სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის უკვე ნამდვილად ხდება პრიორიტეტი. ეს უფრო გლობალური კრიზისის დამსახურებაა, რომელმაც აშკარად ცხადყო, რომ ქვეყნები სხვის იმედად უკვე ვეღარ იარსებებენ. საჭიროა შიდა რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, თორემ საშინელი სიძვირე და მისგან გამოწველუი სურსათის დეფიციტი ნებისმიერ ქვეყანას შიმშილის პირამდე მიიყვანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამბობს, რომ დღესდღეობით საჭირო და აუცილებელია ქვეყანაში სტაბილური ვითარების შენარჩუნება, მოსახლეობისა და ფერმერების დახმარება. ამიტომ მთავრობამ გადაწვიტა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განაახლოს.
„სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარით, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები და ბენეფიციარს შეეძლება, მიიღოს ეს სუბსიდია. მათ დაერიცხებათ სპეციალურ აგრობარათზე აღნიშნული დახმარება, სუბსიდია ქულების სახით და შეეძლებათ, გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, ეს შეეხება დაახლოებით 300 000-მდე ფერმერს, პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.
ამას გარდა, არა მხოლოდ მცირე მიწის მქონე, არამედ მსხვილ ფერმერებსაც ვეხმარებით, ჩვენ მათ ვუფინანსებთ საბრუნავი სახსრების აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით ასევე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 20 მლნ ლარის სესხები არის გაცემული. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ფერმერების დახმარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა განსაკუთრებით აუცილებელია ერთწლიანი კულტურების მოყვანისა და მეხორბლეობის მიმართულებით. მსოფლიოში მიმდინარე ომმა და კრიზისმა, ეს ყველას თვალნათლივ დაანახვა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინსიტრო კონკრეტული გეგმით გამოდის, რომ ნათესი ფართობები და მოსავლიანობა საგრძნობლად გაიზრდოს.
„მსოფლიო ბაზრებიდან მოწყვეტილი ვერ ვიქნებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში მარცვლეულის, ხორბლის და სხვა პროდუქტების ზრდას, რათა გავზარდოთ ქვეყანაში წარმოება. წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ხორბლის წარმოება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, დაახლოებით 35%-ით, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტი საშუალება გვაქვს, რისთვისაც კონკრეტულ მექანიზმსაც შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მიმდინარებოს აქტიური მუშაობს, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, რათა ქვეყანამ სანახევროდ მაინც შეძლოს მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
„არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართვით წარმოვადგენთ პროგრამას, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15%-დან 50%-მდე და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში გამოსვლისას და დასძინა, რომ მთავრობა ასევე წარმოადგენს დახმარების პაკეტს, რომელიც ფერმერებს ხელს შეუწყობს პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს დავუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს. თუმცა, კარგად გვესმის, რომ კრედიტი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათ საწვავზე, სასუქებზე და პესტიციდებზე ფასების ზრდის პირობებში, სჭირდებათ მხარდაჭერა. ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ფერმერებს პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, - დასძინა შამუგიამ
მთავრობისგან წამოსულ დადებით გზავნილებს აფასებენ დარგის სპეციალისტები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი დეტალურად აღწერს იმ ნაბიჯებს, რაც მარცვლეულის მოპოვებას ხელს შეუწყობს.
„წლებია ვსაუბრობ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში წამყვანი დარგი უნდა იყოს მარცვლეული და აქ მხედველობაში მაქვს: ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვა. თუ დარგს გონივრულად განვავითარებთ, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, მარცვლეულზე შიდა მოთხოვნილება 50-60%-ით დავაკმაყოფილოთ, უახლეს პერიოდში. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა სათესლე მასალის გაუმჯობესება, მოსავლიანობის გაზრდა სხვადასხვა მეთოდებით, უნდა შევამციროთ მინერალური სასუქების გამოყენება და გადავიდეთ ორგანული სასუქების გამოყენებაზე, რადგან ჩვენი ნიადაგები „განარკომანებულია“, მიჩვეულები არიან მინერალურ სასუქებს.
აუცილებელია მიწების გასარწყავიანების გაზრდა და მინდორსაცავი, ქარსაფარი ზოლების გაშენება და აღდგენა. უნდა გავზარდოთ საჰექტარო მოსავლიანობა, ამისთვის კი საჭიროა მიწების მორწყვა, მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენება და ახალი მეთოდების დანერგვა. ჯერჯერობით, თავი უნდა შევიკავოთ ვენახებისა და ხეხილის ბაღების გაშენებისაგან და ეს ფართობები უნდა დავუთოთ მარცვეულ კულტურებს.
თუ ამ ყველაფერს არ გავაკეთეთ, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. პურის ფასი უკვე მატულობს და უარესი მოხდება მომავალ წლებში“, - განაცხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, გაეროს სერთიფიცირებულმა ექსპერტმა უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილმა და დასძინა, რომ მარცვლეულის განვითარება დარგობრივ ჯაჭვს წარმოქმნის და მესაქონლეობასა და მეფრინველეობასაც დიდი დახმარებას გაუწევს.