საწვავის ტოტალური გაძვირების ფონზე მგზავრობაზე ფასის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. თანდათან საგრძნობლად გაძვირდა როგორც ახლო, ისე შორი საქალქთაშორისო მგზავრობა. ვითარებიდან გამოსავალი პრაქტიკულად არ ჩანს. გამოუვალ მდგომარეობაში არიან როგორც მძღოლები, ისე მგზავრებიც.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური ზოგ მიმართულებებზე 1.80 ლარიდან 2.50-მდე, ზოგზე კი 2.80 ლარამდე გაიზარდა. მოქალაქეებს 2.80 ლარის გადახდა თსუ-ს მაღლივი კორპუსისა და გლდანის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მოუწევთ, დანარჩენ მიმართულებებზე მგზავრობა კი 2.50 ლარი ღირს.
კომპანია „ინტერტრანსში“ განმარტავენ, რატომ გაძვირდა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური. მგზავრობის საფასურის მატება საწვავის ფასის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯების ზრდამ განაპირობა.
„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში საწვავის ფასი 83%-ით გაძვირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფასის მდგენელი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. საზეთი-საცხი მასალები 25%-ით, საბურავები - 60%-ით, ავტობუსის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯები 150%-ით გაძვირდა. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ახალი საბაზრო ფასების პირობებში, მგზავრობის ძველი ტარიფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა“, - აცხადებენ „ინტერტრანსში“.
ეს არგუმენტი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა რუსთავის მერისთვის. ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობას შეხვდა და პასუხი მოსთხოვა.
ოფიციალური ხელშეკრულების თანახმად კომპანიას ტარიფის ზრდის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის ფასის სავარაუდო მატებამდე, ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინა, თუმცა წერილობითი მიმართვა ქალაქის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი დღით ადრე შემოიტანა.
„შევხვდით კომპანია „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებს და მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა ტრანსპორტის ტარიფის ზრდა მერიასთან შეუთანხმებლად. რატომ მოხდა, რომ კომპანიამ ტარიფის გაზრდის შესახებ მოგვმართა მხოლოდ გუშინ და არა ერთი თვით ადრე, როგორც ეს სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა გაეკეთებინა.
ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მათ მიმართ აუცილებლად ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიყავით კომპანიის მიმართ, როცა მათი მომსახურების ხარისხი არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს, სწორედ იმ მოტივით, რომ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა მგზავრობის ფასი.
ჩვენი უმთავრესი ინტერესია, არ დაზარალდნენ რუსთაველები და ბუნებრივია, გავითვალისწინებთ „ინტერტრანსში“ დასაქმებული მძღოლების ინტერესებსაც, რადგან ისინი რუსთაველები არიან და თითოეული მათგანის უკან დგას ოჯახი. მუნიციპალიტეტი პრობლემის წინაშე არც რუსთაველ მგზავრებს და არც მძღოლებს მარტო არ დატოვებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პრობლემები მხოლოდ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე არ შეინიშნება. იგივე მდგომარეობაა შორ რეისებზე, სადაც ზოგიერთი მიმართულებებით მგზავრობა 3-დან 5-7 ლარის ფარგლებში გაძვირდა. თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 15 ლარი ნაცვლად, უკვე 20 ლარი ღირს, ზუგდიდის მიმართულებით - 25 ლარი, თეთრიწყაროს მიმართულებით 4.5 ლარის ნაცვლად, 6 ლარი და ა.შ.
„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ საწვავის ფასმა 4 ლარს მიაღწია და მგზავრობის ტარიფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.
„როცა საწვავის ფასმა 4 ლარს მიაღწია, მაშინ მძღოლების ნაწილმა, 10-15%-ით გააძვირა მგზავრთა გადაყვანა. ეს შეეხო ძირითად მიმართულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველა მიმართულებით გაძვირდა ტრანსპორტი და საწვავის ფასების კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა, მეტად, ფიზიკურად ვერ გაიზრდება ფასი არალეგალური კონკურენციის გამო. ვგულისხმობ ე.წ. „ხიშნიკებს“, რომლებიც საბიუჯეტო გადასახადებს არ იხდიან და შესაბამისად, ბევრად იაფი უჯდებათ გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ბოლო 20 დღეა, ჩვენთან ფასები არ შეცვლილა“, - განუცხადა ნესტორ მიქატაძემ „ბიზნესპრესნიუსს“.
მიუხედავად ავტოსადგურის ხელმძღვანელობის დაპირებისა, გამორიცხული არ არის, სააღდგომოდ მგზავრობა კიდევ გაძვირდეს. ბოლო წლებში ეს ყოველთვის ასე ხდება, როდესაც დედაქალაქიდან რეგიონებში წამსვლელთა რაოდენობა ერთბაშად მატულობს.