"ჩემს პროფესიასთან შედარებით, ძალიან მდიდარი ვარ. ჩემი პროფესიის ხალხს იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც მე მაქვს. ფილოსოფოსს რომ დაახლოებით 60 ათას ლარამდე აქვს შემოსავალი, მგონი, ცუდი არ არის. ახლა ამდენი აღარ მაქვს", - ეს განცხადება განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, ვიდრე პრემიერი მას პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებდა. ვინაიდან ქონებრივი დეკლარაციის შევსება ყველა მაღალჩინოსნისთვის სავალდებულოა, თანაც - ეს დოკუმენტი საჯარო გახლავთ, პრეზიდენტობის კანდიდატის ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვება არ გაგვჭირვებია.
პრეზიდენტობის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია
განათლების მინისტრი უძრავი ქონების სახით ფლობს 120 კვმ ფართობის ბინას პაოლო იაშვილის ქუჩაზე, ასევე, მის სახელზეა გაფორმებული ქალაქ დუშეთში, 200 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი და მიწის სამი ნაკვეთი (სულ 3000კვმ-მდე). პრეზიდენტობის კანდიდატის მამა - თეიმურაზ მარგველაშვილი კი თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩაზე 165 კვმ ფართობის ბინის მფლობელი გახლავთ. გიორგი მარგველაშვილს ორი სახელფასო ანგარიში აქვს - "თი-ბი-სი" და "ქართუ" ბანკებში. პირველზე 10.829 ლარის, ხოლო მეორეზე - 31.640 ლარის ოდენობის თანხა ერიცხება. ასევე აქვს 4.593 ლარის ოდენობის ანაბარი "თი-ბი-სი" ბანკში. მარგველაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, რექტორისა და ლექტორის თანამდებობებზე მუშაობისას, წლის განმავლობაში ხელფასის სახით 57.347 ლარი მიიღო, მინისტრის დედას - მზეანა გომელაურს კი სამხატვრო აკადემიაში ლექტორის პოზიციაზე, წლიური ხელფასის სახით 1.931 ლარი დაერიცხა. გარდა ამისა, პენსიის სახით, მზეანა გომელაურმა და თეიმურაზ მარგველაშვილმა 1.440-1.440 ლარი მიიღეს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2007 წელს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა "გროშჰადენში", გიორგი მარგველაშვილის სახელზე 20 ათასი ევრო ჩაირიცხა და ამ თანხიდან 7.500 ევრო აქვს დარჩენილი. მინისტრი და მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ. მათ მფლობელობაში არც ავტომობილია.
ახლობლების თვალით დანახული მინისტრი
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის პირად ცხოვრებას, ის ძალზე ბუნდოვანი და იდუმალებით მოცულია. ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო, რომ მინისტრი ამ თემაზე ღიად არასდროს საუბრობდა, ახლა კი ისიც შევიტყვეთ, რომ ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლო მეგობრები საგულდაგულოდ გაუფრთხილებია, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებისთვის მის შესახებ არაფერი ეთქვათ. დიდი ძალისხმევის შედეგად, საუბარზე ის ადამიანები დავიყოლიეთ, რომლებიც მასთან ერთად სწავლობდნენ და მუშაობდნენ.
ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი:
- მე და გიორგიმ პირველი საშუალო სკოლა დავამთავრეთ. ჩვენ შორის განსხვავება 2 თუ 3 წელია. მის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, არ ხულიგნობდა, "შატალოებზე" არ დადიოდა... ერთი სიტყვით, კარგი მოწაფე გახლდათ.
- მის მშობლებს თუ იცნობდით?
- არა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი მშობლები, ისევე, როგორც ბებია და ბაბუა, ინტელიგენტები არიან. გიორგის აშკარად ეტყობოდა, რომ რამდენიმე თაობის ინტელიგენტი გახლდათ.
- მაინც, რაში ეტყობოდა?
- ქცევებში, მანერებში, მეტყველებაში, ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულებაში.
- რამდენად შეცვლილია დღეს?
- მგონი, დიდად არც გარეგნულად შეცვლილა და არც - პიროვნულად.
- თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს თუ გაიხსენებთ?
- სკოლის წლებში ვერაფერს, შემდეგშიც იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. შესაძლოა, ერთი ან ორი წელი ისე გასულიყო, არც კი მენახა... ერთმანეთს 2009-2010 წლებში დავუახლოვდით. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ერთად ვმსჯელობდით, ბევრ საკითხზე საერთო ხედვები გვქონდა, საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდით და ერთად ვაპროტესტებდით იმას, რაც არ მოგვწონდა. განსაკუთრებით, პირველი ოქტომბრის წინა პერიოდში დავახლოვდით და თავისუფლების მოედანზე თითქმის სულ ერთად ვიყავით... ამ ყველაფრის მიუხედავად, მის ძმაკაცობას ან ახლო მეგობრობას ვერ დავიბრალებ; ჩვენ უბრალოდ, თანამოაზრეები და კარგი ნაცნობები ვართ.
- ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანის პიროვნული თვისებების შესაცნობად თანამოაზრეობა და კარგი ნაცნობობაც საკმარისია...
- შესაძლოა, ასეც იყოს. უკვე ვიცი, რასაც მკითხავთ და გეტყვით, რომ გიორგი ურთიერთობაში ძალიან გახსნილი, გულწრფელი, სასიამოვნო ადამიანია.
- მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. იქნებ გვითხრათ, არის თუ არა ის დაქორწინებული?
- ვერ გეტყვით, მისი პირადი ცხოვრებით არასდროს დავინტერესებულვარ. თანაც, ჩემი მხრიდან ჟურნალ-გაზეთებში ამაზე ლაპარაკი არაეთიკურად მიმაჩნია. თუ უნდა, ამაზე თავად ისაუბრებს.
