიზაციის სალაროში და ამ თანხას ვითომ მოლარე მიითვისებდა. პროკურატურა აღკვეთდა ამ დანაშაულს, თანხა წავიდოდა ბიუჯეტში, მოლარე სულ ერთი კვირა ეყოლებოდათ დაკავებული, შემდეგ, გამოუშვებდნენ და 2 წელს პირობითს მიუსჯიდნენ. ასევე, ორ-ორ წელს პირობითს მოგვისჯიდნენ ჩვენც. გელაშვილი მპირდებოდა, რომ რამდენიმე თვეში ეს პირობითიც მოგვეხსნებოდა და  ნასამართლეობაც.

მარწმუნებდა, რომ ეს იყო ყველაზე მოკლე გზა, არ მოგწყინდა ჩვენთან ყოველდღე სიარული? მიდი და დაელაპარაკე შენს მოლარეს, შეპირდი რამეო. ამაზე სასტიკი უარი განვაცხადე და ვუთხარი, ისიც საკმარისია, თავად რომ ვმონაწილეობ ამ სიბინძურეში და უდანაშაულო ადამიანს ამ თემაზე დალაპარაკებას ვერც გავუბედავ-მეთქი.

გელაშვილი: _ მაშინ, გაინძერით, ძმაო და თავად იშოვეთ ეგ თანხა! ისე, ახლავე რომ დაგიპატიმრო ხუთივე თანამშრომელი, იშოვი მაგ თანხას და მოიტან, აბა, რას იზამ?!

რაკი შემოთავაზებულ ვარიანტზე ვერ დამითანხმა, მითხრა, რომ ზემოთაც შეეკითხებოდა, ექსპერტებსაც ჩართავდნენ და რაღაც სხვა ვარიანტს მოიფიქრებდნენ, დათქმული დროისათვის მინისტრის დავალება რომ არ შევასრულოთ, არ გამოვაო.

მომდევნო დღეს დამირეკა გელაშვილმა და მითხრა, ეროვნულ ბანკში, ქადაგიძესთან ჩვენი სესხის თაობაზე მივსულიყავი. ეროვნულ ბანკში შემხვდნენ ქადაგიძის მოადგილე ლაშა ჯუღელი და უკვე ნახსენები ქალბატონი მანანა ციციშვილი. შეხვედრაზე გამოვთქვი საყვედური, რომ პროკურატურაში ძალიან უსამართლოდ გვექცეოდნენ და არაადექვატურ თანხას გვთხოვდნენ _ 2 მილიონის გადახდა, პრაქტიკულად, ორგანიზაციის გაკოტრების ტოლფასი იყო, როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, კურატორებსა და კოლეგებს ვთხოვე, რომ ეშუამდგომლათ პროკურატურასთან და მოთხოვნილი თანხა შეემცირებინათ, დაეყვანათ ერთ მილიონზე. ამ შემთხვევაში, ორგანიზაციას კიდევ რჩებოდა გადარჩენის შანსი. ორივესგან, თანაგრძნობის ნაცვლად, ცინიკური მზერა ვიგრძენი. ლაშა ჯუღელმა კი განმიმარტა, ასეთ საქმეებზე ვაჭრობა არ მოსულაო და მირჩია, გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარიყავი, მთლად მათ იმედზე არ დავრჩენილიყავი და მეაქტიურა ბანკებთან 2 მილიონიანი სესხის მისაღებად. ვერავინ შემაცვლევინებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ორივე პიროვნება (ციციშვილი და ჯუღელი) იყვნენ არა ეროვნული ბანკის, არამედ, პროკურატურის სტაჟიანი თანამშრომლები. ეროვნული ბანკის ერთ- ერთი უპირატესი მოვალეობაა, იზრუნოს საფინანსო ინსტიტუტების სტაბილურობაზე, “ფინაგრო”-სთან მიმართებაში კი, პირველი დღიდანვე ისინი იქცეოდნენ, როგორც ჩვენი ორგანიზაციის დანგრევის, სულ მცირე, ხელშემწყობნი, თუ ინიციატორები არა და, საერთოდ, ეროვნული ბანკის მაშინდელი (სამწუხაროდ, ჯერჯერობით დღევანდელიც) მმართველი გუნდი  წარმოადგენდა პროკურატურის ერთ-ერთ დანაშაულებრივ განყოფილებას, რასაც ადასტურებს საყოველთაოდ ცნობილი მათი ქმედებები ჯერ “კონსტანტასთან”, შემდეგ “ფინაგრო”-სთან და უფრო მოგვიანებით, “კრისტალთან”, “ქართუ ბანკსა” და არაერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმართებაში, როცა მათ საზოგადოებას თავი გააცნეს, როგორც პროკურატურის ბინძური საქმეების ბინძურმა შემსრულებლებმა.

