ანხელ დი მარიამ შესაძლოა კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს. იტალიური მედიის ცნობით 34 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს და საკუთარი თავი ტურინულ გრანდსაც შესთავაზა.
Tuttosport-ი წერს, რომ „იუვენტუსი“ ფიქრობს დი მარიას დამატების ვარიანტზე. ანხელს „პარი სენ ჟერმენთან“ 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. „იუვე“ მზადაა ის უფასოდ დაიმატოს და 1-წლიანი კონტრაქტი 1 წლით განახლების ოფციით გაუფორმოს.
თუმცა, დი მარია იტალიური კლუბის სიაში ერთადერთი მარჯვენა ვინგერი არ არის - „იუვენტუსის“ ინტერესთა სფეროში არიან ნიკოლო ძანიოლო, დავიდ ნერეში და ანტონი. აქამდე ფავორიტად ძანიოლო განიხილებოდა, მაგრამ ბოლო დროს დი მარიას ვარიანტმა უფრო რეალური სახე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია „პარი სენ ჟერმენში“ 2015 წლიდან თამაშობს და 290 მატჩში 90 გოლი გაიტანა. არგენტინელ ფეხბურთელს მანამდე „როსარიო სენტრალში“, „ბენფიკაში“, „რეალსა“ და „მანჩესტერში“ უთამაშია.