ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ერთმანეთს ძალიან დაშორდა

ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ერთმანეთს ძალიან დაშორდა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ სრულიად სხვადასხვაგვარი ინფორმაციები ვრცელდება. მსოფლიო ბანკი თუ პესიმისტურად არის განწყობილი, ადგილობრივი შემფასებლები გაცილებით ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნებზე. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ომის ზემოქმედების გამო შენელდება.

„წელს მოსალოდნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ვარდნა 4.1 პროცენტით, ომამდე პროგნოზირებული 3-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, რამდენადაც ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ემატება პანდემიის მიმდინარე ზემოქმედებას. ბოლო წლების განმავლობაში ეს მეორე ეკონომიკური რეცესია იქნება, რომელიც თავისი მასშტაბით ორჯერ გადააჭარბებს პანდემიით გამოწვეულ 2020 წლის ეკონომიკურ ვარდნას.

უკრაინის ეკონომიკაში, სავარაუდოდ, 45.1 პროცენტიანი ვარდნაა მოსალოდნელი, თუმცა მისი სიმძლავრე დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. უპრეცედენტო სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია, რის გამოც მთლიანი გამოშვება 2022 წელს 11.2 პროცენტით შემცირდება.

უკრაინაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო. 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის 2,5 პროცენტამდე შემცირება. საბაზისო პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენას 2023 წლიდან ვარაუდობს“, - აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვთ ადგილობრივ ორგანიზაციებს. „თიბისი კაპიტალის“ მაკრო მიმოხილვის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის საპროგნოზო მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და საბაზო სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები.

„მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა შემუშავებული საბაზო სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები. როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეკონომიკური აქტივობის მატების პოტენციალი, დაახლოებით, 7.5% იყო. ამაზე იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს. ამასთან, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები მარტშიც საკმაო მდგრადობას ინარჩუნებს.

კერძოდ, მიგრაციის ეფექტის ნაწილობრივი კონტრიბუციით, გრძელდება ტურიზმის აღდგენის დინამიკა. ასევე, პოზიტიურ ზრდას ინარჩუნებს გზავნილებიდან მიღებული შემოსავლები. სავაჭრო ბალანსის კუთხით, მართალია იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა გაზრდილი ფასების ხარჯზე, მიუხედავად უკრაინასა და რუსეთში მნიშვნელოვანი შემცირებისა, ასევე იმატებს საექსპორტო შემოსავლები და საქონლით სავაჭრო ბალანსი მხოლოდ ზომიერად უარესდება“, - აცხადებენ „თიბისი კაპიტალში“.

ორი განსხვავებული პროგნოზის შეფასებას აკეთებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. მისი აზრით, მაღალი ინფლაცია მშპ-ს ფორმირებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს და ზრდა დაახლოებით 5%-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ ამ გავლენასაც, ფაქტობრივად, ვერავინ იგრძნობს.

„კრიზისი აგვისტოში უფრო შესამჩნევი გახდება. შემოდგომა მძიმე იქნება როგორც საქართველოში, ასევე გლობალური მასშტაბითაც. რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს ორმხრივი ქმედება აქვს და პიკში აგვისტოს შემდეგ შევა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-6% ის ფარგლებში იქნება, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა. რუსეთიდან შემოსული კომპანიები ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, „აიტი“ კომპანიები, რომლებიც ვერ ახდენენ ოპერირებას თავიანთ ქვეყანაში, ფირმები დაარეგისტრირეს საქართველოში, რაც მშპ-ზეც გარკვეულ გავლენას ახდენს და აისახება. ამდენად, ჯამურად მეტიც შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა, აგვისტოში მონაცემები აუცილებლად შეიცვლება, რაც ამ სიტუაციამ მოიტანა“, - განუცხადა შენგელიამ „კომერსანტს“.

მისი აზრით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებშიშესაძლებელი იქნებოდა ომის ნეგატიური გავლენის შემსუბუქება, მაგრამ ამ მიმართულებით რეალურად არაფერი გაკეთებულა და იმპორტდამოკიდებულება არათუ ვერ შემცირდა, პირიქით, მეტი საჭიროება გაჩნდა.

„პანდემიის გავლენაზე უკვე არავინ საუბრობს, ყველაფერი დაბრალდება რეგიონში არსებულ ომს, სანქციებს და გაძვირებულ ფასებს. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა რომ გაეტარებინათ - დაეწყოთ იმპორტდამოკიდებულების შემცირება, ხელი შეეწყოთ აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდასა და დასაქმებაზე, ასეთი შედეგი არ დადგებოდა.

ზოგიერთი პროდუქტის შემოტანა მაღალი ფასის გამო აზრს კარგავს და თანდათან ქრება დახლებიდან. ხშირად მანიპულირებენ იმით, რომ ექსპორტი იზრდება, მაგრამ მხოლოდ რეექსპორტის ხარჯზე, წარმოება არ გვაქვს და საკუთარი პროდუქტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ გაგვაქვს. ასეთ ფონზე ეკონომიკური ზრდა რეალურად მხოლოდ ციფრებია და ამ სიკეთეს სინამდვილეში ვერავინ იგრძნობს, პირიქით, მაღალი ინფლაცია იმდენად დიდ პრობლემას შექმნის, რომ შეიძლება სოციალურ უკმაყოფილებამდეც მივიდეს საქმე“, - აღნიშნა შენგელიამ.