...იმავე დღეს დამირეკა ლაშა ჯუღელმა და მითხრა, რომ მელოდებოდნენ “საქართველოს ბანკში”. “საქართველოს ბანკში” შეგვხვდა მთელი ტოპ-მენეჯმენტი (ირაკლი გილაურის გარდა), 10 თუ 12 ადამიანი, გამოგვკითხა “ფინაგრო”-ს შესახებ, დაიტოვა ფინანსური უწყისები და გვითხრა, რომ პასუხს შეგვატყობინებდა მომდევნო საღამომდე... მეორე დღეს დამირეკეს “საქართველოს ბანკიდან” და მითხრეს, რომ სესხს ვერ მოგვცემდნენ და თუ გვაწყობდა, მთლიანად იყიდიდნენ “ფინაგრო”-ს  და გადაიხდიდნენ 2 100 000 ლარს. ვუპასუხე, ეს წინადადება არასერიოზულია და ჩვენი ორგანიზაციის რეალური ფასი, სულ მცირე, სამჯერ მეტია, ჰკითხეთ ქადაგიძეს, რამდენად შეგვაფასა-მეთქი. კარგი, მაშინ, 200 ათასს დაგიმატებთო. მივუგე, თქვენი წინადადება, სულ მცირე, შეურაცხმყოფელია-მეთქი და ამით დავამთავრე “საქართველოს ბანკთან” ურთიერთობა. ეს ყველაფერი ცალ-ცალკე მოვახსენე გელაშვილსა და ჯუღელს. ორივენი დამეთანხმნენ, რომ სწორად მოვიქეცი და წინადადება, მართლაც, არ იყო მისაღები. მომდევნო დღეს მითხრეს, რომ დავკავშირებოდი “ლიბერთი ბანკის” მმართველს ვლადიმერ გურგენიძეს. გურგენიძემ შემითანხმა შეხვედრა, იქაც შეგვხვდა 10 ადამიანამდე, შეხვედრას უძღვებოდა თვით ლადო გურგენიძე, გაგვესაუბრნენ, გამოგვართვეს ფინანსური უწყისები და გავიდნენ სათათბიროდ. საათნახევარში უკან დაბრუნდნენ, ლადო გურგენიძემ კატეგორიული ტონით გამოგვიცხადა, რომ გადაწყვიტეს, მოგვცენ 2 მილიონის ლარის ოდენობის სესხი 10-დღიანი ვადით, წლიური 17% განაკვეთით, უზრუნველყოფაში ჩავდებდით ფონდის და “ფინაგრო”-ს მთლიან ქონებას, აგრეთვე, ამ ორგანიზაციების მენეჯმენტის პირად ქონებას. გავიკვირვე და ვუთხარი, რომ პროკურატურა და ეროვნული ბანკი, ვისი ნებითაც აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში, სულ მცირე, 10-წლიან სესხს გვპირდებოდნენ და 10-დღიანი სესხი საიდან მოიტანეთ-მეთქი? მან თავხედურად მომიგო, მეტი რა გინდა შენ სიტუციაში მყოფ კაცს, ეგ 10 დღე იმისთვის მოგეცი, რომ იქნებ, ვინმე მოძებნო და თქვენი აქციები ცოტა მეტად გაყიდოო. კი, მაგრამ თქვენ ამ საქმეში ყველაზე გამოცდილი პიროვნება ხართ და 10 დღე რამდენად რეალურად გეჩვენებათ-მეთქი? მაშინ ერთ პირობასაც ვამატებ, როგორც კი, სასესხო ხელშეკრულებას მოაწერ ხელს პირადად შენ და ყველა შენი ასაკის თანამშრომელი, მაშინვე წახვალთ სამსახურიდანო, _ მიპასუხა გურგენიძემ. მის თავხედობაზე ძალიან ავღელდი და ვუთხარი, შეიძლება, შენი დონის ბანკირი არ ვარ, მაგრამ რეალურად, შენი კოლეგა ვარ და ვერ ვიხსენებ რომელიმე კანონს ან დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს სესხის გამცემ ბანკს, რომ მსესხებელ იურიდიულ პირს განუსაზღვროს, თუ ვინ უნდა დარჩეს მენეჯმენტში და ვინ _ არა, შენ თავი, მგონი, ისევ პრემიერ-მინისტრი გგონია, თუმცა ასეთი უფლებები არც პრემიერს აქვს კერძო ორგანიზაციასთან მიმართებაში და, საერთოდ, რას გავს შენი, როგორც ბანკირის მიდგომა პოტენციურ კლიენტთან-მეთქი. გურგენიძე ჩემგან ასეთ რეაქციას არ ელოდა და მითხრა, კარგი, ახლა სესხს თუ არ მოგცემ, რა იქნებაო? რა იქნება და, ციხეში წავალ და შენნაირ საქვეყნოდ ცნობილ ავანტიურისტს არ ჩავუგდებ ხელში ამდენი შრომით, 15 წლის განმავლობაში ნაშენებ ორგანიზაციას-მეთქი.

