სხვადასხვა დროს მთავრობები საქართველოს სოფლის მეურნეობის პერსპექტიულ მიმართულებად სხვადასხვა პროდუქციის წარმოების გაზრდას ასახელებდნენ. ჯერჯერობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდაში არც ერთ მათგანს გარდატეხა არ შეუტანია. კითხვაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის რომელ პროდუქციას აქვს ზრდის რეალური პერსპექტივა, გარკვეულ პასუხს იძლევა საერთაშორისო ექსპერტის რემერ ლეინის მარკეტინგული კვლევა.
ერთი კვირის წინ გაგაცანით საერთაშორისო ექსპერტის რემერ ლეინის რამდენიმე მოსაზრება საქართველოს სოფლის მეურნეობის პერსპექტივების შესახებ. რემერ ლეინი თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მოწვევით იმყოფებოდა. მან საქართველოს აგრარული ბიზნესის მარკეტინგული ანალიზის პრეზენტაცია მოაწყო.
საერთაშორისო ექსპერტის რემერ ლეინის კვლევა ძირითადად საქართველოს სოფლის მეურნეობის ორ პროდუქტს შეეხება. ესენია თხილი და მანდარინი. ამ სფეროებს მარკეტინგის გაუმჯობესების შემთხვევაში, მოგების ზრდის სერიოზული პოტენციალიც აქვს:
”მსოფლიოს ვერ ვაგებინებთ რა გვაქვს გასაყიდი, განსაკუთრებით იმას ვერ ვატყობინებთ მსოფლიოს, რამდენად კარგია ქართული პროდუქცია. ეს მოითხოვს დამოკიდებულების შეცვლას. მას შეუძლია, ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, პროდუქციის ფასი გაზარდოს, თუ ხალხის აღქმა შეიცვლება. ამიტომ ჩვენ ხალხს უნდა ავუხნათ, გავაცნოთ, რომ ეს განსხვავებულია, ეს კარგია”.
რემერ ლეინის კვლევის თანახმად, საქართველოს მეორე ადგილი უკავია თხილის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. მასზე ბაზრის 6 პროცენტი მოდის, ხოლო პირველ ადგილზე მყოფ თურქეთს ბაზრის 74 პროცენტი უკავია. თუმცა საქართველოს თხილის პროდუქცია გაცილებით იაფია, ვიდრე თურქეთის ან თხილის მწარმოებელი სხვა ქვეყნებისა. რემერ ლეინი ირწმუნება, რომ ამ სტატისტიკის გაუმჯობესება კიდევ შეიძლება, მით უმეტეს, რომ წელს საქართველოში თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან - განსაკუთრებით ის ფერმერები, რომლებიც „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ კონსულტაციებით სარგებლობენ:
„ფერმერებს აქვთ კავშირი ”ფერეროსა” და EPI-ის პროექტთან და მათი დახმარებით ცვლიან პრაქტიკას, თავიანთ ქცევას თხილის წარმოებაში. და სწორედ ამ დახმარებამ დიდი ზეგავლენა იქონია ამას წინათ მომხდარი ქარიშხლის დროს. ამ დროს ძალიან ბევრი თხილის ნარგავი დაზიანდა. არ დაზიანდა იმათი თხილი, ვინც შეცვალა და გააუმჯობესა მუშაობის პრაქტიკა, იმიტომ რომ მათი ნარგავების კვირტები უფრო გამძლე აღმოჩნდა და არ დაკარგა ბევრი კვირტი”.
რემერ ლეინის აზრით, ამ შემთხვევამ ბევრ ფერმერს დაანახვა, თუ რამდენად სასარგებლოა მეურნეობის წარმოების თანამედროვე მეთოდების გაზიარება.
მეორე დარგი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს აგრარული ბიზნესის განვითარებისთვის, არის მანდარინის წარმოება. საქართველოს საექსპორტო ბაზარი ბოლო წლებია თითქმის მთლიანად დამოკიდებულია უკრაინაზე. აგრობიზნესის ექსპერტის რემერ ლეინის განცხადებით, ქართული მანდარინის ხარისხის გაზრდასთან ერთად შეიძლება მისი შეფუთვის გაუმჯობესება და პი-არ კამპანიების წარმოება სხვა ქვეყნებში, ქართული პროდუქციის უპირატესობების წარმოჩენის მიზნით.
კვლევის თანახმად, რუსეთის ფედერაცია მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა მანდარინის იმპორტის თვალსაზრისით და ამ ქვეყნის ბაზრის გახსნა გარკვეულ პერსპექტივებს უქმნის ქართული მანდარინის ბიზნესს, მით უმეტეს, რომ რუსეთი წლების მანძილზე ახორციელებს იმპორტს აფხაზეთიდან საქართველოს სახელით. ეს აღმოჩენაც რემერ ლეინს ეკუთვნის:
”აფხაზეთის ექსპორტი დაახლოებით 36 ათასი ტონაა რუსეთში. რუსეთი ამბობს, რომ საქართველოდან განახორციელა იმპორტი. საქართველო ამბობს, რომ ჩვენ არაფრის ექსპორტს არ ვახორციელებთ რუსეთში. იმისთვის, რომ აფხაზეთმა არაფერი დაიბრალოს, სტატისტიკა უნდა შევცვალოთ - მით უმეტეს, რომ რუსეთი ირწმუნება, საქართველოდან შემომაქვსო, - ამას ამბობს გაეროს ვაჭრობის კომიტეტში“.
რემერ ლეინის განცხადებით, რუსეთი აფხაზეთისგან მანდარინს ძალიან დაბალ ფასად იბარებს - 1 ტონა დაახლოებით 200 აშშ დოლარი. საქართველოს მიერ უკრაინაში გატანილი მანდარინი კი ორჯერ ძვირად იყიდება. საქართველოს ფასზე თითქმის სამჯერ მაღალია რუსეთში ექსპორტირებული თურქული მანდარინი. ეს თანაფარდობა ქართული მანდარინის ექსპორტის გაზრდის წანაპირობას წარმოადგენს, თუმცა საერთაშორისო ექსპერტი რემერ ლეინი საქართველოში რუსეთის ბაზართან დაკავშირებით გაჩენილ დიდ ოპტიმიზმს არ იზიარებს:
”რუსეთი მკაცრად აკონტროლებს ვის და რა შეაქვს მის ქვეყანაში. განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ პესტიციდების ანალიზს. და თუ რაიმეს აღმოაჩენენ, თქვენი მანდარინი საზღვარზევე დალპება. მაგრამ ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს ერგნეთის გზა და იქნებ აქედან იყოს შესაძლებელი - რუსები გამოგზავნიან ტრაილერებს და ყველაფერს შეისყიდიან. მაგრამ თუ ასე გააკეთებენ, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ფასი ძალიან დაბალი იქნება. ამიტომ ვერ გავიზიარებ ფერმერების ოპტიმიზმს რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, ის ძალიან პრობლემური იქნება”.
რემერ ლეინი ქართველ ფერმერებს და აგრობიზნესის წარმომადგენლებს ურჩევს, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასთან ერთად, პროდუქციის მიმზიდველად შეფუთვასა და მომხმარებლებისთვის მათი სარგებლიანობის წარმოჩენაზეც იზრუნონ.