მეთიუ ბრაიზა: სააკაშვილი შიშობდა, რომ მას მშიშარად ჩათვლიდნენ – ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი

მეთიუ ბრაიზა: სააკაშვილი შიშობდა, რომ მას მშიშარად ჩათვლიდნენ – ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი

პოლონური გაზეთი "ვიბორჩა" ამერიკელ დიპლომატთან, მეთიუ ბრაიზასთან ინტერვიუს აქვეყნებს. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბრაიზას სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტი ეკავა და უშუალოდ მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. "ვიბორჩასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მეთიუ ბრაიზა სწორედ ომის ხელახლა გამოძიების საკითხზე საუბრობს.

"ომის დროს უკრაინის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პირველი პირების თბილისში ვიზიტს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ამ დროისთვის რუსული ტანკები უკვე შეჩერებულნი იყვნენ. ისინი პრეზიდენტ ბუშის შთამბეჭდავმა გამოსვლამ შეაჩერა" – აცხადებს ბრაიზა.

"ვიბორჩა" - ღირს კი დღეს აგვისტოს ომის საკითხს დავუბრუნდეთ, მას სხვანაირი თვალით შევხედოთ?

ბრაიზა – ეს საქართველოს ისტორიაში უკიდურესად მნიშვნელოვანი მომენტია, ასე რომ არ მიკვირს, რომ ქართველებს სურთ, კიდევ ერთხელ გადახედონ ყველაფერს. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა პოლიტიკური მოტივები ამ წამოწყებას, ეს უკვე სხვა საკითხია, რომელზეც მე პასუხს ვერ გაგცემთ.

- პრემიერმა ივანიშვილმა რამდენჯერმე დაადანაშაულა სააკაშვილი ომის პროვოცირებაში. თქვენ ამ მოვლენების უშუალო მოწმე იყავით – არის თუ არა პრემიერის ბრალდება საფუძვლიანი? პირველი ნაბიჯი მართლაც სააკაშვილმა გადადგა?
-
- არა. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს რუსეთმა წამოაგო პროვოკაციაზე სააკაშვილი. სწორედ რუსულმა მხარემ ისროლა პირველად და დაავალა ოსებს – ესროლათ. საქართველომაც უპასუხა, მაგრამ ძალიან ღრმად შეტოპა – რუსებს კი სწორედ ეს უნდოდათ.
სააკაშვილის შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მან არ დაუჯერა მეგობრებს, რომლებიც მას ეუბნებოდნენ: თუ ფიქრობთ, რომ რუსები საქართველოში შემოჭრას აპირებენ, თავდაცვითი პოზიციები დაიკავეთ, იმიტომ რომ თუ ეს მართლა მოხდება, თქვენ რუსებს ვერ შეაჩერებთ. თუ მათ პროვოკაციაზე წამოეგებით, ისინი იტყვიან, რომ ეს თქვენ წამოიწყეთ." სწორედ ასე მოხდა ყველაფერი.

- როგორ მოხდა, რომ პრეზიდენტმა არ დაუჯერა თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებს? 2008 წლის თბილისში ჩამოსული იყო სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, მანმადე კი თავად პრეზიდენტი ბუში ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში.

-სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ თუ რუსულ პროვოკაციას პასუხს არ გასცემდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ დაიცავდა, მას მშიშარად ჩათვლიდნენ – ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელმაც არ შეასრულა საკუთარი ვალი. იმასაც ვფიქრობ, რომ მას გარემოცვაც მცდარ რჩევებს აძლევდა.

- დღესდღეობით, ობამას ადმინისტრაცია იმდენ ყურადღებას აღარ უთმობს კავკასიის ქვეყნებს, რამდენსაც ბუშის ადმინისტრაცია უთმობდა თავის დროზე...

- იმედგაცრუებული ვარ ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკით კავკასიაში – ეს უკანდახევის პოლიტიკაა. იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა თავიდან აეცილებინათ, ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ ყველაზე ადვილი იქნებოდა, სააკაშვილი განტევების ვაცად ექციათ და ყველა პრობლემა მისთვის დაებრალებინათ. ვფიქრობ, ეს უზარმაზარი შეცდომა იყო. არამარტო იმიტომ რომ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომაც, რომ ე სარის არაორაზროვანი სიგნალი რუსეთისთვის: შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში შეიჭრათ, მოახდინოთ მისი პროვოცირება და პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ.

- რა როლს თამაშობდა ევროკავშირი ამ ყველაფერში? რით განსხვავდებოდა, ვთქვათ, შტატებისა და ევროკავშირის მიდგომა?

- სააკაშვილს არა ჰყავს ნამდვილი მეგობრები და მომხრეები ბრიუსელში, რომლებიც ობიექტურად შეაფასებდნენ, თუ რა გააკეთა მან საკუთარი ქვეყნისათვის. სწორედ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეცვალეს საქართველო, მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ მათ გაჩანაგებული ქვეყანა დაუტოვა. მიუხედავად 2008 წლის ომისა და იმ ფაქტისა, რომ მან უფლება მისცა რუსებს, მახეში გაებათ, საქართველოში ჯერ კიდევ ახსოვთ მისი დამსახურებებიც.

- დავუბრუნდეთ ომის საკითხს. მაშინ თბილისში ჩამოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პირველი პირები. შთამბეჭდავი და ერთობ ემოციური სიტყვა წარმოთქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ. როგორ ფიქრობთ, სწორედ მათ ხომ არ შეაჩერეს რუსული ტანკები?

- ომის დროს უკრაინის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პირველი პირების თბილისში ვიზიტს უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ამ დროისთვის რუსული ტანკები უკვე შეჩერებულნი იყვნენ. ისინი პრეზიდენტ ბუშის ერთობ მწვავე გამოსვლამ შეაჩერა. მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი შიშობდა, რომ პუტინი მოახერხებდა გადაებირებინა მედვედევი და ტანკები კვლავ თბილისისაკენ გააგრძელებდნენ გზას. სწორედ ამ დროს ჩამოვიდნენ თბილისში პრეზიდენტები, რითაც სიგნალი გაუგზავნეს რუსეთს: ამაზე წინ ვეღარ წახვალთ!

მე თბილისში სწორედ მაშინ ჩამოვფრინდი, როდესაც რუსებმა გაარღვიეს ქართული თავდაცვითი ხაზი. უნდა დამემშვიდებინა პრეზიდენტი სააკაშვილი და მომემზადებინა ზავისათვის. საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ რუსებთან დადებული გარიგება საშინელი რამ იყო – ეს პრაქტიკულად ნიშნავდა რუსული ოკუპაციის ლეგალიზებას. სააკაშვილი ვერ იტანდა ამ დოკუმენტს. არასდროს დამავიწყდება მისი რეაქცია, როდესაც მასთან კაბინეტში შევედი – იგი გაცოფებული იყო. ვშიშობდით, რომ საერთოდ უარს იტყოდა მოლაპარაკებებზე. საბოლოოდ აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტებმა დაარწმუნეს იგი, მიეღო შეთანხმება, მაგრამ მოეთხოვა მასში შესწორებებისა და დათქმების შეტანა. სწორედ ამით დასრულდა აგვისტოს ომი.