ამის შემდეგ, ფლობდა რა ჩვენს ფინანსურ უწყისებსა და მსესხებლების ინფორმაციას, “ლიბერთი ბანკის” გორის ფილიალიდან ურეკავდნენ ჩვენს დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე მსესხებლებს და სთავაზობდნენ თანამშრომლობას უკეთესი პირობებით, ეუბნებოდნენ, “ფინაგრო” მაინც მალე გაკოტრდება, ყველა თანამშრომელს დაიჭერენ და გადმოდით ჩვენთანო. აი, ესაა “ლიბერთი ბანკისა” და მისი ხელმძღვანელის, ლადო გურგენიძის რეალური სახე.

გელა გელაშვილს მოვუყევი, რაც მოხდა, თითქოს გაბრაზდა, ეგ ჩვენ სხვანაირად შეგვპირდაო. არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. გასაგებია, რომ არ დათანხმდი, მაგრამ რა ვქნათ, დავალების შესრულების ვადა გვეწურება და მინისტრს რა პასუხი გავცეო. ვუთხარი, რომ 10-დღიან სესხსა და ორგანიზაციის ბანკისთვის ჩუქებაზე არ დავთანხმდებოდი _ ისეთ თავისუფლებაზე ყოფნა არ მიღირდა, რომ ჩემი 40 თანამშრომელი ქუჩაში დამეტოვებინა. ლაჩარის სახელი, მათი დახმარებით, უკვე მქონდა და მოღალატის სახელით ვერ ვიცხოვრებდი! მივედი ალექსანდრე მგელაძესთან და ვუთხარი, რომ გადავეყვანე საპატიმროში _ აღარ ვაპირებდი მათთან ურთიერთობას. მან გაიღიმა, არ ხარ დასაჭერი და რატომ უნდა დაგიჭიროო? იმავე დღეს გელაშვილმა, გვიან ღამით, ისევ დამიბარა და მითხრა, საბოლოოდ უკვე ჩამოვყალიბდით, ხვალ მიხვალ “თი ბი სი ბანკში”, იქ უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და მოგცემენ 2 მილიონ ლარს სესხს თავიდან 3 თვის ვადით და მერე, გარანტად ჩვენ გიდგებით, რომ გავაგრძელებინებთ რამდენი ხნითაც დაგჭირდებაო. სესხი გაფორმდება “ფინაგრო”-ზე, როგორც ბიზნეს სესხი. შენ დღესვე გამოცვლი შრომით ხელშეკრულებებს “ფინაგრო”-ს 4 თანამშრომელთან და კონტრაქტში ჩაუწერ, რომ 2007 წელს შეპირდი, 2012 წლის 1 თებერვლამდე, დამატებითი ანაზღაურების სახით, მისცემდი 500-500 ათას ლარს, ჯამში, გამოდის 2 მილიონი ლარი. ეს ფული გადანაწილდება 6 კაცზე გირაოს სახითო და გადმომცა დაბეჭდილი ფურცელი, რომელზეც ეწერა, თუ ვისზე რა თანხა უნდა შესულიყო გირაოს სახით. შემდგომში, “ფინაგრო”-ს დირექტორს (ი. არდემანაშვილი), რომ არავინ შეედავოს, ერთ მუხლსაც დავუმატებთ სესხის არამიზნობრივ გამოყენებაზე და ყველანაირად “გაპრავებული” იქნება, ახლა რამეზე აღარ შემედავო, ამ სქემაზე ქვეყნის ხალხი მუშაობდა და “პირველმაც” მოიწონაო.

