მთავრობა საქმეში თუ არ ჩაერია, პური მაისიდან ისევ გაძვირდება

მთავრობა საქმეში თუ არ ჩაერია, პური მაისიდან ისევ გაძვირდება

რუსეთის მიერ, უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე, პირველადი დანიშნულების პროდუქციაზე ფასი იზრდება. საფრთხის ქვეშ უკვე პურპროდუქტებია. მოახლოვდა მაისი და მეპურეებმა გაძვირებაზე დაიწყეს საუბარი. ძველი ფასის შენარჩუნებაზე მათ სწორედ აქამდე ჰქონდათ პირობა დადებული.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ საერთო გაძვირების მასშტაბის ფონზე, 10 და 15 თეთრით პურის გაძვირება მნიშვნელოვანი პრობლემა არ უნდა იყოს ქვეყნისათვის.

„მეწარმე ყოველთვის ცდილობს, როგორც ხარისხში, ისე ფასში რენტაბელური იყოს. ეს ბიზნესის ანბანია. საქართველოში, ისევ ვიმეორებ, რომ 2 თვის მარაგი არის, მაგრამ აქ უკვე ფასი „იკბინება“. ახლა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შაქარზე, ზეთზე და სხვა პროდუქტებზე უსაშველოდ მაღალი ფასი დაფიქსირდა, მე მგონი, 10 და 15 თეთრით ფასის მატება ქვეყანას არ დააქცევს. შეიძლება ამაზე გაბრაზდეს მომხმარებელი, მაგრამ რეალობა ასეთია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

არის საუბარი, რომ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უფრო ძვირადღირებული პურისთვის დანამატს მიიღებენ, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტში ვართ სამეზობლოსთან. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში პურზე ყველაზე დაბალი ფასია“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ გადაცემა „საქმეში“.

ამჟამად პრობლემა ისაა, რომ საქართველოში შემოტანილი რუსული ფქვილის ფასიც საგრძნობლად გაიზარდა. თუკი თვეების განმავალობაში 1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი 64-65 ლარი ღირდა, ახლა უკვე 75 ლარამდეა ასული. თუ ფქვილისა და ხორბლის ფასის მატების ასეთი ტენდენცია შენარჩუნდა, ზაფხულისთვის პური სავარაუდოდ, 20 თეთრითაც კი გაძვირდება.

„ჯერჯერობით პურის გაძვირების ფაქტს არ ვადასტურებ. ასეთი რამ ქარხნის პურთან დაკავშირებით მასიურად არ მომხდარა. არის რიგი შემთხვევები, როცა საცხობები, რომელთა პროდუქციაც ადრე შეუფუთავი იყო, ახლა შეფუთვით გამოდის და შესაბამისად, უფრო ძვირია. ფასი გაზრდილია აბსოლუტურად ყველა კომპონენტზე. ფქვილიც, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა 64-დან 75-ლარამდე გაძვირდა მიმდინარე ომის ფონზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა 450 აშშ დოლარს მიაღწია. ახლა, ჯერი სახელმწიფოზეა, რას იზამს მაისიდან.

მაისამდე ჩვენ პროდუქტს არ გავაძვირებთ. შემდეგ კი, თუ ტენდენცია კვლავ გაგრძელდა, პურმა შეიძლება 20 თეთრითაც კი მოიმატოს. აქ უკვე ჯერი სახელმწიფოზეა, რა მექანიზმს ჩართავს“, - განუცხადა „“ბიზნესპრესნიუსს“ დოლიძემ.

მდგომარეობის დრამატულობას ადასტურებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიაც. პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ ფართო მოხმარების პურზე ფასები გაზრდილი არ არის, მაგრამ რა იქნება ხვალ პროგნოზირება რთულია. მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში ხორბლის მარაგი იყოს.

„ფართო მოხმარების პურზე ფასები გაზრდილი არ არის, რა იქნება ხვალ პროგნოზის გაკეთება რთულია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება. იმ რეალობის გათვალისწინებით რომელიც დადგება, მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

დღესდღეობით ჩვენთვის პირველი ამოცანა და პრიორიტეტია იყოს მარაგები და ამის მონიტორინგს ვაწარმოებთ და რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ფასებს და თუ აქ დავინახავთ რამე მნიშვნელოვან ცვლილებს შემდგომ მოხდება საკითხზე მსჯელობა თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ, რომელსაც მაიამდე იმდენად ცოტა დრო აქვს დარჩენილი, რომ წესით რეაგირება უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს.

petrekupry ჩვენ გვინდა საბაზრო ეკონომიკა ქართული წესებით!! რა შუაშია მთავრობა პურის ფასებთან? ან საერთოდ ფასების რეგულირება რომელი ფორმაციის ეკონომიკაში ხდება? პურის მცხობელთა ასოციაცია რაღაა?
2 წლის უკან