17 მაისის აქციის შემდეგ აქტუალური გახდა საქართველოში ლგბტ პირების უფლებების დაცვა. საზოგადოების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო მათდამი გამოვლენილი აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგ. დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობა ძალიან მალე გადასცდა 10 ათასს. არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ჩვენ 17 მაისს ლგბტ პირების დარბევის ინიციატორებად ვიხილეთ და არ უნდა დაგვავიწდეს მესამე ნაწილიც, ის ადამიანები, რომლებიც არც ძალადობას მიესალმებიან და, მეორე მხრივ, არც ლგბტ პირების მხრიდან პროპაგანდას.
შეგახსენებთ, რომ ლგბტ იშიფრება როგორც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა 17 მაისის აქცია გეიაღლუმად მონათლა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ გეიაღლუმი, ლგბტ პირების გარდა, აქციაზე შეიკრიბნენ მათი უფლებების დამცველები, მათი შეკრების მიზანი კი ჰომოფობიის გაპროტესტება გახლდათ.
მცირე რამ ლგბტ საზოგადოების ისტორიიდან - თავად ეს საზოგადოება თავის გამოსვლებს ყველაზე ხშირად ''სიამაყის მარშს'' უწოდებს, როდესაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და საკუთარი უფლებების დაცვის, ასევე ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების მოთხოვნით ქუჩაში გამოდიან. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 17 წელიწადია, ყველაზე დიდი ''სიამაყის მარში'' ბრაზილიაში, კერძოდ, სან-პაულოში იმართება. 2006 წელს ზემოხსენებულ ღონისძიებაზე 2,5 მილიონი ადამიანი, 2009 წელს კი - 3,2 მილიონი გამოვიდა საკუთარი უფლებების დასაცავად. ამ რაოდენობის მონაწილე არც ერთ გეიაღლუმს არ ჰყოლია, შესაბამისად, ზემოხსენებული აქცია გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა.
ქართველი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის წარმატებულად აღნიშვნის შემდეგ ლგბტ პირები იმდენად გაკადნიერდებოდნენ, რომ გეიაღლუმის მოწყობასაც მოინდომებდნენ, შესაბამისად, ამართლებენ კიდევაც იმ ძალადობას, რომელიც მათ მიმართ განხორციელდა. ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ 17 მაისს ზოგიერთი საეკლესიო პირი ''უზრდელურად იქცეოდა''. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტრომ აქციაში მონაწილე ორ სასულიერო პირს - არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილსა და მამა იოთამ ბასილაიას ბრალი წაუყენა...
დავინტერესდით, რას ფიქრობენ ცნობილი სახეები ზემოხსენებული აქციის შესახებ და გამართლებულად მიიჩნევენ თუ არა გეიაღლუმის მოწყობას მომავალში.
შალვა რამიშვილი, ტელეწამყვანი:
- ეს ორი რამ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ - ჰომოფობიის საწინააღმდეგო გამოსვლა და გეიაღლუმი ორი სხვადასხვა რამ არის. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები და არავის აქვს იმის უფლება, რომ გამოვიდეს და ამის გამო ვიღაცას სცემოს. გეიაღლუმი კი მასკარადია, სპეციალურად გამოწყობილი ადამიანების გამოსვლა, რომლებიც პირდაპირგამოხატავენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას. გეიაღლუმის ჩატარება იქნება მიუღებელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და გამოიწვევს შფოთს, სამოქალაქო მღელვარებას. მსგავსი აქცია არ უნდა გაიმართოს. წინააღმდეგი ვარ გეიაღლუმის ჩატარების და არა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის.
რეზო ამაშუკელი, პოეტი:
- რატომ მირეკავთ ამ შეკითხვით 77 წლის კაცს?!. ახლა სპეციალურად მირეკავთ, ხომ იცით, რასაც გიპასუხებთ? ამ შეკითხვას როგორ მისვამთ ქართველ კაცს და ოთხი შვილიშვილის ბაბუას? ტყუილად ნუ მაღიზიანებთ. შეიკრიბონ თავიანთ კაფეებსა და ბარებში, აქვთ თავიანთი ტელევიზიებიც, ილოღნონ და იქოშინონ იმ კაფეებში, მაგრამ მე ნუ მომიშვერენ პომადაწასმულ უკანალს. მაინცდამაინც რუსთაველზე უნდა გამოვიდეს, უკანალი მომიშვიროს და ყურიდან ენა გამომიყოს?!.