ვუთხარი, რომ რაკი ეს 2 მილიონი ხელზე მისაღები თანხა უნდა ყოფილიყო, დარიცხული ხელფასი 2 500 000 იქნებოდა, მას 20% საშემოსავლო, ანუ 500 ათასი ლარი უნდა დარიცხოდა და ეს როგორ იქნება-მეთქი? ეგ პრობლემა არაა, ჩვენ მოვუვლით შემოსავლების სამსახურს, გაგიკეთებთ საგადასახადო შეთანხმებას და კაპიკებს გადაიხდიო. თუ ამხელა თანხებს გადავიხდით გირაოს სახით, იქნებ, ადმინისტრაციულ სასჯელზე გადაგვატაროთ-მეთქი. არა, ეგ არ გამოვაო, 2-2 წელს პირობითებს გაგიფორმებთ და, კაცურ სიტყვას გაძლევ, რამდენიმე თვეში მოგიხსნითო. ვუთხარი, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის ინსტრუქციით, არც ერთ ჩვენგანს აღარ გვექნებოდა საფინანსო ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების უფლება, როგორც ნასამართლევებს და “ფინაგრო” მენეჯმენტის გარეშე დარჩებოდა.

_ ეროვნული ბანკი ჩვენია, ვეტყვით და თვალს დახუჭავს, არ მოგთხოვს ნასამართლეობის ცნობის მიტანას. აი, თუ არ გჯერა, წინ მიდევს ბანკ “კონსტანტა”-ს დირექტორის, ლევან ლებანიძის განცხადება, ახლა უნდა მოვუხსნა პირობითი და ვინმეს აუკრძალია მისთვის ამ თანამდებობაზე მუშაობა? აბა, თქვენ იცით, ხვალ, დილის 11 საათზე, ყველანი “თი ბი სი”-ში უნდა იყოთ.

დერეფანში შემხვდა ალექსანდრე მგელაძე და მკითხა, თუ როგორ მიდიოდა ჩვენი საქმე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქმის კურსში არ იყო, თუ რას გვთავაზობდა გელაშვილი. მოკლედ მოვუყევი ყველაფერი, მან თავი გადააქნია და თქვა, ეგ რა სისულელე მოუფიქრებიათ, მშვენიერი გეგმა მქონდა _ ფონდს გავაუქმებდი, სხვა ფონდიც შერჩეული მქონდა, რომელსაც თქვენ ქონებას გადავცემდი, “ფინაგროს” აქციებს კი, “ლიბერთი ბანკი” სიამოვნებით ყიდულობდა 2 მილიონად, ეს ფული ბიუჯეტში წავიდოდა და “პირველის” დავალებასაც შევასრულებდიო.

მეორე დღეს, 2012 წლის 1 თებერვალს, ყველანი მივედით “თი ბი სი ბანკში”, იქ, რა თქმა უნდა, გველოდნენ. სასწრაფოდ დაიწყეს ხელშეკრულებების გაფორმება _ უკვე ჰქონდათ ინსტრუქცია, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ჩვენთვის არაფერი უკითხავთ, ან რა თანხას ვითხოვდით, ან სად უნდა წასულიყო თანხა. უფრო მეტიც, ერთ-ერთ თანამშრომელს ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა, თუ ვისზე რა თანხა უნდა გადარიცხულიყო გირაოს სახით (ეს სია, ცხადია, პროკურატურამ მიაწოდა), მიმღებად მითითებული იყო თბილისის აღსრულების ბიუროს ანგარიში “ლიბერთი ბანკში”. ხელშეკრულებების გაფორმებას, ხელმოწერებს და ნოტარიალურ დამოწმებას, ცხადია, საკმაო დრო სჭირდებოდა. გელა გელაშვილი ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა და მეკითხებოდა, თუ რა ხდებოდა, ჩაირიცხა თუ არა ფული. ამასთანავე, აგვყვებოდა და გვითვალთვალებდა ორი პიროვნება, რომელიც ბანკის თანამშრომელი არ იყო. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი მათგანი წინა დღეებში ნანახი მყავდა პროკურატურაში.

ამასობაში, შესრულდა 14 საათი. გელაშვილმა კვლავ დამირეკა და როცა გაიგო, რომ ფული ჯერ კიდევ არ იყო გადარიცხული, აღშფოთდა და მითხრა, რომ ტელეფონი ბანკის თანამშრომლისთვის მიმეწოდებინა. ყურმილი ბანკის თანამშრომელ გიორგი შიხაშვილს გადავეცი, ამ წესიერმა ახალგაზრდამ გელაშვილს უთხრა, რომ 15 წუთში გადაირიცხებოდა ფული “თი ბი სი”-დან, მაგრამ რამდენ ხანში მოხვდებოდა მითითებულ ანგარიშზე “ლიბერთი ბანკში”, ამის თქმა გაუჭირდებოდა. მან აუხსნა გელაშვილს, რომ თბილისის აღსრულების ბიუროს “თი ბი სი ბანკშიც” ჰქონდა ანგარიში და თუ ამ ანგარშზე ჩარიცხავდა ფულს, მაშინ თანხა რამდენიმე წამში დაჯდებოდა. გელაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა, რომ თანხა აუცილებლად გადარიცხულიყო მხოლოდ და მხოლოდ თბილისის აღსრულების ბიუროს “ლიბერთი ბანკის” ანგარიშზე.

მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ არ მიიღო გელაშვილმა ეს გონივრული შეთავაზება და რატომ მოითხოვა ასე კატეგორიულად თანხის გადარიცხვა, მაინც და მაინც, “ლიბერთი ბანკში”? მე, როგორც ფინანსური ინსტიტუტის საკმაო სტაჟის მქონე თანამშრომელი, დარწმუნებული ვარ, რომ ამის უკან სერიოზული კორუფციული სქემა იმალება. ამ ეჭვს ისიც მიდასტურებს, რომ ახალი მთავრობის მოსვლის პირველივე დღეებში, “ლიბერთი ბანკის” შენობის ერთ-ერთ სართულზე (ალბათ, იქ, სადაც დოკუმენტაცია ინახებოდა), ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაიწვა.

15 საათისათვის ფული უკვე გადარიცხული იყო, ანუ რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთი და იგივე თანხა _ 2 მილიონი ლარი, როგორც სესხი, მოხვდა “ფინაგრო”-ს ანგარიშზე, ანგარიშიდან "გაიცა" ხელფასი 500-500 ათასი ლარის ოდენობით “ფინაგრო”-ს ოთხ თანამშრომელზე და გადაირიცხა თბილისის აღსრულების ბიუროს ანგარიშზე “ლიბერთი ბანკში”, როგორც 6 “ბრალდებულის” გირაოს თანხა ისე, რომ ეს თანხა თვალით არც გვინახავს.

ბანკიდან ყველანი წავედით პროკურატურაში, იქ უკვე სულ სხვანაირად შეგვხვდნენ _ როგორც ძველ მეგობრებს, გელაშვილიც და მგელაძეც აშკარად გახარებულები იყვნენ და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში გაამზადებდნენ დოკუმენტაციას სასამართლოსთვის და ერთხელაც დაგვიბარებდნენ, რათა ხელი მოგვეწერა, შემდეგ წავიდოდით სასამართლოში და ამით, პრაქტიკულად, დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ, ყველანი გაცვივდნენ ე.წ. მოსმენაზე “პირველთან” და გვთხოვეს, დავლოდებოდით. ერთ საათში დაბრუნდნენ და მომილოცეს, “პირველი” დაგვთანხმდა, ჭონიშვილი ადმინისტრაციულ ჯარიმაზე გადაატარეთ და პირობითს ნუღარ მიუსჯით, სამწუხაროდ, დანარჩენებზე არ გამოვიდა და 2-2 წელს მივუსჯით პირობითს, თუმცა პირობა ძალაში რჩება და რამდენიმე თვეში დავუძახებთ და ნასამართლეობას მოვუხსნით, შენ კი, სუფთა იქნები და იმედია, ბიჭებს შეინახავ. ეროვნული ბანკი კი “დაიკიდე” და არ მიუტანოთ ცნობები ნასამართლეობაზეო, ჩვენც გავაფრთხილებთ ქადაგიძეს, რომ ამ საკითხზე არ “მოგაწვეთო”.

