ფიცის მიღება ქუთაისში

ფიცის მიღება ქუთაისში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ფიცის მიღებით ქუთაისშიც აღინიშნა. სახმელეთო ძალების სარდლობის აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების 100-მა ახალწვეულმა ფიცი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დადო.

პირად შემადგენლობას საქართველოს შეიარაღებული ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეიდან თქვენ ხდებით საქართველოს შეიარღებული ძალების სრულფასოვანი წევრები და იღებთ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ჩვენი თანამოქალაქეებისა და მომავალი თაობების წინაშე. იდგე ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე - ეს ძლიერთა ხვედრია. მე დარწმუნებული ვარ თვენ ღირსეულად გაივლით ამ გზას“ - მიმართა ლევან დოლიძემ ახალწვეულებს.

„დღეიდან თქვენ გახდებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი წევრები. თქვენ შემოხვალთ იმ ოჯახში, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ჰქვია და შესაბამის სიტყვას იტყვით ქართული არმიის ისტორიაში. ჩვენ ახლა ერთად ვართ შეფიცულები, მნიშვნელობა არ აქვს ჩინს, თანამდებობას, წლოვანებას - ყველანი ერთიანნი ვართ. დღეიდან თქვენ ხართ ქვეყნის სადარაჯოზე. მინდა გახსოვდეთ სამი რამ, რაც არაფერზე არ გაიცვლება - ეს არის სამშობლო, ღირსება და გამარჯვება!“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.

ცერემონიალს 100 კადეტი, ახალწვეულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ.