გიორგი მამარდაშვილი:

გიორგი მამარდაშვილი: "მინდა, ჩემი თამაშით კიდევ უფრო მეტი დავამტკიცო"

ესპანური „ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გიორგი მამარდაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მეკარე საუბრობს ადაპტაციის პერიოდზე, მის თამაშზე, კლუბზე, ქალაქსა და სხვა საკითხებზე.

„კმაყოფილი ვარ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. როგორც მე, ასევე გუნდმა დიდი შრომა გავწიეთ და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ თასი მოვიგოთ. შეიძლება ასე არ ველოდებით, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობ განვითარებისთვის. ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო „ვალენსიაში“ მოსვლა და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია მეც კარგი მეკარე გავხდე. კმაყოფილი ვარ, კიდევ მეტი მინდა ჩემი თამაშით დავამტკიცო.

ვალენსიაში ჩემი ყოველი დღე უკეთესია, დღითიდღე ბევრს ვსწავლობ, ესპანურ ენასაც და აქ ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვემზადები, ვარჯიშის შემდეგ ვისვენებ, შეიძლება ზოგჯერ ქალაქში გავისეირნო. ქუჩაში ბევრი ადამიანი მცნობს და ვგრძნობ იმ დადებით ემოციას და სიყვარულს, რაც ძალიან მომწონს. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს ასეთი სითბოსთვის და დადებითი განწყობისთვის.

„მესტალია“ ფანტასტიკური სტადიონია. ეტყობა, რომ ადრე აქ ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და იგრძნობა. „ვალენსიას“ სხვა მეკარეები და მწვრთნელები ძალიან კარგი და პროფესიონალი ხალხია. სილესენი ძალიან დაეხმარა, ესპანური არ ვიცოდი და ინგლისურად დამეხმარა, რომ ამეთვისებინა ყველაფერი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს და ახლა ისინი ჩემი თამაშით ძალიან ბედნიერები არიან. აგრეთვე ქართველ გულშემატკივარს ვუხდი მადლობას, რადგან ყოველთვის ვგრძნობ მათ გვერდში დგომას და ჩემი წარმატება უხარიათ.

ბორდალასი ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი მწვრთნელია. ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მასთან მუშაობა და ასევე მადლობელი ვარ ნდობისთვის. ვფიქრობ, ჩავეწერები იმ დიდ ისტორიაში, რომელიც „ვალენსიას“ აქვს.

ჩემთვის რთული იყო ესპანური ენის შესწავლა, რადგან ქართულისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ და უკვე რაღაცები მესმის, ლაპარაკიც დავიწყე. მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის თასის მოგება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 21 წლის ქართველ მეკარეს „ღამურების“ მაისურით 477 წუთია გოლი არ გაუშვია.