17 მაისის აქცია იყო პროვოკაცია ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, როგორც ბევრი სხვა რამ. ყველა დროს იყო ასეთი ხალხი, მაგრამ ამგვარი შეკრებების გამართვა არ შეიძლება. საქართველო სხვა ქვეყანაა. არ ვერჩით მათ, მაგრამ ნუ ძალადობენ ჩვენზე და ნერვებს ნუ გვიშლიან. საქართველოში არ გამოვა ამათი შეკრებები და გეიაღლუმები. თუ უნდათ, სხვა ქვეყნებში გამართონ ასეთი აქციები, იქორწინონ კიდეც და თუ უნდათ, ხელისმომკიდეებიც წაიყვანონ აქედან.
ან პატრიარქის შეურაცხყოფა როგორ გაბედეს?!. ხალხს ტვინი გადაუბრუნეს, ზოგიერთი პარლამენტარი კი თვალების ნაბვით გველაპარაკება... მეორედ ეგეთ თემებზე სალაპარაკოდ აღარ დამირეკოთ.
გიორგი ლიფონავა, ''ჩემი ცოლის დაქალების'' რეჟისორი:
- ეს არის ადამიანის უფლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, ჩაატაროს ის აქცია, რაც მას უნდა. როგორ უნდა შევაფასო 17 მაისის დარბევა? ქვეყანაში არის საშინელი სიბნელე და ადამიანის უფლებები ირღვევა.
- ერთ-ერთ ბოლო სერიაში ვანიკო თახნიშვილის პერსონაჟს გიტარის ცისარტყელას ფერებიანი ქამარი ეკეთა. სპეციალურად ხომ არ მოარგეთ მის გმირს ეს ქამარი, ცისარტყელა ხომ ლგბტ პირების სიმბოლოდ მიიჩნევა?
- არა, რასაკვირველია, ეს დამთხვევა იყო. შეგიძლიათ სხვა, წინა სერიების კლიპებიც ამოიღოთ. ხურცილავას გმირს სულ ეს ცისარტყელებიანი ქამარი უკეთია. მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ გადახედოთ კლიპებს.
ბასა ხარაზი, მსახიობი:
- ლგბტ იქნება ეს, არქიტექტორი თუ კოსმონავტი, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. არავის არ უნდა აინტერესებდეს სხვისი საცვლის ფერი. როდესაც შენს უფლებებს იცავ, მთავარია, სხვას არ მიაყენო ამით ზიანი. 17 მაისის აქციაზე კი ზიანის მიყენება ვნახეთ, ოღონდ მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ.
- ბასა, შენი პერსონაჟი ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გეია. 17 მაისის შემდეგ ხომ არ გაძლიერდა შენ მიმართ უარყოფითი რეპლიკები? მახსოვს, ჩვენთან ინტერვიუში ამბობდი, რომ რამდენჯერმე შენი გმირის გამო ნეგატიური კომენტარების მოსმენა მოგიხდა.
- ნამდვილად გაძლიერდა ამგვარი ტალღა. მეტი ადამიანი მიცქერს დაჟინებით, როცა ქუჩაში გამოვდივარ. 17 მაისის შემდეგ მეგობრებმა დამირეკეს, ქუჩაში გამოსვლას მოერიდე, რადგან შეიძლება მოგკლანო. სადაც შარვლის და პერანგის ფერის გამო მისდევდნენ ხალხს საცემრად, იქ მე რა მომივიდოდა, როცა გეის ვასახიერებ?
- ერიდები გასვლას?
- არანაირად არ ვერიდები. თუკი ვინმე რაიმეს მეტყვის, საკადრის პასუხს მიიღებს. მაგრამ მათსავით არანორმალური ვერ გავხდები და არც მაქვს საფუძველი იმისა, რომ გავხდე. ჩემი პასუხი ზომიერი იქნება.
სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:
- სალომე, შენ ჰომოფობიური განცხადებების გამო დავით ქაცარავასთან ერთად ''იმედის დილიდან'' მცირე ხნის წინ გაგათავისუფლეს. 17 მაისის აქციას და იქ განვითარებულ მოვლენებს როგორ უყურებ?
- ერთხელ უკვე ვთქვი, როდესაც ''იმედიდან'' გაგვათავისუფლეს და ახლაც გავიმეორებ. როდესაც პრესკონფერენცია გავმართეთ, მაშინაც აღვნიშნე, რომ არავინ გამოხმაურებია ჩვენი გათავისუფლების ფაქტს. საპატრიარქოდან გამოხმაურების არანაირი მოლოდინი და პრეტენზია, რასაკვირველია, არ მქონდა, მაგრამ საზოგადოებისგან ველოდებოდი. მაშინ რომ შესაბამისი რეაქცია ყოფილიყო, არა მგონია, რომ ამგვარი აქციის გამართვა გაებედათ 17 მაისს. გეიაღლუმი საქართველოში ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მცხოვრებისთვის, რომელიც სულ სხვა გარემოში, ქართულ ტრადიციებზეა გაზრდილი და სხვანაირ მამაკაცებთან ურთიერთობას არის მიჩვეული, მიუღებელია. ევროკავშირში შესასვლელად ეს აუცილებელიაო, რომ ამბობენ, თუკი ამისთვის რუსთაველზე პომადიანმა და ქუსლიანმა მამაკაცებმა უნდა ისეირნონ, არ მინდა ევროკავშირში ასეთი შესვლა. არ მაქვს სურვილი, რომ ამის საფასურად ჩემი ქვეყანა ჰომოსექსუალებმა წალეკონ!.
რაც შეეხება ჩხუბსა და ცემა-ტყეპას, აქციის ასეთ დასასრულს მე ველოდებოდი და თავად ამ აქციის ორგანიზატორები რატომ არ ელოდებოდნენ. ''ნაციონალებმა'' ისე გააპარპაშეს ეგენი, რომ ხომ ხედავთ, აქციების ჩატარების პრეტენზია გაუჩნდათ. გასაკვირი არ არის.
- ანუ ამართლებ მათ ცემას?
- საერთოდ, ყველანაირ ძალადობას ვგმობ და არ აქვს მნიშვნელობა, კაი ბიჭებს სცემენ თუ გეებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შინაგანად ველოდებოდი, რომ ასეთი დასასრული იქნებოდა და თავად რატომ ვერ გათვალეს? რუსთაველზე, ქალაქის ცენტრში, კაცები თუ ვინც არიან, რომ გამოდიან და აქციას ატარებენ, არ იციან, რომ ამას ქართველი აზიატი მამაკაცები ტაშის ცემით არ შეხვდებიან?!.
გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:
- რაც შეეხება აქციას, სამუშაო რეჟიმში გახლდით და ამიტომ ცალი თვალით ვუყურებდი, თუმცა რაც ვნახე, ვგულისხმობ აქციის დაშლის მცდელობას და ძალადობრივ გზას, ეს ჩემთვის მიუღებელია. მე მაქვს პრინციპი, თუ არსებობს კანონი, ის ყველასთვის ერთია. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც ლგბტ პირების აქციის წინააღმდეგ შეიკრიბნენ, შეცდომაში შევიდნენ, რადგან მათ ეგონათ, რომ იმართებოდა გეიაღლუმი, ამის კლასიკური გაგებით, როგორც ევროპაში ხდება ხოლმე და გაღიზიანდნენ, რაღაც მომენტში მათიც მესმის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ არ არის მისაღები.
მე ახლა დილეტანტის დონეზე ვსაუბრობ, რადგან არ ვარ ღრმად ჩახედული სექსუალური უმცირესობების უფლებებში და იმაში, კანონი რას ითვალისწინებს ამ კუთხით. ერთი რამის თქმა შემიძლია, ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გეიაღლუმს არ გავმართავდი, რადგან ქართველი ხალხის მენტალიტეტი ამ ფორმით ვერ შეიცვლება. მგონია, რომ გეიაღლუმით არ დადგება სექსუალური უმცირესობებისთვის სასურველი შედეგი. აღლუმის ჩატარება საქართველოსნაირ ქვეყანაში მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.