რა კავშირი აქვს გიგი უგულავას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკანდალთან?

რა კავშირი აქვს გიგი უგულავას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკანდალთან?

2013 წლის 1 მაისს, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცალკეული თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარ სამმართველოს დაავალა, რომელსაც შს მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე კურირებდა... რა მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში? რატომ დააკავეს მაღალი თანამდებობის პირები და რეალურად, რას ითხოვს მათგან გამოძიება? რა სტანდარტები დაადგინა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის განსახორციელებლად სატენდერო კომისიამ? ,,ვერსიას’‘ ხელთ ჩაუვარდა გამოძიების კონფიდენციალური მასალები, რომლებსაც ექსკლუზიურად გთავაზობთ. კითხვებზე პასუხების გაცემას კი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობითა და ადვოკატების დახმარებით ვეცდებით.

სატენდერო პირობები
2012 წლის 11 დეკემბერს, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის ნომენკლატურისა და სპეციფიკაციის შედგენის მიზნით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, დავით კირვალიძის 2012 წლის 7 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, ხვიჩა ბოჭოშვილი _ სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გიორგი გაგუა _ იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა ნახუცრიშვილი _ შპს ,,მექანიზატორის’‘ გენერალური დირექტორი, ბესიკ თეთვაძე _ შპს ,,მექანიზატორის’‘ გენერალური დირექტორის მოადგილე, მამუკა ივანიძე _ შპს ,,მექანიზატორის’‘ გენერალური დირექტორის მოადგილე, ივანე ბოკუჩავა _ შპს ,,მექანიზატორის’‘ აგრარული სერვისის სამსახურის უფროსი, გიორგი მარდალეიშვილი _ შპს ,,მექანიზატორის’‘ მექანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ზაზა მახარობლიძე _ აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის დირექტორი და ოთარ ქარჩავა _ აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. სამუშაო ჯგუფმა იმ ტრაქტორების სპეციფიკაციები განსაზღვრა და დაადგინა, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის, უფრო ზუსტად, მცირემიწიანი ფერმერების დასახმარებლად, ტენდერით უნდა შეესყიდათ. ,,ვერსიას’‘ ხელთ ჩაუვარდა სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი, რომელზეც უპირატესობა 115-ცხენისძალიანი სიმძლავრის ტრაქტორებს მიანიჭეს. სხდომის ოქმის მიხედვით, მაგალითად, ბესიკ თეთვაძე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული მიწის ნაკვეთების დაყოფიდან (გულისხმობს საკუთრებაში არსებული 0,5 ჰექტრიდან 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებს), ეფექტურია 115 და უფრო მეტი ცხენისძალის სიმძლავრის მქონე ტრაქტორები. ეფექტურია, როგორც საწვავის ხარჯის, ასევე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მახარობლიძე ამბობს, რომ სახნავი ტექნიკის შერჩევისას, გასათვალისწინებელია არსებული ნიადაგური პირობები. 115-ცხენისძალიანი სიმძლავრის ტრაქტორები. მახასიათებლებიდან გამომდინარე, ამ ტიპის ტრაქტორები ნებისმიერი სახის ოპერაციებს ასრულებს. რაც შეეხება სატენდერო კომისიას, მასში შედიოდნენ: ვაჟა ნახუცრიშვილი, მამუკა ივანიძე, გიორგი ჩხეიძე _ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დირექტორი, დავით გელაშვილი _ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე _ საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე. სამუშაო ჯგუფის დადგენილი სპეციფიკაციების მიხედვით, სატენდერო კომისიამ გამოავლინა იმ ტრაქტორების სიმძლავრე, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში უნდა შეეძინათ, თუმცა ტრაქტორების გარდა, სატენდერო კომისიამ სხვადასხვა სახის სასოფლო- სამეურნეო ტექნიკური საშუალებებიც გამოავლინა. მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე სატენდერო კომისიის ერთადერთი წევრია, რომელიც ამ კომისიაში პრემიერ- მინისტრის წარმომადგენელი იყო. ცხადია, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში არსებულ დარღვევებზე მას გაცილებით მეტი ინფორმაცია ექნებოდა. ,,ვერსია’‘ პრემიერ- მინისტრის პრესსამსახურის უფროსს, ნონა ყანდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, არა მარტო ირაკლი ქარსელაძე, არამედ სატენდერო კომისიის არც ერთი წევრი, კომენტარს არ გააკეთებს!

