რამდენიმე დღეში მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებს ორი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, პირველი დახურულ მოედანზე, მეორე კი ქალაქის პირობებში. 9 ქალაქში, სადაც მართვის მოწმობის მსურველთა გამოცდები ტარდება, უკვე მომზადდა გზის მონაკვეთები, რომლის გავლაც მომავალ მძღოლებს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მოუწევთ.
ორეტაპიანი პრაქტიკული გამოცდის ვალდებულება B და B1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის მსურველებს ექნებათ. იმის დასტურად, რომ ქალაქის პირობებში მართვა იცის, მძღოლმა 25 წუთის განმავლობაში, საგზაო წესების დაცვით, დაახლოებით 17-კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გაიაროს.
სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველი მძღოლებისთვის კი ქალაქის ქუჩებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო 7 ნოემბრიდან გახდება.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი მართვის მოწმობის ასაღებად თანხის მატებასა და ასევე გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანას, პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს იქნება ბიძგი ადამიანებისთვის, რომ უკეთ მოემზადონ და მათ აღარ უნდა სჭირდებოდეთ გამოცდაზე რამდენჯერმე გასვლა, ასევე რეგულაცია ქვეყანაში საგზაო მოძრაობას გააუმჯობესებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად შეამცირებს საქართველოში საგზაო შემთხვევებს, რადგან ადამიანები უკეთესად მოემზადებიან და პრობლემაც არა ღირებულების მატება, არამედ უშუალოდ გამოცდისთვის მომზადებაა, რადგან კვალიფიციური კადრები არც თეორიული მასალის ათვისების კუთხით გვყავს და არც პრაქტიკულ ნაწილში. ის ავტოსკოლები კი, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბაზაში, არ აკმაყოფილებენ სასურველ სტანდარტსა და ხარისხს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე აზრით, აუცილებელია ქვეყანაში ავტოსკოლების ლიცენზირება და კვალიფიციური კადრების პოვნა და მათი გადამზადება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი. ირაკლი იზორიას განცხადებით, რეფორმას დადებითი შედეგი ექნება და შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას.
„მივესალმებით, რომ რეალურ პირობებში ხდება პრაქტიკული გამოცდის გადატანა. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სწავლების დონის ამაღლებას და საბოლოოდ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას. ავტოსკოლებში სწავლება ჩვენ უნდა მოვარგოთ საქართველოს რეალობას. მსოფლიოს ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა გამოცდილება სასწავლო საათების მიხედვით და სეზონურობის მიხედვითაც. მაგალითად, არის ზაფხული სწავლება, ზამთრის სწავლება და ა.შ.“ - განაცხადა ირაკლი იზორიამ.
იზრდება გამოცდაზე გასვლის საფასურიც და თუკი აქამდე თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად საფასური 40 ლარი იყო, ერთ კვირაში, მომავალ მძღოლებს დამატებით, კიდევ 90 ლარის გადახდა მოუწევთ ანუ გამოდის, რომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილი 40 ლარი რჩება და ამას დაემატება 90 ლარი უკვე მეორე ეტაპზე.