პარლამენტი თუ არ გაძლიერდა, ახალი საკონსტიტუციო მოდელი ავტორიტარიზმის საფრთხეს შეიცავს

პარლამენტი თუ არ გაძლიერდა, ახალი საკონსტიტუციო მოდელი ავტორიტარიზმის საფრთხეს შეიცავს

საქართველოს კონსტიტუციამ შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შესაძლებლობა დაუშვას. საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას განიხილავს. საქმე ეხება იმ ნორმას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც ორმაგ მოქალაქეებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას უზღუდავს.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივა აღარ იქნება და ეს უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. ამასთანავე, როგორც ცნობილია, მთავრობა პარლამენტისგან კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და დამტკიცებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება კონსტიტუციის ის მოდელი, რომლითაც პრეზიდენტის უფლება-მოსილებები მნიშვნელოვნად იკვეცება და სამაგიეროდ, ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებები. თუკი ამას დავუმატებთ რამდენიმე სახელმწიფო ორგანოზე (მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, სემეკზე და ა.შ.) კონტროლს, რაც პრეზიდენტის პრეროგატივა იყო და ახლა პრემიერ-მინისტრის უფლება-მოსილებებში გადავიდა, ვღებულობთ პრემიერის საკმაოდ ფართო უფლებებით აღჭურვილ ინსტიტუტს. თუკი აქამდე პრეზიდენტს ჰქონდა უფლება-მოსილებები ზედმეტად გაზრდილი, ახლა იგივეს მივიღებთ პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი ალბათობით სწორედ მმართველი გუნდის კანდიდატი გაიმარჯვებს, რაც „ქართული ოცნების“ ხელში აბსოლუტური ძალაუფლების თავმოყრას ნიშნავს.  

ამასთანავე, სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმის გამო არსებობდა პრეტენზიები, რომ მაშინდელი მმართველი გუნდი კანონებს კონკრეტულ პირებზე არგებდა და გამოდის, რომ ახალი მმართველი გუნდიც სწორედ ასე იქცევა.

მართალია, ბიძინა ივანიშვილი მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ სურს და უახლოეს მომავალში პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის ასე გაძლიერება მაინც შეიცავს იმის საფრთხეს, რომ მთელი ძალაუფლება კვლავ ერთი პირის ხელში იქნება აკუმულირებული.

ამ თემასთან დაკავშირებით for.ge კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, რამდენად მიზანშეწონილია, რომ კონსტიტუციის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს მიეცეთ ქვეყნის სამი უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლება?

- რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის, რომ პრეზიდენტის და საერთოდ უმაღლესი თანამდებობები ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა დაიკავონ. ეს საკითხი სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს უკავშირდება. პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების მიერ და ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს სწორედ უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეხება. ეს რაც შეეხება იურიდიულ მხარეს. თუკი საკითხის პოლიტიკურ მხარეზე ვისაუბრებთ, არ არის სასურველი კონსტიტუციაში სუბიექტური ცვლილებების შეტანა, რასაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

ერთადერთი, რაც გასათვალისწინებელია, არის ამ ცვლილების კონტექსტი. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოერთვა. არსებობს მთელი რიგი არგუმენტები, რაც ამ დასკვნას ადასტურებს. ამდენად, დღეს ერთგვარი უკანონო მდგომარეობაა შექმნილი, რაც გულისხმობს იმას, რომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ აქვს შეწყვეტილი და სწორედ ამ უკანონო აქტის გამო, იგი 2014 წლის 1 იანვრიდან ვეღარ მოახერხებს ამ თანამდებობის დაკავებას. შესაბამისად, აქ საუბარი შეიძლება იყოს ერთგვარი უსამართლო აქტის შედეგების აღმოფხვრაზე.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად კონსტიტუციის შეცვლა მიზანშეწონილი არ არის და მით უმეტეს, კონკრეტული პიროვნებისთვის მასში ცვლილებების შეტანა, თუმცა თუკი მეორე მხრიდან შევხედავთ და თუ ეს არის უსამართლო აქტის შედეგების გამოსწორება, ამ შემთხვევაში ამას გარკვეული გამართლება შეიძლება მოვუძებნოთ.

