„მოგერევით ყველას, კბილებით გავგლეჯთ მსოფლიოს, ამას გპირდებით“

„მოგერევით ყველას, კბილებით გავგლეჯთ მსოფლიოს, ამას გპირდებით“

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირება ახალი სისასტიკით მიმდინარეობს. ფრონტის ხაზზე განცდილი მარცხის საკომპენსაციოდ რუსული მხარე მშვიდობიანი მოსახლეობის პირდაპირი მოსპობის გზაზე გადავიდა და უკრაინის ქალაქებს დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ბომბავს.

პუტინი გაჩერებას არ აპირებს. კი გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომ რუსეთის პირველი პირი უკურნებელი სენითაა დაავადებული, ახლო გარემოცვა მისი ფიზიკური განადგურების გეგმებს ამუშავებს, მაგრამ ფაქტი ერთია, ვლადიმიროვიჩი უკან დახევას კატეგორიულად არ აპირებს და საქმის, ანუ ომის ბოლომდე მიყვანა სურს. აგერ, რამდენიმე დღის წინ, ნატოს ყოფილმა გენერალმა რიჩარდ შირეფმაც გაფრთხილება გაავრცელა, რომ დასავლეთი უნდა მოემზადოს უკრაინაში რუსეთთან ომის „ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით“.

რუსეთი თანდათან სრულიად მსოფლიოს უპირისპირდება. შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ როგორც კი  ოფიციალური განცხადება გააკეთა, მოსკოვის ცენტრში უკვე ანტიშვედური უჩვეულო ბანერებიც დამონტაჟდა, რომლებზეც მწერალი ასტრიდ ლინდგრენი და კინორეჟისორი ინგმარ ბერგმანი არიან გამოსახული. ამ პლაკატებზე ლინდგრენ-ბერგმანის წყვილი პირწავარდნილ ნაცისტებად არიან მოხსენიებულები. ალბათ, უახლოეს მომავალში რუსეთში კარლსონის თავგადასავლებზე დაწერილ წიგნსაც ოფიციალურად აკრძალავენ, რადგან მარგარიტა სიმონიანი, თინა კანდელაკი ან ვლადიმერ სოლოვიოვი სახურავის უწყინარ ბინადარს ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ არსებად მონათლავენ.

თინა კანდელაკზე ჩამოვარდა სიტყვა და ლვოვში ჩასულ ანჯელინა ჯოლიზე თურმე გული ერევა კანდელაკს, ხოლო ვლადიმერ ულიანოვზე (ლენინი) კი მზე და მთვარე ამოსდის.

„მისის სმიტის“ უკრაინაში სტუმრობა რუსეთში ბევრ ადამიანს არ ესიამოვნა. ამათგან განსაკუთრებით თავი „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა გამოიჩინა, რომელმაც ბრედ პიტის ყოფილ მეუღლეს შემდეგი განცხადებით მიმართა: „ანჯელინა, იმედი გამიცრუეთ. მობრძანდით ჩვენთან, დონბასში. აქ არის არაყი, ლუდი, ბურახი. გვაქვს სენდვიჩი. ლამაზმანს არ აწყენინებს ჩვენი სასტიკი ჯარისკაცი, ფილმში ჰყავხარ ნანახი და კვლავ რომ გხედავს, ბედნიერია“.

კანდელაკი-როგოზინის ტანდემს ქართული სახელი და გვარის მატარებელი ტელეწამყვანი ეკატერინე მწითურიძეც შეუერთდა, რომელმაც რუსეთის მთავრობას მოუწოდა, რომ ანჯელინა ჯოლი დონბასში დაპატიჟოს და უკრაინელი ფაშისტების „ნახელავი“ აჩვენოს.

პირმშვენიერი ანჯელინა რუსეთის მტრების რიცხვში ჩაეწერა. დიდი ალბათობით, მის ბედს პოპულარული ამერიკელი მომღერალი ლედი გაგაც გაიზიარებს. რამდენიმე დღის წინ ლედი გაგამ ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. მან რუსეთში მოგზაურობა გაიხსენა და რუს ხალხს „სულელი“ უწოდა.

„რუსებს ჰქონდათ ჩემი დაპატიმრების შანსი, როცა მე იქ ვიყავი. მაშინვე შევთავაზე მათ, დამაკავეთ-მეთქი. ახლა ეს შანსი არ მიეცემათ, რადგან იქ მე არასოდეს ჩავალ. რუსი ხალხი სულელია, სულ ასეთები იყვნენ, ასეთებად დარჩებიან“, - განაცხადა ლედი გაგამ.

