"სააკაშვილს გადაეცით, რომ კარგად მახსოვს, როგორ მიუთითა სააკაშვილმა ირინა ენუქიძეს, კუთხეში დაჯდეს და ჩუმად იტიროსო!"

"საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის დროს ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საქმეზე - "გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ" - ევროპულ სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება გამოეტანა. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, პრეზიდენტით დაწყებული და რიგითი გამომძიებლით დამთავრებული, შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამართლიანი განაჩენი არ დამდგარიყო", - აცხადებს სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სანდრო გირგვლიანის მამა ხანგრძლივ დუმილს არღვევს!".

"დღემდე არსად მითქვამს და ახლა თქვენ გეტყვით, რომ ბოკერია და მისი ცოლი ჩერგოლეიშვილი ჩასულები იყვნენ სტრასბურგში და ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ადვოკატზე დავით ჯანდიერზე. მათ სურდათ, რომ ჯანდიერი, რომელიც ფრანგულად შესანიშნავად ლაპარაკობს, მოეხსნათ პროცესიდან და მის ნაცვლად გამოსულიყო შალვა შავგულიძე, რომელიც ფრანგულ და ინგლისურ ენებს არ ფლობს. რაც შეეხება იმას, თუ როდის გამოცხადდება გახსნილად სანდროს მკვლელობის საქმე, ამას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე მირჩევნია, რომ პროკურატურამ არ იჩქაროს და ზედმიწევნით სრულყოფილად გამოიძიოს ყველაფერი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ გირგვლიანი.

"სხვათაშორის, ზოგიერთი პიროვნება, რომელიც სანდროს საქმის გამოძიების გაყალბებაში იყო ჩართული, დღესაც მუშაობს მთავარ პროკურატურაში და არათუ უბრალოდ ნუშაობს, საკმაოდ მაღალ თანამდებობასაც იკავებს! სახელებისა და გვარების დასახელებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თვითონ მიხვდებიან, ვისზეც ვლაპარაკობ და იმედი მაქვს, მთავარი პროკურორი, ბატონი არჩილ კბილაშვილი დიდხანს არ გაიჩერებს გვერდით ასეთ ადამიანებს. სანდროს საქმის მთავარი გამყალბებელი, ვინც უშუალოდ ასრულებდა ადეიშვილის დავალებებს, დღესაც პროკურატურის მაღალჩინოსანია და, ალბათ, რჩევებსაც აძლევს მთავარ პროკურორს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს კაცი სასწრაფოდ არის გასაგდები პროკურატურიდან!" - განაგრძობს რესპონდენტი.

"სააკაშვილს გადაეცით, რომ ირინა ენუქიძის ქმარი და სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ცოცხალია და ძალიან კარგად ახსოვს, როგორ მიუთითა სააკაშვილმა ირინა ენუქიძეს, კუთხეში დაჯდეს და ჩუმად იტიროს, როგორც სხვა დედები ტირიანო! ახლა გამოდის და იძახის, ვნანობ, რომ ირინა ენუქიძეს ვერ შევხვდიო? ეს არის ცინიზმი და არაკაცობა! მოსამართლე ჩემიამ ჟურნალში დაწერა, სანდრო გირგვლიანს და ირინა ენუქიძეს ლოცვებში მოვიხსენიებო. მინდა ვუთხრა ჩემიას - სასაცილო და საცოდავი კაცი ხარ!" - ამბობს გურამ გირგვლიანი.

"არ მინდა, ამ ფაქტს პოლიტიკური ელფერი მივცე, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. მეც დამებადა ეს კითხვა - შემთხვევით მოხდა, რომ მერაბიშვილის დაპატიმრებიდან მეორე დღეს სანდროს და ირინას საფლავები გაძარცვეს? დაე, ამ კითხვას საზოგადოებამ გასცეს პასუხი! ისე კი გეტყვით, რომ გარშემო საფლავებზე ბრინჯაოზე ბევრად ძვირფასი ლითონის ნაკეთობებია და მათთვის არავის უხლია ხელი. არადა, უბრალო მძარცველს, წესით, უფრო ძვირფასი მეტალები უნდა წაეღო", - დასძენს რესპონდენტი.