ბრალდების ოფიციალური ნაწილი
ბრალდების მთავარი ნაწილი ჩეხური კომპანია ,,ზეტორის’‘ წარმომადგენელს ამიერკავკასიაში, გივი ქაიხოსროშვილს უკავშირდება. მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის გამო წაუყენეს. სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც სწორედ ,,ზეტორთან’‘ დაკავშირებით დააკავეს. ,,ვერსიამ’‘ მოიპოვა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რასაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ: ,,2013 წლის აპრილში, გივი ქაიხოსროშვილმა შეიტყო, რომ საექსპერტო კვლევაში ექსპერტების მიერ გამოყენებული იყო კომპანია ,,ზეტორის’‘ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ,,ზეტორ პროქსიმა 120’‘-ის ძრავის _ ძ 1405-ის სპეციფიკაცია, რომლის თანახმად, ძრავის გამოყენებადი ცხენისძალების ოდენობად მითითებული იყო 110. ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის მიერ განსაზღვრულ ოდენობებთან, რომელსაც გამოძიება მტკიცებულებად გამოიყენებდა. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, 2013 წლის 20 აპრილს, გივი ქაიხოსროშვილი, საკუთარი მობილური ტელეფონით, შპს ,,მექანიზატორის’‘ დირექტორ ვაჟა ნახუცრიშვილთან ერთად, კომპანია ,,ზეტორის’‘ პასუხისმგებელ პირს, ვინმე ვლადისლავს ესაუბრა (ამ საუბრის დაშიფრულ შინაარსს ამავე სტატიაში გთავაზობთ, _ ავტ.). მიუთითა, შეეცვალა ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცხენის ძალების რაოდენობა და დაეფიქსირებინა 117, რაც განხორციელდა კიდეც. საქართველოში კომპანია ,,ზეტორის’‘ ოფიციალური წარმომადგენელი ორგანიზაციის, შპს ,,ტექაგროსერვისის’‘ მენეჯერ გივი ქაიხოსროშვილისთვის, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შსს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ცენტრალური საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის, 2013 წლის 5 აპრილის დადგენილებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ტრაქტორ ,,ზეტორ პროქსიმა 120’‘-ს და ტრაქტორ ,,ნიუ ჰოლანდ ტდ 5 110’‘-ის ტექნიკური მახასიათებლების შედარების მიზნით, დანიშნული იყო სასამართლოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა. გამოძიების მიერ ექსპერტად მიწვეული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა შაფაქიძე. მასთან, გივი ქაიხოსროშვილს, წლების განმავლობაში, გარკვეული ურთიერთობები აკავშირებდა. ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა ,,ნიუ ჰოლანდის’‘ ტრაქტორის უპირატესობა ,,ზეტორთან’‘ მიმართებაში. ექსპერტიზის დასკვნის შეცვლის მიზნით, ქაიხოსროშვილმა რამდენჯერმე მიმართა ექსპერტ ელგუჯა შაფაქიძეს და სთხოვა, დასკვნაში არ დაეფიქსირებინა ,,ნიუ ჰოლანდის’‘ ტრაქტორის უპირატესობა, რითაც სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაული ჩაიდინა’‘.