ანჯელინა ჯოლისა და ლედი გაგას თავი რომ დავანებოთ, რუსული ოფიციოზის რისხვა ისეთმა „აპოლიტიკურმა“ და პუტინის მეხოტბე შოუ-ბიზნესის წარმომადგენელმა დაიმსახურა, როგორიც ფილიპ კირკოროვია. ალბათ გაგიკვირდათ, მაგრამ ეს დღევანდელი რუსული რეალობაა. ალა პუგაჩოვას ყოფილმა ქმარმა მარგარიტა სიმონიანს „შეუტია“. მიზეზი ამ ქალბატონის მიერ პუგაჩოვა-გალკინის ოჯახის ლაფში ამოსვრა გახლდათ.

„როგორ ბედავ, საჯაროდ ადამიანები დაამცირო მარგარიტა? ვინ მოგცა ამის უფლება?! შენ ჩვენი ქვეყნის რუპორის მთავარი რედაქტორი ხარ. შენ არ გაქვს უფლება, სიძულვილი დათესო. ჟურნალისტი ხარ და არ ხარ ქუჩის ქალი, რომელსაც არ აქვს უფლება, საჯაროდ ტყუილები და ჭორები გაავრცელო“, – განაცხადა ფილიპ კირკოროვმა.

კირკოროვი დასჯას ჯერჯერობით გადაურჩა, მაგრამ მომავალში ენას ალბათ კბილი უნდა დააჭიროს. რუსეთის დუმის დეპუტატმა და კულტურის კომიტეტის წევრმა სერგეი სოლოვიოვმა განაცხადა, რომ კომიტეტში მზადდება კანონპროექტი, რომელიც „მოღალატე“ არტისტებს ყველა სახის წოდებას ჩამოართმევს.

„თუ არის რამე სახის გადაცდომა მათ განცხადებებში, ამაზე შეიძლება, ცალკე ვიმსჯელოთ. მაგალითად, შევქმნათ საპარლამენტო კომისია და კონკრეტული შემთხვევა განვიხილოთ. მაგრამ როცა საუბარია სისტემატურ განცხადებებზე, ვფიქრობ, სწრაფი რეაგირებაა საჭირო. დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლები განსხვავებულად რეაგირებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე, ვიღაც ღიად უჭერს მხარს ქვეყანას, ვიღაც გმობს მის ქმედებას, ეს ცუდია“.

სერგეი სოლოვიოვის „კომიტეტის“ რისხვას ალბათ ვერ გადაურჩება მომღერალი სერგეი ლაზარევი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის უკრაინაში აგრესია საჯაროდ დაგმო. ამის გამო მისი კონცერტები მავანი და მავანის მიერ სასწრაფოდ გაუქმდა.

ლაზარევის ბედი ცნობილმა რუსმა რეჟისორმა ივან ვირიპაევმაც გაიზიარა, რომელმაც თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა წერილი რუსეთის სახელმწიფო თეატრებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ გეგმავს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დახმარების ფონდებში გადარიცხოს.

რეჟისორის განცხადებას რუსეთში კულტურის სამინისტროს მხრიდან დიდი ხმაური და აგრესია მოჰყვა. ვირიპაევმა უკან არ დაიხია: - „რუსეთის ხელისუფლება ახლა აწარმოებს ამაზრზენ და კრიმინალურ ომს უკრაინაში“.

როგორც გამოცემა „ტეატრ“ წერს, ამჟამად დაწყებულია ივან ვირიპაევის პიესების ამოღება რუსული თეატრების რეპერტუარიდან. მაგალითად, „ტექნიკური მიზეზებით“ გაუქმდა სანკტ-პეტერბურგის, ტოვსტოგონოვის სახელობის თეატრში სპექტაკლი „მღელვარება“ ალისა ფრეინდლიხის მონაწილეობით. „ტეატრ ნაციი“ კი აუქმებს სპექტაკლს - „ირანის კონფერენცია“, რომელიც ივან ვირიპაევმა დადგა.

რუსეთი თანდათან ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. მალე ამ ქვეყანაში პუტინის იდეოლოგიის მოწინააღმდეგე ადამიანი ფიზიკურად აღარ დარჩება. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინასთან ომის დაწყებიდან ეს ქვეყანა ოთხმა მილიონმა ადამიანმა დატოვა და ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

რუსეთში დარჩენილების უმეტესობა კი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვის „პატრიოტულ“ მოწოდებებს იზიარებს.