3 თებერვალს კვლავ გამოვცხადდით პროკურატურაში და მოგვაწერინეს ხელი აღიარებით ჩვენებებზე, დაკითხვის ოქმებსა და სხვადასხვა დოკუმენტზე. 6 თებერვალს ჩატარდა პირველი სასამართლო, პროკურორი იყო მიხეილ ჯინჯოლია, მოსამართლე, თუ არ მეშლება, _ ქალბატონი არეშიძე. სასამართლოს დაწყებამდე მიხეილ ჯინჯოლიამ გვერდზე გამიყვანა და მითხრა, გამეფრთხილებინა ყველა, მოსამართლესთვის არ გვეთქვა, რომ გირაოს თანხა უკვე გადახდილი გვქონდა. წინასწარ იმიტომ გადაგახდევინეთ, რომ საქმე გაგვეადვილებინაო. სასამართლო 15 წუთს გაგრძელდა, აღმკვეთი ღონისძიების სახით, შეგვეფარდა გირაო და მოგვეცა 10-დღიანი ვადა გირაოს თანხის შესატანად. არადა, როგორც მოგახსენეთ, გირაოს თანხა პირველ თებერვალს უკვე გვქონდა შეტანილი. მეორე სასამართლო დაინიშნა 23 მარტს.  სასამართლოდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაგვიბრუნეს ჩვენი საბუთები.

2012 წლის 8 თებერვალს მომივიდა ოფიციალური მოწვევა ნორვეგიიდან, რომლის მიხედვითაც, 26 თებერვლიდან 2 მარტამდე მიწვეული ვიყავი ნორვეგიაში, კერძოდ, ქალაქ თრომსოში მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ნორვეგიული ფირმა “Akvaplan Niva”-ს მიერ. დაგეგმილი იყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და საინვესტიციო კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრები. ჩემთან ერთად, მიწვეულნი იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებიც. მოწვევის მიღებიდან მეორე დღესვე, შევხვდი გელაშვილს და მგელაძეს, წარვუდგინე ოფიციალური მიწვევა, ავუხსენი, ჩვენი ფონდისა და ქვეყნისათვის რამდენად მნიშვნელოვან საქმეზე მივდიოდი და ვკითხე, ამეღო თუ არა ე.წ. შენგენის 10-დღიანი ვიზა, პროკურატურა წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა, რომ 4 დღით გავსულიყავი ქვეყნიდან. ორივემ მითხრა, რომ საქმე უკვე დასრულებული იყო, დოკუმენტაცია დაბრუნებული, რაც მთავარია, გირაო გადახდილი, დარჩენილი იყო ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც სუფთა ფორმალობა იყო და, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, წადი, რა პრობლემაა, ოღონდ ისე დაგეგმე, რომ სასამართლოზე აქ იყოო.

უცებ, გელაშვილმა გაიხსენა, შენი საქმე როცა დავიწყეთ, მგონი, მაშინ “გაგაწითლეთო” და დაავალა ალექსანდრე მგელაძეს, რომ დაერეკა და ჩემი გვარი ამოეღებინა შეზღუდვიდან. 26 თებერვლამდე რამდენიმეჯერ შევახსენე მგელაძეს, მოხსნილი მქონდა თუ არა შეზღუდვა. ვიზის აღების დღეს, მივედი პროკურატურაში, შევხვდი მგელაძეს და ვაჩვენე ვიზა, ავიაბილეთების ბრონი და მივუთითე, რომ ვიზა 10-დღიანი იყო და 2 მარტს ვბრუნდებოდი საქართველოში. ამას რატო მაჩვენებ, რა საჭიროა, ბატონო გიორგი, რამდენი ხანია, შეზღუდვა მოგიხსენით, გაემგზავრეთ, თქვენთან მიმართებაში პრობლემა არ გვაქვსო.

25 თებერვალს, გამგზავრების წინა დღეს, ჩემი ადვოკატი ხვდებოდა მგელაძეს და ჰკითხა ჩემი გასვლის შესახებ, ადვოკატსაც იგივე პასუხი გასცა. 26 თებერვალს, დილის 7 საათზე, გამოვცხადდი თბილისი-რიგა-ოსლო-ს რეისზე, გავიარე რეგისტრაცია, ჩავაბარე ბარგი, გავედი საბაჟო კონტროლზე, მალოდინეს ნახევარი საათი და მითხრეს, რომ ვერ დავტოვებდი ქვეყანას, რამეთუ კომპიუტერი თანხმობას არ იძლეოდა... დავურეკე ალექსანდრე მგელაძეს და ვუთხარი, რაც ხდებოდა. მიპასუხა, გამორიცხულია, რაღაც გაუგებრობაა, აბა, მებაჟე დამალაპარაკეო. მებაჟემ სასტიკი უარი განაცხადა დალაპარაკებაზე, პრეზიდენტიც რომ იყოს, ვერ დაველაპარაკები, უფლება არ მაქვსო... რამდენიმე წუთში გამომიცხადეს, მოხსნილი ხართ რეისიდანო და დამიბრუნეს ბარგი.