- ის მაინც გვითხარით, რამდენად სწორია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მძღოლის მომსახურებით არ სარგებლობს და ავტომობილს თავად მართავს?
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს.
- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატია?
- რატომაც არა?!
- პოლიტოლოგები ამბობენ: მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანია, პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და შესაბამისად, ამ მიმართულებით არც გამოცდილება აქვსო...
- გიორგი პროფესიით ფილოსოფოსია და პოლიტიკური მეცნიერებით არის დაინტერესებული - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, პრეზიდენტისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს თავს შესანიშნავად გაართმევს. სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა ფრანგმა მეგობარმა, რომელიც ფილოსოფოსია და ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორიც გახლავთ, დამირეკა და მითხრა: ევროპული ქვეყნების ფილოსოფოსებს შორის დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი. მათ ძალიან უხარიათ, რომ ფილოსოფოსი შესაძლოა, პრეზიდენტი გახდეს. სხვათა შორის, მთხოვა, მისთვის მარგველაშვილთან ინტერვიუ "ჩამეწყო".
- როგორ გგონიათ, მარგველაშვილს მინისტრობა, შემდეგ კი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა მართლა არ უნდოდა?
- ნამდვილად არ უნდოდა! პირადად ვარ იმის მომსწრე, თუ როგორ ამბობდა მინისტრის პოსტზე უარს.
- ფიქრობთ, რომ პრინციპული ადამიანია?
- რამდენჯერმე მომიწია მასთან ამა თუ იმ საკითხზე კამათმა და დავრწმუნდი, რომ ძალიან პრინციპული ადამიანია. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოახვიოს ვინმემ საკუთარი აზრი. ვფიქრობ, მასზე ზეგავლენის მოხდენა საკმაოდ რთული იქნება.
- მაშინ რატომ დათანხმდა იმ თანამდებობას, რომელზე ყოფნაც არ სურდა?
- არის მომენტები, როდესაც გარემოება შენგან თავის გადადებას მოითხოვს. შესაძლოა, ჩემი ნათქვამი პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს მართლაც ასეა.
დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი:
- 90-იან წლებში მე და გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთ არასამთავრობო სექტორში ერთად ვმუშაობდით. მაშინ ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა გვქონდა და მასზე კარგი წარმოდგენის ვიყავი. მერე მე პოლიტიკაში აღმოვჩნდი და ჩვენი გზები გაიყო.
- და მასზე კარგი წარმოდგენა აღარ გაქვთ, არა?
- როგორ შეიძლება, მასზე კარგი წარმოდგენა მქონდეს, როდესაც ამბობს, რომ თურმე, რუსეთს ტერიტორიები ჩვენ წავართვით? ოჯახში, სამზარეულოში ან მხოლოდ მეგობრებთან მაინც ამბობდეს ასეთ სისულელეებს. საჯაროდ ამის ლაპარაკი შეიძლება? საერთოდაც, მგონია, რომ პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი ადამიანია.
- რატომ?
- არა მგონია, ამ ადამიანს ესმოდეს, რა არის სახელმწიფოს მშენებლობა, დიპლომატიური სტილი, ლაპარაკი. ფილოსოფიური გატაცებები უფრო მეტად აქვს, ვიდრე სახელმწიფოებრივი აზროვნება, თანაც - არასტაბილური, გაუწონასწორებელი პიროვნებაა. ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ.
რას ფიქრობენ რიგითი მოქალაქეები
მერაბ ქველიძე, მოხელე:
- მარგველაშვილის შესახებ არაფერი ვიცოდი, ვიდრე ის განათლების მინისტრი არ გახდა. სიმართლე გითხრათ, არც მას შემდეგ ჩამომიყალიბდა მის შესახებ კონკრეტული აზრი. არც კი ვიცი, რა კაცია, რას ფიქრობს, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის ბედი...
ნანა ლიპარტელიანი, სამსახურდაკარგული:
- სანამ მინისტრი გახდებოდა, მარგველაშვილის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო და იმედი მქონდა, როგორ კარგადაც იქ ააწყო საქმე, განათლებასაც შესაბამისად მიხედავდა, მაგრამ მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ის, რომ გამომცემლობამ, სადაც ვმუშაობდი და რომელიც სასკოლო წიგნებს ამზადებდა, კადრები შეამცირა და სამსახური არაერთმა ადამიანმა დავკარგეთ. ასე რომ, არც კი ვიცი რა ვიფიქრო ჩემი რჩეული პოლიტიკური პარტიისა და მის მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ.
თინა ესაკია, სტუდენტი:
- მოხარული ვარ, რომ პრემიერმა ასეთ ჭკვიან, გონიერ და დინჯ ადამიანზე გააკეთა არჩევანი. ვფიქრობ, მარგველაშვილი საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულად წარადგენს.
დაბოლოს - პირველი შეფასებები, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის დასახელების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს.
ირაკლი ალასანია:
- პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილი საუკეთესო კანდიდატურაა. დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
მაია ფანჯიკიძე:
- გიორგი მარგველაშვილი ღირსეული კანდიდატია. ის ძალიან მებრძოლი, ჭკვიანი, განათლებული, სიმპათიური, სამშობლოზე შეყვარებული და მშრომელი ადამიანია. ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა ნებისმიერმა კანდიდატმა მას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. მის გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
დავით ბერძენიშვილი:
- გიორგი მარგველაშვილი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კოალიცია ძალიან პოპულარულია, რეიტინგულია და ამას არავინ უარყოფს - არც შინაური და არც გარეული. ეს არის კარგად შერჩეული კანდიდატი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის.