სანამ ბიძინა ივანიშვილი მის მიერ შერჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს კოალიციას გააცნობდა, საქართველოში საგანგებოდ ჩამოსულ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ბიზნესცენტრში, პრემიერისა და "საქართველოს გზის" ლიდერის შეხვედრამ, თითქოს, გაამყარა ხმები იმის შესახებ, რომ კოალიცია საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს დაასახელებდა, თუმცა მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა. მეტიც, ზურაბიშვილთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მას რამდენიმე თანამდებობაზე დანიშვნას სთხოვდა. სალომე ზურაბიშვილი თითქმის ორკვირიან დუმილს არღვევს, მართალია ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ოცნებების მსხვრევაზე ღიად საუბრობს.
- არა მგონია, პირადი საუბრის გასაჯაროება საინტერესო ან კორექტული იყოს, თუმცა გიდასტურებთ, რომ პრემიერთან შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა დეტალურად არ განგვიხილავს. ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ გადაწყვეტილება გამაცნო, რაზეც არ გვიმსჯელია. ამის შემდეგ, მას ჩემი ფიქრებიც გავუზიარე ჩემი კანდიდატურის დამოუკიდებლად დასახელებასთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა მიპასუხა, რომ გადაწყვეტილება მის თანხმობას არ ექვემდებარებოდა და, საბოლოოდ, ჩემი მისაღები იყო.
- გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა თქვენთვის მოულოდნელი იყო ან რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება მისი კანდიდატურა?
- ის თვისებები, რაზეც მარგველაშვილმა საკუთარი თავის შეფასებისას ისაუბრა, მომავალი პრეზიდენტისთვის ყველაზე პრობლემატურად მეჩვენება. ქვეყანას დღეს არ სჭირდება ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვებს, რომ მმართველ გუნდს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმები, გარდა პრემიერის ფავორიტობისა, არ გააჩნია. მაინტერესებს, პიროვნებამ, რომელსაც კონცეფცია, ძალა, კომპეტენცია არა აქვს, საკუთარი ლეგიტიმურობა რაზე უნდა დააყრდნოს? კიდევ უფრო უცნაურად მეჩვენება პრემიერის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის ფორმა ანუ ხაზგასმა "მეგობრულ" ურთიერთობაზე, ხელის გადახვევა... შთაბეჭდილება მექმნება, რომ მთავარი საკითხი გვავიწყდება - მიუხედავად იმისა, რომ მომავალ პრეზიდენტს, სააკაშვილთან შედარებით, შეზღუდული უფლებები ექნება, ის მაინც ხალხის მიერ არჩეულ ფიგურად რჩება.
- იმის თქმა გსურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მსგავსი ჟესტებით, ფაქტობრივად, ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალებას უზღუდავს?
- იმის თქმა, რომ მთავარი პრემიერის სიმპათია და გუნდის წევრობაა, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი, ფაქტობრივად, იმაზე მიუთითებს, რომ ამომრჩევლის აზრს მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მეტიც, საზოგადოება არჩევნებზე საჭიროც კი არ არის მაშინ, როცა საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლის მოზიდვა საკუთარი ხედვით, იდეებით უნდა შეძლოს და საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცეს. ნუთუ იმისთვის ვიბრძოდით ამდენი წელი, რომ მნიშვნელობაწართმეული და გამოფიტული არჩევნები დაგვებრუნებინა? ნუთუ ამ ფორმით გრძელდება სააკაშვილის დაწყებული საქმე - ხალხის დარწმუნება იმაში, რომ არჩევნებით თავის ნებას ვერ დააფიქსირებს? არადა, საპრეზიდენტო არჩევნები პირველი ოქტომბრის შემდეგ, რეალურად პირველი თავისუფალი არჩევნები უნდა გახდეს. ის უნდა იქცეს ახალი ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების მაგალითად და მას დანიშვნისა თუ გარიგებების სუნი არ უნდა ასდიოდეს. თუ ამას დავუშვებთ, არჩევნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ახლადშექმნილი ნდობა საზოგადოებაში აუცილებლად გაქრება და მასთან ერთად ჩვენი ოცნებაც.
- საპრეზიდენტო კანდიდატად, გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ნინო ბურჯანაძეც სახელდება. უკვე მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, ჩაებმებით თუ არა საპრეზიდენტო მარათონში და რამდენად გაქვთ ამ შემთხვევაში გამარჯვების შანსი?
- როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, ამის შესახებ, პირველ რიგში, საზოგადოებასა და ამომრჩეველს ვამცნობ. მიმაჩნია, რომ გამარჯვების შანსი ყველა ვითარებაში არსებობს, თუმცა იმასაც ნათლად ვხედავ, რომ ეს შანსი საკმაოდ მცირეა. ისე, მიმაჩნია, გამარჯვებას რას დავარქმევთ:
თუ ამ შეჯიბრში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღე და პროცენტული მაჩვენებლით არჩევნებზე ნაციონალებზე მეტი ხმა მოვიპოვე, დამტკიცდება, რომ ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა რეალურ ძალას აღარ წარმოადგენს. პირადად ჩემთვის, ეს მართლაც, გამარჯვება იქნება. თუ მეორე ტურიც შედგება, ესეც ქვეყნისთვის საკმაოდ სერიოზული შედეგი იქნება. დაბოლოს, თუ საპრეზიდენტო კანდიდატის როლში საზოგადოებას საკუთარ ხედვას გავაცნობ და დავარწმუნებ, რომ მომავალი საქართველო მუდმივად უკან არ უნდა იხედებოდეს, არც დასავლეთის მარიონეტი უნდა გახდეს და არც რუსეთის მონა, ჩემთვის ესეც დიდი საქმე იქნება.
- ისე, თქვენზე კულუარებში ისიც ითქვა, თითქოს პრემიერი ივანიშვილი თბილისის მერად გამზადებთ?
- არჩევით თანამდებობებზე არ "ამზადებენ" და არც "ნიშნავენ" - უკვე დასახელებული კანდიდატურის მიმართ მაქსიმუმ, შეიძლება საჯარო მხარდაჭერა გამოცხადდეს. ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, საპრეზიდენტო ფუნქციები ყველაზე კარგად მომესადაგება. რაც შეეხება მერობას, გიგი უგულავას მიერ დატოვებული მრავალი ნაღმის პირობებში, დღეს დარწმუნებული არ ვარ, რომ მერიაში სამუშაოდ შესაბამისი გამოცდილება მაქვს. ისე, ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეიგნოს, რომ სახელმწიფო სიძულვილის დაძლევის გარეშე ვერ აღდგება.
- სიძულვილის გამოხატულება ალბათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მოქალაქეებს შორის მომხდარი არაერთი დაპირისპირებაა?
- დიახ... დიდი ხნის განმავლობაში, სააკაშვილის რეჟიმს ძალადობის, უსამართლობის, ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის, პოლიტიკური და ეკონომიკური, ადგილობრივი, სამართლებრივი ძალაუფლების ხელში აღების, ამასთან ომის დაწყების გამო ვებრძოდი. შესაბამისად, ახლაც ვერ ვიქნები იგივე მოცემულობის მხარდამჭერი. კანონის უზენაესობის ნაცვლად, ძალადობას ყოველთვის დავგმობ. ისიც მაინტერესებს, რატომ არ განგვიმარტავს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რა გეგმები აქვს? ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ აგრესია საზოგადოებაში ჩაქრეს.
აგრესიით მართვა და ძალადობის გამოყენება სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დამახასიათებელი ნიშანი იყო, როგორც ხალხის მართვის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი! ცოტა არ იყოს, იმაზეც ვწუხვარ, რომ ახალმა გუნდმა თავისიანების დაჭერა დაიწყო მაშინ, როცა ჯერ საზოგადოებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური განცდა უნდა გაეღვივებინა. შესაძლოა, ახლა ხალხი ცოტა დაბნეულიც იყოს!