,,გარიაჩკინის’‘ მეთოდი გამოძიებაში
სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა კარგად იციან ,,გარიაჩკინის’‘ მეთოდის შესახებ. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ესაა მეთოდი, რომლითაც ტრაქტორების მონაცემები მოწმდება. ,,გარიაჩკინის’‘ ფორმულის მიხედვით, რაც უფრო მძიმეა ტრაქტორი, მით მეტი სიმძიმის ძალა აქვს, ნაკლებად ,,ბუქსაობს’‘ და გაცილებით მეტ ფართობს ხნავს. სოფლის მეურნეობის გამოცდილმა სპეციალისტებმა ,,ვერსიას’‘ ისიც განუმარტეს, რომ თუ ,,გარიაჩკინის’‘ ფორმულაში, ამა თუ იმ ტრაქტორის არასწორ ტექნიკურ მონაცემებს ჩასვამთ, ყველაფერი თავდაყირა დადგება. სწორედ ,,გარიაჩკინის’‘ მეთოდის მიხედვით, ექსპერტებს _ შაფაქიძესა და ბედიას, ,,ზეტორ პროქსიმა პაურისა’‘ და თურქული ,,ნიუ ჰოლანდის’‘ ტრაქტორების არასწორი მონაცემები მიაწოდეს. ამ ფორმულის მიხედვით, ექსპერტებმა ,,ნიუ ჰოლანდის’‘ ტრაქტორების უპირატესობა დაადგინეს ,,ზეტორთან’‘ მიმართებაში და, შესაბამისად, ჩეხური წარმოების ტრაქტორებში, ზედმეტად გადახდილი 9 000 ევროს არამიზნობრიობაც გამოკვეთეს! სოფლის მეურნეობის გამოცდილი ექსპერტები ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ტენდერი 115-ცხენისძალიან ტრაქტორზე გამოაცხადა. თურქული ,,ნიუ ჰოლანდის’‘ ტრაქტორების მაქსიმალური სიმძლავრე 110 ცხენისძალაა. ჩეხური ,,ზეტორი’‘ კი 115, 117 და 120-ცხენისძალიან ტრაქტორებს აწარმოებს. გარდა ამისა, ,,ზეტორი’‘ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, საკმაოდ ცნობილი ბრენდია. კარგად ინფორმირებულმა წყარომ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ გამოძიება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სატენდერო კომისიასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საჩივრის წერილით თურქული კომპანია ,,ნიუ ჰოლანდის’‘ საქართველოში წარმომადგენლობამ ,,ჯი თი გრუპმა’‘ მიმართა. ბრალდების ოფიციალური ნაწილი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაკავებულ პირებს ბრალი წაუყენეს, წყაროს ინფორმაციით, ,,ჯი თი გრუპის’‘ საჩივრის წერილის იდენტურია! მეტიც, წყარო ამბობს, რომ ,,ჯი თი გრუპს’‘ ნაციონალური მოძრაობის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ლობირებენ, მათ შორის აშკარად გამოკვეთილია თბილისის მერის, გიგი უგულავას ინტერესები. წყარო გვიამბობს, რომ თავის დროზე, ,,ჯი თი გრუპმა’‘ შემოიყვანა საქართველოში ყვითელი ავტობუსები. წყაროს ინფორმაციით, ,,ჯი თი გრუპს’‘, ბაზარზე ,,ტექაგროსერვისისა’‘ და ,,ზეტორის’‘ სახით, კონკურენტის გამოჩენა არ გახარებია და მთელი ეს სკანდალი, მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტი კომპანიის ბაზრიდან გაძევებას უკავშირდება.

ჯი თი გრუპის’‘ დირექტორი ბრალდებებს უარყოფს
,ვერსია’‘ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ტენდერში მონაწილე კიდევ ერთ კომპანია ,,ჯი თი გრუპის’‘ დირექტორს, ლევან გოგსაძეს დაუკავშირდა, რომელიც წყაროს ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს:

_ ბატონო ლევან, თქვენ წამოიწყეთ ეს სკანდალი სოფლის მეურნეობაში, რათა ბაზრიდან კონკურენტი კომპანია შპს ,,ტექაგროსერვისი’‘ გააძევოთ?
_ არა, ეს აბსოლუტური სიცრუეა. არავითარი სკანდალი არ წამოგვიწყია. საერთოდ, ტრაქტორების შემოტანა ჩვენი ერთადერთი ბიზნესი არ არის. სხვადასხვა სახის ავტომობილები, სამშენებლო და სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა შემოგვაქვს. გასული წლის ბოლოს, როდესაც ეს შესყიდვა ცხადდებოდა, ბუნებრივია, ჩვენც მიგვიწვიეს, როგორც სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის ერთ-ერთი მომწოდებელი. მოგვიანებით კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტენდერის პირობები გაასაიდუმლოეს. ამასთან დაკავშირებით პრეტენზიაც გვქონდა, რაც არაერთხელ, წერილობითაც კი დავადასტურეთ. სხვათა შორის, კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლებსაც ვაცნობეთ ჩვენი პრეტენზია, შევადგინეთ ერთობლივი წერილი და ჩვენს გარდა, ხელი მათაც მოაწერეს. ჩვენს მიმართ ბრალდებები ვიღაცის მიერ აგორებული ბინძური პიარია. ჯერ ერთი, ,,ნიუ ჰოლანდი’‘ თურქული კი არა, უდიდესი ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელიც მოცულობითა და გაყიდვებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

_ წყარო გვიამბობს, რომ თქვენს კომპანიას ნაცმოძრაობის მაღალი თანამდებობის პირები ლობირებენ. განსაკუთრებით, თბილისის მერი გიგი უგულავა, ასეა?
_ ძალიან სასაცილოა... ბატონ გიგი უგულავას არასოდეს შევხვედრივარ და არც კი ვიცნობ. იმის გამო, რომ ტენდერთან დაკავშირებით პრეტენზია გვქონდა, რაღაც ხომ უნდა დაებრალებინათ? მარტივად დასაბრალებელი თემა იპოვეს _ ამ კომპანიას პოლიტიკოსები ლობირებენო.