ბატონო ირაკლი, კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილების შეტანა შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალია? არ შეიძლება, რომ კონსტიტუცია პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანონ, ივანიშვილმა უბრალოდ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ასე გააგრძელოს პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობა?

- სავარაუდოდ, პრობლემა არის მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება. არ ვიცი, ზუსტად რასთან არის ეს დაკავშირებული და ფრანგული მხარის მიერ რატომ იწელება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, შეიძლება მათ თავიანთი კანონმდებლობით გათვალისწინებული აქვთ შესაბამისი პროცედურები და ამის გამო ვერ ახერხებენ ივანიშვილისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის დროულად შეწყვეტას. თუ მიზეზი ეს არის, ამ შემთხვევაში შეგვიძლია საკონსტიტუციო ცვლილება გარკვეულწილად გავამართლოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა შეუწყდეს, იგი გახდეს საქართველოს მოქალაქე და ასეთ შემთხვევაში პრობლემა თავისთავად აღმოიფხვრება.

საფრანგეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის შემდეგ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ხომ არ ექნება რაიმე პრობლემა?

- პრეზიდენტს უკვე გამოცემული აქვს აქტი ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, ანუ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უბრალოდ ეს პირობა გარკვეულ დათქმაზეა მიბმული, ანუ საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტაზე. ამ აქტის თანახმად, როგორც კი ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა შეუწყდება, მას ეგრევა აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა. ამ კუთხით რაიმე დამატებითი იურიდიული ღონისძიების განხორციელება საჭირო აღარ არის.

ამ პროცესში ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის მხრივაც არანაირი პრობლემა არ შეიქმნება?

- დიახ, თუ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა დროულად შეუწყდა, ამ შემთხვევაში ყველანაირი პრობლემა იხსნება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის გარკვეული კომეტენციები პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდა. ამის მაგალითად შეგვიძლია თუნდაც ის შემთხვევა დავასახელოთ, რის შესახებც დღეს გახდა ცნობილი. კერძოდ, სემეკის წევრთა დანიშვნა პრეზიდენტის უფლება აღარ იქნება და მათ პრემიერი დანიშნავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ პრემიერის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლება იყრის თავს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიშ შემდეგ პრეზიდენტის უფლებები ისედაც მცირდება?

- თავის დროზე, როდესაც 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს, ეს ცვლილებები მაშინაც ძალიან მკაცრად გავაკრიტიკე. კრიტიკის ძირითადი საბაბი გახდა ის, რომ პრემიერ-მინისტრი ზედმეტად ძლიერდებოდა, თუმცა ეს პირველ რიგში, მის პარლამენტთან ურთიერთობას ეხებოდა, ანუ ძლიერდებოდა პრემიერი და სუსტდებოდა პარლამენტი. რაც შეეხება პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთობას, თუ ჩვენ საპარლამენტო ტიპის მოდელზე ვსაუბრობთ, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის როლის თუნდაც სიმბოლურამდე დაყვანა, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, რომ პარლამენტი იყოს ძლიერი და მას პრემიერ-მინისტრის გაკონტროლება შეეძლოს. იმ ახალი მოდელის მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ პარლამენტი იქნება სუსტი და პრემიერ-მინისტრის დაბალანსებას ვერ შეძლებს.

ამ ცვლილებების კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ასევე იყო ის, რომ პრეზიდენტის სტატუსი და ფუნქციების ზოგადი მოცულობა ცოტათი გაურკვეველი იყო. ამაზე ვენეციის კომისიის ექსპერტებიც ამახვილებდნენ ყურადღებას. ისინი ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი იყო ძალიან სუსტი, ანუ მას არ ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერის, ან თუნდაც ერთ-ერთი ლიდერის ფუნქცია, სამაგიეროდ, მას ფრაგმენტულად ჰქონდა მინიჭებული მთელი რიგი აღმასრულებელი კომპეტენციები, კონკრეტულ სფეროებში, მაგალითად, საგარეო ურთიერთობების სფეროში. მათ შენიშვნაც და ჩემი მოსაზრებაც მდგომარეობდა იმაში, რომ პრეზიდენტი მთლიანად არ უნდა ყოფილიყო გაწმენდილი აღმასრულებელი კომპეტენციებისგან, ანუ ის უნდა ყოფილიყო საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მსგავსი ფუნქციების მატარებელი, ან მას რეალურად უნდა მისცემოდა აღმასრულებელი ხელისუფლება.