ძალიან ვინერვიულე, ამიწია არტერიულმა წნევამ და დამეწყო მოციმციმე არითმია. 3 დღე ლოგინიდან არ ავმდგარვარ. ასეთი მორალური შეურაცხყოფა არასოდეს მოუყენებიათ! ჩემმა ორგანიზაციამ, პრაქტიკულად, დაკარგა მეტად პერსპექტიული კონტრაქტის გაფორმების შანსი, პარტნიორმა სერიოზული თანხა დახარჯა ჩემს მიწვევაზე, მე კი, საქართველოს პროკურატურის ღირსებისშემლახველი მოპყრობის გამო, არასერიოზული და საეჭვო რეპუტაციის მქონე პარტნიორი გამოვდექი. შემდგომში, მგელაძეს ჩვენი ადვოკატისთვის უთქვამს, არ უნდა, ნუ მლანძღავს და ყველასთან ნუ ახმოვანებს მომხდარს, მართლა გაუგებრობა იყო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეშვეობით “ვაწითლებთ”. მართლა დავურეკე მათ და ვუთხარი, რომ მოეხსნათ შეზღუდვა, მაგრამ თურმე, დავიწყებიათო.

2012 წლის 23 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ გამოგვიტანა განაჩენი... 26 მარტს დამირეკა გელა გელაშვილმა და მითხრა, რომ მივსულიყავი შემოსავლების სამსახურში და მენახა შალვა კოპალეიშვილი, რომელიც მელოდებოდა საგადასახადო შეთანხმების საკითხზე. შევხვდი ამ პიროვნებას, რომელმაც დამაწერინა განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. განცხადებაში ჩამაწერინეს, რომ თითქოს 2007 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 მარტამდე პერიოდში სს მისო “ფინაგრო”-ს საშემოსავლო გადასახადში აღმოაჩნდა 500 000 ლარის ოდენობის არადეკლარილებული და შეუსრულებელი ვალდებულება. მართლაც, 2012 წლის 12 აპრილს გამოიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება ¹512, ბრძანებას ხელს აწერს ნ. გილაური, რომლის მიხედვითაც ნება დაერთო შემოსავლების სამსახურს, დაეკმაყოფილებინა ჩვენი განცხადება და გაეფორმებინა შეთანხმების აქტი იმ პირობით, რომ 500 000 ლარის ნაცვლად, გადავიხდიდით 5 000 ლარს 30 დღის ვადაში.