_ კიდევ ერთი დეტალი დავაზუსტოთ, თავის დროზე, ყვითელი ავტობუსები ,,ჯი თი გრუპმა’‘ შემოიყვანა?
_ ,,ჯი თი გრუპის’‘ შვილობილმა კომპანია ,,ჯი თი მოტორსმა’‘, რომელიც საავტომობილო დილერია საქართველოში და სამ ბრენდს, ,,ფორდ მოტო კომპანის’‘, ,,სუძუკსა’‘ და ,,ლენდროვერს’‘ აერთიანებს. თბილისის მერიამ ჩაატარა ტენდერი, სადაც რამდენიმე კომპანიამ გაიმარჯვა. ეს სახელმწიფო შესყიდვა კი არა, ტენდერი იყო, სადაც სხვადასხვა კერძო კომპანიამ გაიმარჯვა. გიდასტურებთ, რომ ყვითელი ავტობუსები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ,,ჯი თი მოტორსისგან’‘ იყიდეს.

მოწმეთა ჩვენებები საქმეში
ოფიციალურად, გამოძიება მხოლოდ ერთადერთი მოწმის, ექსპერტ ელგუჯა შაფაქიძის ჩვენებას დაეყრდნო, სისხლის სამართლის საქმე აღძრა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სამუშაო ჯგუფისა და სატენდერო კომისიის რამდენიმე წევრი დააკავა. შაფაქიძის ჩვენების მიხედვით, მასთან სამსახურში მივიდა შპს ,,ტექაგროსერვისის’‘ წარმომადგენელი გივი ქაიხოსროშვილი, რომელსაც 2003-2004 წლებიდან იცნობდა: ,,გივი ქაიხოსროშვილმა მითხრა, რომ შპს ,,ტექაგროსერვისი’‘ იყო კომპანია ,,ზეტორის’‘ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და წარმოადგენდა მის ბიზნესს. ვინაიდან ის ,,ზეტორის’‘ ოფიციალური წარმომადგენელი იყო და ლობირებდა ამ კომპანიას, დაინტერესებული იყო დასკვნის ისეთი ფორმით გაცემაში, რომ არ დაზარალებულიყო ,,ზეტორი’‘ და, შესაბამისად, მისი ინტერესები. ამასთან, ქაიხოსროშვილმა მითხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო ჩემი და ექსპერტ ბედიას დასკვნის შედეგებიც, სადაც მითითებული იყო ,,ნიუ ჰოლანდის’‘ ტრაქტორის უპირატესობა ,,ზეტორთან’‘ მიმართებაში. გივი ქაიხოსროშვილი მთხოვდა, კარგი იქნებოდა, თუ შეიცვლებოდა დასკვნა და დაფიქსირდებოდა კომპანია ,,ზეტორის’‘ მიერ წარმოებული ტრაქტორის უპირატესი პარამეტრები ,,ნიუ ჰოლანდთან’‘ მიმართებაში, რაზეც არ დავეთანხმე და ექსპერტიზის ისეთი დასკვნა გავეცი, როგორიც დღეს არის’‘. გივი ქაიხოსროშვილის ადვოკატის, კახა ხვისტანის თქმით, ეს ჩვენება იმის საფუძველია, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, გივი ქაიხოსროშვილს, 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს ბრალდება, რაც ყალბი დასკვნის გაცემის მიზნით, ექსპერტის დაყოლიებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ნულიდან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს: ,,სხვა ჩვენება, რითაც ექსპერტები ყალბი დასკვნის გასაცემად დაიყოლია, საქმეში არ მოიპოვება და არ არსებობს. გივი ქაიხოსროშვილი ,,ზეტორის’‘ ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში და ლობირებს მის კომპანიას. ბუნებრივია, დაინტერესებული იყო დასკვნის შედეგებით და როგორც ,,ზეტორის’‘ ოფიციალურ წარმომადგენელს, უფლება ჰქონდა, ამ კომპანიის წარმოებული ტრაქტორების შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინა ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, ექსპერტებისთვისაც. გარდა ამისა, ექსპერტი შაფაქიძე ჩვენებაში აცხადებს, რომ დაადგინა ,,ნიუ ჰოლანდის’‘ ტრაქტორის უპირატესობა ,,ზეტორთან’‘ მიმართებაში. ეს დიდი შეცდომაა, რადგან ამ ტიპის დასკვნის გასაცემად, ტრაქტორები საველე პირობებში უნდა გამოსცადონ, რაც გამოძიებას არ გაუკეთებია’‘.