ის ცვლილებები, რაც 2010 წელს კონსტიტუციაში იქნა შეტანილი, გარკვეულწილად შუალედური ვარიანტი იყო ამ ორ ვარიანტს შორის, რაც 2013 წლის შემდეგ პრობლემებს შექმნიდა და ამას ვენეციის კომისია პროგნოზირებდა. შესაბამისად, რაც შეეხება სემეკის დანიშვნაზე და სხვა ფუნქციებზე, აქ ძირითადად აღმასრულებელ კომპეტენციებზეა საუბარი.

ბატონო ირაკლი, ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყების (თუნდაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის, სემეკის და ..) კონტროლი პრეზიდენტისგან პრემიერ-მინისტრს გადაეცა. გასაგებია, რომ ახლა სააკაშვილს, ასე ვთქვათ, ფრთები შეეკვეცოს, მაგრამ ამავდროულად ხდება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის სერიოზულად გაძლიერება. რამდენად მიზანშეწონილია ეს ტენდენცია?

- აქ აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია. პრეზიდენტი მთლიანად ჩამოშორებულია აღმასრულებელ ფუნქციებს და ეს ამოცანა მთლიანად პრემიერ-მინისტრს აქვს თავის თავზე აღებული. ეს ნორმალურია, თუკი პარლამენტი არის ძლიერი და მას უნარი შესწევს მის მიერ ნდობაგამოცხადებული პრემიერი და მთავრობა გააკონტროლოს.

2013 წლის ოქტომბრიდან პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი აღარ არის. შესაბამისად, მიზანშეწონილი არ არის, რომ მას რაიმე აღმასრულებელი ფუქნციები ჰქონდეს, რადგან ეს უკვე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ფუნქციების აღრევას გამოიწვევს. ამდენად, პრეზიდენტი, ან აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი უნდა იყოს და მას შეიძლება ფართო აღმასრულებელი ფუნქციები მიენიჭოს, ან თუ იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის (რასაც 2013 წლიდან ასამოქმედებელი მოდელი ითვალისწინებს), ამ შემთხვევაში მას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს აღმასრულებელი უფლებები.

თუკი ამ კომპეტენციების გადანაწილებას, ანუ პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრთან გარკვეული უფლებების გადასვლას ახალი მოდელის ჭრილში შევხედავთ, ეს არის ლოგიკური, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ აუცილებელია პრემიერ-მინისტრის დაბალანსება პარლამენტის მიერ. კონსტიტუცია უნდა დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს ის ნორმები, რომლებიც პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის ნდობის გამოცხადებას ეხება. პარლამენტისთვის პრემიერის დაბალანსების ძირითადი ბერკეტი მისთვის უნდობლობის გამოცხადებაა, იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი თავის ფუნქციებს სათანადო არ ახორციელებს. ეს არის ძირითადად ის, რაც კონსტიტუციაში უნდა შეიცვალოს. ამ ახალი მოდელით პრეზიდენტი პერმიერის დამაბალანსებლად არ გამოდგება, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი აღარ არის და პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებას არსებითად ვერ შეზღუდავს.

დასკვნის სახით გეტყვის, რომ პარლამენტი უნდა გაძლიერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი საკონსტიტუციო მოდელი ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების ისეთივე რისკს შეიცავს, როგორსაც არსებული მოდელი შეიცავდა, რადგან პრეზიდენტის ძალაუფლებას ზედმეტად ზრდიდა. ახალი მოდელით კი პრემიერის ძალაუფლება იზრდება და ასეთ დროს მისი დამბალანსებელი უნდა იყოს პარლამენტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უნდობლობას გამოუცხადებს.