ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში BWM Open-ზე ტიტულის დაცვა ვერ შეძლო და მეოთხედფინალში დამარცხდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს, რომელიც რეიტინგის 38-ე ნომერია, ორ სეტში, 6:7, 2:6 წააგო. როგორც ხედავთ, ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ტაიბრეიკზე სერბმა მოიგო (7:5). მეორე სეტში კი ნიკოლოზმა თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა, ორჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება და საბოლოოდ, ურთულეს სიტუაციას თავი ვერ დააღწია.
შეხვედრა საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. კეჩმანოვიჩმა 10 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, მაშინ, როცა ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ 1 ეისი მიითვალა და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ნიკოლოზ ბასილაშვილი BMW Open-ის გამარჯვებული გახდა, თუმცა, ამჯერად ტიტულის შენარჩუნება ვერ მოახერხა.