დაშიფრული სატელეფონო საუბრები
,,ვერსიას’‘ ხელთ ჩაუვარდა დაშიფრული სატელეფონო საუბარი, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა. თავდაპირველად, გივი ქაიხოსროშვილი ,,ზეტორის’‘ წარმომადგენელ, ვინმე ვლადისლავს ესაუბრება, შემდეგ საუბარში ერთვება ვაჟა ნახუცრიშვილიც. კერძოდ, გივი ქაიხოსროშვილსა და ვაჟა ნახუცრიშვილს ინფორმაციის დაზუსტება სურთ: ,,ვლადისლავ, ჩვენი კონკურენტები როგორღაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ,,ზეტორ პროქსიმა’‘ 110-ცხენისძალიანია. რა თქმა უნდა, შევედით ინტერნეტში და იქ წერია ძრავი _ 81 კილოვატი საათში, ანუ 110... ისინი უყურებენ ძ 1405-ს, რომლის დახასიათებაში მითითებულია, რომ ეს 81 კილოვატია, ანუ 110 ცხენის ძალა. ისინი ამას ეყრდნობიან და ამბობენ, რომ ეს ტრაქტორები 117-ცხენისძალიანი კი არა, 110-ცხენისძალიანია. რით შეგვიძლია ამის უარყოფა?’‘ ვლადისლავი გივი ქაიხოსროშვილსა და ვაჟა ნახუცრიშვილს პასუხობს, რომ ,,ზეტორ პროქსიმას’‘ რამდენიმე მოდელი არსებობს, მათ შორის, ,,პროქსიმა პაუერ’‘ 100, 110 და 120: ,,ამის დაზუსტება ადვილია, ისინი, უბრალოდ, უყურებენ ძრავის სტანდარტულ მაჩვენებლებს. თუ ტრაქტორების განყოფილებაში შეხვალთ, ნახავთ ,,პროქსიმა პაუერ’‘ 100, 110 და 120 ტიპის ტრაქტორებს. ეს ტრაქტორები მთელ ევროპაში გვაქვს სერტიფიცირებული, თავისთავად, მთელი ევროპული სერტიფიკაციით, ძრავების გადაყვანის სამი ვარიანტი გვაქვს. თქვენ ტენდერის დავალებით, დაგიყენდათ ,,პროქსიმა პაუერ’‘ 120, რაც ,,პაუერის’‘ ყველაზე მძლავრი ვარიანტია, რომელსაც ნომინალში 117 ცხენისძალა აქვს’‘. ამის შემდეგ გივი ქაიხოსროშვილი და ვაჟა ნახუცრიშვილი, ვლადისლავს სთხოვენ, რომ ეს ყველაფერი წერილობით აცნობოს. თუ საჭირო გახდა, ქართული მხარე მზადაა, ამაზე განაცხადიც კი გაუგზავნოს ,,ზეტორს’‘. ,,ვერსიას’‘ ხელთ ჩაუვარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაშიფრული სატელეფონო საუბრებიც. ინფორმაციის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, მათ ვრცლად შეგნებულად არ ვაქვეყნებთ, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში განვითარებული მოვლენების გამო, რასაც მინისტრის, დავით კირვალიძის გადადგომა მოჰყვა და იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესია, სატელეფონო საუბრების შინაარსს მოკლედ გადმოგცემთ. მაშ ასე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ერთმანეთში განიხილავენ პრემიერ- მინისტრის განცხადებას, როცა ივანიშვილმა თქვა, ერთ-ერთი სამინისტროს მიმართ კითხვები გამიჩნდაო. დაშიფრულ საუბრებში ჩანს, მათ მიაჩნიათ, რომ პრემიერი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს გულისხმობდა. თანამდებობის პირები ამ ფაქტს იმით ამყარებენ, რომ ,,სუბარი სვამს, სიტუაცია არეული აქვს და თავზე ემხობა’‘... რაც შეეხება აქცენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდზე, სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ ყურადღების გადატანის მიზნით, ეს ყველაფერი ,,გამხდარის’‘ მიერ, ,,აქუს’‘ ეთერში საგანგებოდ ატეხილი სკანდალია: ,,მე დათოს დავურეკე რა, დათო ახლა, აი, ახლავე უნდა ადგეს და მიაჭრას პრემიერთან რა, უნდა გააიასნოს’‘... ვინ არის ,,გამხდარი’‘ და კონკრეტულად, რას გულისხმობდნენ თანამდებობის პირები? ეს ყველაფერი ერთი დღით ადრე, 27 აპრილს, საღამოს 20:47 საათზე განხორციელებული ზარით იხსნება, სადაც ასევე მაღალი თანამდებობის პირები საუბრობენ. ერთი მამაკაცი მეორეს ეუბნება, რომ სასწრაფოდ გადაახვინოს ტელეკომპანია ,,კავკასია’‘ და 20:35 საათზე გაასწოროს: ,,პროსტა ნახავ, რა, პირდაპირ გაშიფრულია ყველაფერი... ჰოდა, ივანიშვილიო, ერთ-ერთი მინისტრით ძაან უკმაყოფილოაო, მერე შესაძლებელია გადაყენებაზეც იყოს ლაპარაკიო. უმცირესობამ თქვა, რომ ეს შესაძლებელია ერთი კი არა, ბევრი იყოსო, მერე უმრავლესობის წევრებს კითხეს _ თქვენი აზრით, ვინ არისო? ყველამ თქვა, არ ვიცითო, ესო, მარტო ბიძინამ იცისო, მერე ხუხაშვილი იყო გამოსული, ხუხაშვილმა თქვა, რომ შესაძლებელიაო და ნუ, ,,ნამიოკი’‘ იყო სოფლის მეურნეობაზე. მერე ტრაქტორების კადრები აჩვენეს და კომენტატორმა თქვა, ჩვენი ვარაუდით, სოფლის მეურნეობის მინისტრზე იქნება საუბარიო’‘. ,,ვერსიისთვის’‘ ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საქმეში დევს ორი ექსპერტის _ შაფაქიძისა და ბედიას სატელეფონო საუბარიც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოძიების მოწმე, ექსპერტი შაფაქიძე სატელეფონო საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ,,ზეტორის’‘ ტრაქტორების მონაცემების შეფასებისას შეცდა!

