უსმან დემბელემ შესაძლოა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს და ესპანურ გრანდში დარჩეს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 20 იანვრის შემდეგ, როდესაც კლუბის დირექტორმა მატეუ ალემანიმ განაცხადა, რომ ფრანგ შემტევს კლუბი დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დემბელემ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსა“ არ დატოვა, ხოლო ჩავიმ განაგრძო ფეხბურთელზე დაყრდნობა, სანაცვლოდ ფრანგისგან კარგი მატჩები მიიღო. შედეგად, მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუბრუნდნენ.
როგორც ესპანური გამოცემა წერს, დემბელეს აგენტ მუსა სისოკოსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის ბოლო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა და პოზიტიური შედეგებით დასრულდა. ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა, თუმცა, ყველაფერი იქით მიდის, რომ უსმანი „ბალუგრანასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რომელიც ზუსტად ორ თვეში იწურება.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ უსმან დემბელე 2017 წელს „დორტმუნდიდან“ დაიმატა და მას შემდეგ ფრანგმა შემტევმა 146 მატჩში 32 გოლი გაიტანა.