გიორგი შერმადინის

გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო

„ლენოვო ტენერიფე“, რომლის ღირსებას გიორგი შერმადინი იცავს, ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.

ფინალში კანარიელებმა ესპანურ დერბიში „მანრესას“ 98:87 მოუგეს. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, მაგრამ „ტენერიფემ“ გარდამტეხი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა, რომელიც 33:17 მოიგო და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

შერმადინმა ფინალურ შეხვედრაში 19:28 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 14 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 13 ქულა და 14 პასი დააგროვა.

„ლენოვო ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო, პირველად ეს 2017 წელს გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.