გამოძიებამ ექსპერტები შეცდომაში შეიყვანა?
დაშიფრულ სატელეფონო საუბრებზე, ,,ვერსიამ’‘ კომენტარისთვის ადვოკატს, კახა ხვისტანს მიმართა. მისი განმარტებით, ექსპერტებმა უკვე ზუსტად იციან, რომ გამოძიებამ ტრაქტორების ტექნიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, მათ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა: ,,ამგვარი ქმედება წინასწარვე იძლეოდა ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომლითაც ,,ნიუ ჰოლანდის’‘ ტრაქტორების უპირატესობა დამტკიცდებოდა. რა თქმა უნდა, ექსპერტებმა _ შაფაქიძემ და ბედიამ არ იცოდნენ, რომ გამოძიებამ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ როდესაც საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ჩართო, ისინი უკვე ბჭობენ, რომ ახალი მასალების მიხედვით, დასკვნა ყირაზე დგება და არ ემთხვევა იმ ტექნიკურ მონაცემებს, რაც ექსპერტებს გამოძიებამ მიაწოდა. გივი ქაიხოსროშვილს ბრალად ედება ის ფაქტი, რომ მასალები, რომლებიც გამოძიებას თავდაყირა აყენებს, ექსპერტებთან მიიტანა. არადა, გივი ქაიხოსროშვილი ,,ზეტორის’‘ წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, შესაბამისად, მისი უშუალო მოვალეობა იყო დაემტკიცებინა, რომ ,,ზეტორის’‘ ტრაქტორები სტანდარტებს შეესაბამება. თუკი ქაიხოსროშვილმა იცოდა, რომ გამოძიებამ ექსპერტებს ყალბი მონაცემები მიაწოდა, იყო თუ არა ვალდებული, ექსპერტებისთვის ეცნობებინა? გავყვეთ ლოგიკას, გივი ქაიხოსროშვილს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია ედება ბრალად, მაგრამ ვინ გააყალბა მტკიცებულება _ მან, ვინც ექსპერტებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, თუ ქაიხოსროშვილმა, რომელმაც საკუთარი კომპანიის ღირსება დაიცვა?’‘