„რუსი ხალხის ისტორიული ამოცანაა, მთელ მსოფლიოში ებრძოლოს ნაციზმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვიგებთ! მოვიგებთ, რადგან რუსები ვართ, ეს აუცილებელია, ესაა ჩვენი ამოცანა! ჩვენ დავიბადეთ, რათა ვემსახუროთ სიმართლეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა დაბრკოლებები გვექნება, ჩვენი ვალია, მსოფლიო ბოროტებას მოვერიოთ. როგორც არ უნდა გაგვაცურონ, რაც უნდა დაგვაბრალონ, მაინც წავალთ ყველას წინააღმდეგ! მაინც მოგერევით ყველას, კბილებით გავგლეჯთ მსოფლიოს, ამას გპირდებით“.

სოლოვიოვი ქვეყნის მოსახლეობას ახალ რუსულ „საგარეო პოლიტიკას“ აცნობს, თინა კანდელაკი კი „თანამემამულეებს“ ახალი დროების მისაბაძ ადამიანებს აცნობს:

„დღესასწაულია. ჩვენს „ეფ-ეს-ბე-ს“ 100 წლის იუბილე აქვს. კონტრდაზვერვა ყველაზე მძიმე საქმეა. ის უდიდეს ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს და ხშირად ჩვენ სათანადოდ ვერ გამოვხატავთ მადლიერებას. არადა, აქ მუშაობენ ყველაზე ინტელექტუალი და რომანტიკული ბიჭები. მადლობა მათ ამისთვის“.

უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთში მილიტარისტული განწყობა ძლიერდება. რა იქნება ხვალ და რა ელის მსოფლიოს მომავალში...

წერილს რამდენიმე ციტატით დავასრულებთ.

დოსტოევსკი: - „რუსი ეს არის ხალხი, რომელიც ევროპაში დაძრწის და იმას ეძებს, გართობის მიზნით რა გაანადგუროს და მოსპოს“.

პუშკინი: - „რუსი გულგრილია და უსამართლო, ესაა ხალხი, რომელიც ადამიანურ ღირსებას, თავისუფალ ადამიანს და თავისუფალ აზროვნებას არ ცნობს“.

ბულგაკოვი: - „რუსები ხალხი კი არა, პირუტყვის ხროვაა, სულთამხუთავებისა და ბოროტი სულების ველური ურდო“.

შმელიოვი: - „რუსეთს სძულს თავისუფლება, მონობას ეთაყვანება და უყვარს ბორკილები ხელებსა და ფეხებზე, ხალხი, რომელიც ჭუჭყიანია და ფიზიკურად და მორალურად მზადაა ნებისმიერ წუთს დაჩაგროს ყველა და ყველაფერი“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

DDDzia FOR.GE - შენც მოგეძალა რუსოფრენული ვნებები?
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბეხრეკ, ჯაგლაგ, უნამუსო ანჯელინა ჯოლიზე თუ გატკიცინებულ თინას გული ერევა, არცაა გასაკვირი!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ცხელ გულზე, პახმელიაზე კაცმა, რაღაც წამოროშა რუსეთზე აბა ეს აქ რა მოსაყვანი იყო?! დახედეთ მსოფლიოს რუკას და გაიგებთ რუსი ადამიანის სიდიადეს! დიდმა ილიამ რა თქვა ქართველ ერზე იქნებ გაიხსენოთ?! და თქვენ ფიქრობთ, რომ ილია ჭავჭავაძეს მართლაც ისე წყალწაღებული ეგონა ქართველი ერი, რომ ასმოიხსენია? -
"ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?"

ილია ჭავჭავაძე.

1871
1 წლის უკან
Maverick ჩოპრა, სულმნათი ილიას გულიდან ამოხეთქილ მაგ ლექსს რომ ვკითხულობ გულისტკივილით ვიხსენებ გასული საუკუნის 91 - 99 -იან და 2022-ის ჩათვლით წლებს, ვფიქრობ, რომ ჩვენს გარდა მაგ ლექსს არავინ კითხულობს, არავისს სურს, რომ გამოფხიზლდეს, ჩაფიქრდეს რა მისია ქონდა ამქვეყნად მის მოვლინებას!
1 წლის უკან