ახალი კობი მორანტის სახით? -

ახალი კობი მორანტის სახით? - "მემფის გრიზლის" 26-ქულიანი ქამბექი 

NBA-ს პლეი ოფი გრძელდება. დღეს 3 მატჩი გაიმართა. დღის პირველ შეხვედრაში „მინესოტამ“ „მემფის გრიზლი“ მიიღო და 95:104 დამარცხდა. ამ დაპირისპირებამდე სერიაში ანგარიში 1:1 იყო.

„მინესოტამ“ პირველ პერიოდში 18-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, მეორე მეოთხედის დასაწყისში კი უპირატესობა 26-ქულამდეც გაზარდა, თუმცა „მემფისის“ მოთამაშეებმა შესვენებამდე სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანეს. მესამე მეოთხედიც კრის ფინჩის შეგირდებმა შესანიშნავად ჩაატარეს და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 16 ქულიან ფორას გაანიავებდნენ, მაგრამ „გრიზლიმ“ საოცარი ქამბექი დადო. დასკვნითი 12-წუთეული 37:12 მოიგო და საბოლოო ჯამში 104:95 დააფიქსირა, რითაც სერიაშიც დაწინაურდა - (2:1).

მატჩის მთავარი გმირი ჯა მორანტი იყო. 22 წლის ამერიკელმა მცველმა სამმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება იყო. +- მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალი +20 ჰქონდა.

გეტყვით, რომ მორანტმა შაკილ ონილის ყურადღებაც მიიქცია. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ახალგაზრდა მცველი ასევე ლეგენდარულ კობი ბრაიანტს შეადარა.

„ვთქვი, რომ ის უკვე დიდი მოთამაშეა. ორი თვის წინ გავაკეთე განცხადება, რომ კობის მაგონებს. როდესაც მე მას შევხვდი, 17 წლის იყო და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იცის რა უნდა გააკეთოს პარკეტზე იმისთვის, რომ უფრო დიდი მოთამაშე გახდეს“, - თქვა შაკიმ.

კობისთან შედარება მორანტისთვის ნამდვილად დიდი შექებაა, რადგან კობი არამარტო ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვისაც სპორტის ამ სახეობაში უთამაშია. მორანტი „გრიზლის“ შემადგენლობაში მე-3 წელია თამაშობს და დიდი შანსია, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ასე, რომ ახალგაზრდა კალათბურთელისგან ბევრს ელიან.

რეგულარულ სეზონში მისი საშუალო მაჩვენებელი თამაშში 27.7 ქულა და 7 პასია, რაც მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პლეი ოფში სერიის მეორე შეხვედრაც მას სამმაგი დუბლის ზღვარზე ჰქონდა, როდესაც მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. პირველ შეხვედრაში კი 32 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

ამრიგად, მისი პროგრესი ძალიან საინტერესოდ ვითარდება. შეძლებს მოტანტი „გრიზლის“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გაყვანას? იქნება შემდეგი კობი? ეს ის კითხვებია, რომლებიც ჯერაც პასუხგაუცემელია. თუმცა, „მემფისის“ გულშემატკივრებში აქტიურად განიხილება.

რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გამარჯვებულთა გუნდიდან დესმონდ ბეინი გამოირჩა. 23 წლის მცველმა 26 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მან 15-დან 7 სამქულიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულით და 8 მოხსნით დაეხმარა საკუთარ გუნდს ანადელი ბრენდონ კლარკი.

„მინესოტადან“ დ’ანჯელო რასელს 22 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. 19 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა ენტონი ედვარდსმა, რაც შეეხება ჯარედ ვანდერბილტს, მან 10 ქულით, 13 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა.

ამ გუნდების სერიის მე-4 შეხვედრა 24 აპრილს გაიმართება.