ამ ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 30 აპრილს გაგვიფორმა შესაბამისი საგადასახადო შეთანხმება. ამის შემდეგ, 2012 წლის 5 მაისს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოსცა ¹7776 ბრძანება, რომ სს მისო “ფინაგრო”-ს დარიცხოდა საშემოსავლო გადასახადში ძირითადი გადასახადის თანხა 5000 ლარის ოდენობით და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, აესახა ეს დარიცხვა “ფინაგრო”-ს პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ამით დამთავრდა ჩვენი “გაწეწვის” ოპერაცია. “ფინაგრო”-ს 5 თანამშრომელი, კვირაში ერთხელ ცხადდება პრობაციის ადგილობრივ ბიუროში. სს მისო “ფინაგრო” კი, 6 თვის განმავლობაში, პარალიზებული იყო _ სესხებს ვეღარ გასცემდა და იხდიდა მხოლოდ სესხს “თი ბი სი ბანკის” სასარგებლოდ. სესხის გადახდა დავასრულეთ 2012 წლის 30 ოქტომბერს. 2 მილიონი ლარი სესხის ძირითადი თანხა, 93 549 სესხის პროცენტი, 6000 ლარი სესხის გაცემის საკომისიო, 9559 ლარი ნოტარიუსის მომსახურების საფასური. 5000 ლარი ტყუილად გადახდილი საშემოსავლო გადასახადი და 2987 ლარი სესხის რესტრუქტურიზაციის საკომისიო. პროკურატურის მიერ სს მისო “ფინაგრო”-სათვის მიყენებულმა პირდაპირმა ფინანსურმა ზარალმა სულ შეადგინა 2 117 095 ლარი, აღარაფერს ვამბობ თანამშრომლების პირად დანახარჯებზე _ ტრანსპორტის ხარჯები, გირაოს შეტანისას გადახდილი ბანკის საკომისიო (2 000 ლარი), ადვოკატის ანაზღაურება (2 000 ლარი). როგორ და რამდენად უნდა შევაფასო მორალური ზარალი, წარმოდგენა არ მაქვს. პირადად მე, თვენახევრის განმავლობაში, 39-ჯერ ვიმყოფებოდი პროკურატურაში დაკითხვაზე. რამდენიმე თვის განმავლობაში, ექიმის დანიშნულებით, ვიღებდი ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ბოლომდე ჯერაც ვერ განვიკურნე. დღესაც ვარ ყოველმხრივ დემორალიზებული, ნახევრად შრომისუუნარო, უკიდურესად გამირთულდა შაქრიანი დიაბეტი, ხშირად მაქვს მოციმციმე არითმიის შეტევები, არადა, 2010 წელს გავიკეთე ძვირადღირებული გულის აბლაციის ოპერაცია და, რომ არა ეს ნერვიული სტრესები, სრულად განკურნებული ვიყავი მოციმციმე არითმიისაგან. ახლა მჭირდება გაცილებით რთული, განმეორებითი ოპერაცია და ექიმები ვერ მაძლევენ განკურნების გარანტიას. სიმართლე გითხრათ, არც მატერიალური საშუალება მაქვს ასეთი ოპერაციისთვის.

ანალოგიურ დღეში არიან “ფინაგრო”-ს დანარჩენი “ბრალდებული” თანამშრომლებიც _ გენერალურ დირექტორ ივანე არდემანაშვილს გასული წლის აგვისტოში განუვითარდა იშემიური ინსულტი, იყო მძიმე მდგომარეობაში, 10 დღე გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. დანიშნული აქვს ხანგრძლივი მკურნალობის კურსი.

მინდა, აგიხსნათ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა სს მისო “ფინაგრო”: როცა ორგანიზაცია ერთ დღეში დაკარგავს საკუთარი აქტივების ნახევარს, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მძიმე ფინანსური პრობლემები შეექმნება. ჩვენი საქმიანობის გაფართოების ერთადერთი საშუალება დღეისათვის, ტრადიციულად, უცხოური ბანკიდან, ან რომელიმე დონორისაგან დაბალპროცენტიანი სესხის აღებაა. სესხის გაცემამდე პარტნიორი ეცნობა ჩვენს ფინანსურ უწყისებს, ან ატარებს მოკლევადიან შემოწმებას ადგილზე და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა კი, გვიკარგავს ასეთი სესხის მიღების ყველანაირ შანსს, ზარალიან და საკუთარი აქტივების “გამფლანგველ” ორგანიზაციას, ცხადია, არავინ ენდობა (საკუთარ ფულს არ გაუფრთხილდით და ჩვენსას რას უზავთო). დარჩენილი სასესხო პორტფელი კი, არ გვაძლევს ორგანიზაციის დღევანდელი სტრუქტურით შენარჩუნების საშუალებას. ძლივსღა ვახერხებთ თანამშრომლებისათვის ხელფასის დროულად გაცემას, კვარტალურ და წლიურ პრემიებზე ხომ ლაპარაკიც არაა, რაც ქმნის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური კადრების გადინების საფრთხეს. “ფინაგრო” დღესაც ერთადერთი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც იძლევა უპირატესად სასოფლო  სამეურნეო სესხებს (მთლიანი სასესხო პორტფელის 85% აგროსესხებია), დღემდე კადრების დენადობა არ გვქონია, პერსონალი დაბალანსებული და მაღალკვალიფიციურია. გვაქვს სოფლის მეურნეობაში სესხების გაცემის 15-წლიანი გამოცდილება, გვაქვს საკრედიტო წესებისა და პროცედურების საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით შედგენილი და აპრობირებული წესდება. დღეს ყველა სამართლიანად თვლის, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებაშია საქართველოს ხსნა და ამ საქმეში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მრავალი სიკეთის გამკეთებელ ორგანიზაციას საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ზემოაღწერილი “ყაჩაღური”  ქმედებებით, პრაქტიკულად, მოგვისპეს მუშაობის შესაძლებლობა”.