დაახლოებით 2 თვის წინ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში 7 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი ცხინვალიდან იყო გადმოყვანილი. თავიდან დედამ ეჭვი ნაწლავურ ინფექციაზე მიიტანა, ადგილობრივმა ექიმებმა კი ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს და ოჯახს ურჩიეს, რომ ახალშობილი თბილისში გადმოეყვანათ, რადგან მისი მდგომარეობა ყოველ წუთს მძიმდებოდა. გადმოყვანიდან 3 დღეში ბავშვი დაიღუპა, დიაგნოზი კი ოჯახისა და მთელი ცხინვალისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: ახალშობილი იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ-ინფექციით) იყო დაავადებული და ცხადი გახდა, რომ მას ეს ინფექცია ვერტიკალური გზით, ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ორსულობისა და ძუძუს წოვების დროს გადაეცა. ინფორმაცია ცხინვალში სწრაფად გავრცელდა, რასაც პანიკა მოჰყვა. ბავშვის დედამ ყველაფერში მეუღლე დაადანაშაულა, რომელიც სწრაფად დააკავეს და ციხეში ჩასვეს, ადგილობრივმა პრესამ კი ამ შემთხვევას არაერთი წერილი მიუძღვნა. მოხდა დაღუპული ბავშვის მშობლების იდენტიფიცირება. ადგილობრივმა მედიამ მშობლები შიდსის მატარებლებად გამოაცხადა. ცოლმა ქმარს უჩივლა და ის ახლაც ციხეში ზის. პანიკას ისიც ამძაფრებდა, რომ ბავშვის მამას ცხინვალში ტატუირების სალონი ჰქონდა გახსნილი და მისი მომსახურებით ბევრი სარგებლობდა. ცხინვალში მიიჩნიეს, რომ არასტერილური ინსტრუმენტების შესაძლო გამოყენება საფრთხეს ბევრს უქმნიდა. ოსური მედიის ცნობით, 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოკვლევა ვლადიკავკაზისა და რუსეთის სხვა ქალაქების კლინიკებში გაიარა. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა შიდსის ორი შემთხვევა, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე, ხანგრძლივია და რისკ ჯგუფის ადამიანები დაკვირვებას საჭიროებენ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცხინვალელი ჟურნალისტი თემურ ცხოვრებოვი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცხინვალში სრული გაურკვევლობაა, რადგან დაკავებულთან სქესობრივ კავშირში ადრე მყოფი ორი ქალბატონიც გამოიკვლიეს, მაგრამ ანალიზმა მათზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამიტომ ჯერჯერობით იქ ვერავინ ამბობს, არის თუ არა ციხეში მჯდომი ბავშვის მამა დაავადებული. ცხოვრებოვი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანის უფლება დარღვეულია, რადგან რა ბრალდებით ზის ციხეში, ვერავინ ამბობს.
რადიო თავისუფლებამ დაკავებულის ახლო ნათესავი მოძებნა. მარინა ბეპიევა აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მისი ნათესავი და ჩატარდეს ცოლ-ქმრის საფუძვლიანი გამოკვლევა. მისი თქმით, ინფექციის მატარებელი ქალი იყო, რომელთანაც მისი ნათესავი წელიწადზე მეტია, რაც ცხოვრობს.
ოს ექიმებს დახმარებას სთავაზობენ „საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ წარმომადგენლები. ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მზად არიან ცხინვალიდან ჩამოსულ ადამიანებს დახმარება გაუწიონ როგორც ანალიზების გაკეთებაში, ისე შიდსის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობის თვალსაზრისითაც. ცერცვაძე აცხადებს, რომ ცენტრს აფხაზეთის მცხოვრებლები ხშირად აკითხავენ, მაგრამ ცხინვალიდან პაციენტების მიღების შემთხვევა ჯერ არ ჰქონიათ.
ცხინვალში პანიკა ბოლომდე ჩამცხრალი არ არის. გარდა იმისა, რომ დაკავებულის ტატუირების ოფისით ბევრი ადამიანი სარგებლობდა, მას სხვა ქალებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ ცხინვალელების ნაწილი, ვინც თავს რისკ ჯგუფში განიხილავს, ანონიმურობის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში არჩევს ანალიზებისთვის წასვლას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ქართველი ექიმები კი მათ კვალიფიციურ დახმარებას სთავაზობენ.