სურსათზე ფასების ზრდას მთელი მსოფლიო შიშით უყურებს - რა ელის საქართველოს?

სურსათზე ფასების ზრდას მთელი მსოფლიო შიშით უყურებს - რა ელის საქართველოს?

საკვებ პროდუქტებზე ფასი უკვე გლობალურად იზრდება და სამომავლო პორგნოზიც შემაშფოთებელია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ აღნიშნულია, რომ მსოფლიოში სურსათის ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რადგან შავი ზღვის რეგიონში ომმა ძირითადი მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების ბაზრებზე შოკი გამოიწვია. რთული მდგომარეობაა მოსალოდნელი საქართველოშიც და მთელი რეგიონშიც.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში სურსათის ფასების ინდექსი საშუალოდ 159.3 პუნქტს შეადგენდა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით 12.6 პროცენტით გაიზარდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, 2022 წლის მარტის მონაცემები 2021 წლის მარტის მაჩვენებლებზე 33.6 პროცენტით მეტი იყო.

„უკრაინა და რუსეთი ძირითადი საკვები პროდუქტების მთავარი ექსპორტიორები არიან და ომმა მოსავლის წარმოება დააზარალა. მსოფლიოში ხორბლის დაახლოებით 30% მოდის უკრაინასა და რუსეთზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო ბაზრებზე მართლაც რთული ვითარებაა და არანაკლებ დაძაბულია სიტუაციაა საქართველოში. ნავთობპროდუქტებზე საგრძნობლად გაზრდილი ფასების და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის ფონზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 10%-იან ზრდას ვარაუდობენ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ მიწის დამუშავებიდან დაწყებული, მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქციის მიწოდებით დასრულებული, ყველა ხარჯი საწვავის ფასზე პირდაპირპროპორციულად მიბმულია.

მიმდინარე სეზონზე ფერმერებს მიწის დამუშავება 20-30%-ით გაუძვირდათ. მაგალითად, გაორმაგებულია ფასები სათესლე მასალებზე, ჩითილებზე და სასუქებზე. შესაბამისად, ჭყონია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მატებას 10%-ით ვარაუდობს, თუმცა გააჩნია პროდუქტს, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის არსებობას და ამინდსაც. ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტზე ფასი შესაძლოა, 20-25%-ითაც კი გაიზარდოს.

„ნავთობპროდუქტების ფასები ფერმერებზე საკმაოდ მტკივნეულად აისახება. მიწის დამუშავება ტრაქტორით ხდება, რომელსაც დიზელი სჭირდება. ამ სეზონზე ფერმერებს მიწის დამუშავება გაუძვირდათ. აღებულ მოსავალსაც თავისთავად დიზელი სჭირდება, რათა აღნიშნული ტერიტორიიდან პროდუქციის გამოტანა მოხდეს. ბევრი ფერმერი მინდორში დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე ტუმბოს იყენებს. იმის საშუალება არ არის, რომ სარწყავად ელექტროენერგია გამოიყენოს. ეს ყველაფერი თავისთავად პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ფასების სამომავლოდ მატებაზე საუბრობს „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძეც, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. პრობლემები კომპანიას მნიშვნელოვნად შეეხო, თუმცა ჯერჯერობით ფასის შენარჩუნებას ახერხებს. კომპანიაში ვითარების გამოსწორებას ელოდებიან, მაგრამ ამის მოლოდინი ნაკლებად აქვს და ფასების უახლოეს პერიოდში კორექტირებას დაახლოებით 7-10%-ით ვარაუდობს.

„ბოლო მონაცემებით, ჩვენთან პროდუქციის მოყვანის და მაღაზიამდე მიტანის ხარჯები დაახლოებით 15%-მდე უკვე გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ გასაყიდ პროდუქციაზე ფასები ჩვენც ამდენივე პროცენტით უნდა გავზარდოთ, თუმცა მოგების მარჟას ვიმცირებთ და უახლოეს პერიოდში, გაზაფხულზევე ფასის გაზრდას მხოლოდ 10%-მდე ვგეგმავთ. ჩვენ ამ ფაქტს მტკივნეულად განვიცდით, რადგან ფასების კორექტირება რთულია, როგორც ქსელური მარკეტებისთვის, ასევე მომხმარებლისთვის“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ „ჰერბიას“ დამფუძნებელმა.

leviko და რატომ იზრდება რაო მარტო უკრაინა და რუსეთი ამარაგებს მსოფლიოს და ამერიკა და ევროპა კიდევ ევროთი და დოლარით აი სად არის თავი ყველაფრის, ტყუილად არ უთქვამთ მომეცი ფულის საჭრელი მანქანაო და გადავატრიალებ მთელს მსოფლიოსო ხოდა რესურსები არაფრად იყო ჩაგდებული
1 წლის უკან