ტურიზმის ინდუტრიამ მთავრობისგან მორიგი შეღავათი მიიღო, თანაც ისე, რომ ამჯერად ასეთი მოლოდინი საერთოდ არ ჰქონდა. პანდემიის მერე ძლივს ფეხზე წამომდგარი სტუმარმასძინლობის დარგი რუსეთ-უკრაინის ომმა ისევ მძიმე კრიზისში ჩააგდო. შესაბამისად, საგადასახადო შეღავათები მათთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის გამო ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმი დაზარალდა. პარალელურად მასზე ურყოფითი გავლენა მოახდინა დღეს საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე პროცესებმა, შესაბამისად, მთავრობამ სექტორს დახმარების ხელის კიდევ ერთხელ გაუწოდა.
„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, პრობლემები, რომლებიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის - სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში და ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. დეტალებზე კონკრეტულად მოგახსენებენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დააზუსტა, ტურისტული სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება თავად სექტორის მოთხოვნა იყო, რაც მთავრობამ გაითვალისწინა და დააკმაყოფილა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას სექტორმა ერთ-ერთ მთავარ თხოვნად ზუსტად გადასახადის გაუქმება დაასახელა. 2021 წელი აღდგენით კი გამოირჩეოდა ტურიზმის სექტორში, მაგრამ იყო ლოქდაუნი, ბევრი შეზღუდვა და ტურისტული სექტორი საკმაოდ დაზარალდა. მათთვის რთული იქნებოდა გადასახადის გადახდა ამ პირობების გათვალისწინებით. ის ობიექტები, რომლებიც 2020 წელსაც იყვნენ გათავისუფლებული გადასახადისგან, 2021 წელსაც გათავისუფლდებიან. იმედი გვაქვს, რომ წელს ტურისტული სექტორი შეძლებს აღდგენას და ასეთ საკითხებზე მომავალში მსჯელობა აღარ მოგვიწევს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათები სტუმარმასპინძლობის სფეროსთვის სტიმულის მიმცემი იქნება.
„ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან და ყველა საჭიროება განიხილება შეხვედრებისას. ძალიან სასიხარულოა, რომ 2021 წლის ქონების გადასახადი სრულად ჩამოეწერათ განთავსების, კვებისა და სასმელების ობიექტებს, ასევე ტურ-ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს, რაც მათთვის დამატებით შეღავათია აწარმოონ ბიზნესი და მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღადგინონ ის ტურისტული ნაკადები, რომლებსაც ვმასპინძლობთ. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დაწყებიდან სახელმწიფო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს კერძო სექტორს, რისი მთავარი მიზანიც ტურიზმის ინდუსტრიის ძალიან სწრაფი და დროული აღდგენაა“, - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
2021 წლის ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება: სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება; ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა და ჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.
ტურისტული სექტორი მთვარობის მოულოდნელი გადაწვეტილებით გაოცებულიც კი დარჩა. თბილისში მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერმა მაია მახათაძემ აღნიშნა, რომ როდესაც ბიზნესს სტაბილური შემოსავალი არ აქვს, მთავრობის მხრიდან ასეთი ქმედება ძალიან დიდი შეღავათია.
„მიმდინარე მოვლენების ფონზე ტურიზმის ბაზარი ჯერჯერობით ისევ არასტაბილურია, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ძალიან სენსიტიურია და ხშირია გაუქმებები. აქედან გამომდინარე, როდესაც სტაბილურად არ იკვეთება შემოსავლის წყარო, ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი იმაში, რომ შეღავათი შეიტანონ ქონების გადასახადის გადამხდელი იქნება თუ სხვა ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი, ბიზნესისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია“, - განაცხადა მახათაძემ.
ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ გადასახადის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ასეთ დროს მსგავსი მექანიზმის ჩართვა ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.
„საშუალოდ, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენიმე მილიონიანი ღირებულების ქონებისთვის ეს არის ნახევარი წლის შეღავათი თუნდაც სახელფასო, კომუნალური ან სხვა ნებისმიერი მსხვილი გადასახადების გადახდისთვის, რომელიც მას ყოველთვიურად უწევდა“, - დასძინა „ადამოს“ მენეჯერმა.
მთავრობის შეღავათი შეაფასა „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამაც. მანაც ხაზი გაუსვა, რომ არსებული ვითარების ფონზე, სასტუმრო ბიზნესს ქონების გადასახადის გადახდა ძალიან უჭირდა, ვინაიდან თანხა მართლაც სოლიდურია და რამდენიმე ასი ათას ლარს შეადგენს.
„ფული რეალურად არ გვქონდა. სწორედ ახლა ველოდით შედარებით უკეთეს პერიოდს, მაგრამ დაიწყო ომი. შესაბამისად, საშუალება არ გვქონდა, ამ გადასახადის დასაფარად თანხები შეგვეგროვებინა. იმედი გვაქვს, რომ, ომის მიუხედავად, სხვა ბაზრებიდან იქნება საქართველოზე მოთხოვნა, მაგრამ ეს გართულებული იქნება. თუნდაც ამუშავდეს ტურიზმი, შემოსავლები ისეთი მაინც არ იქნება, როგორის იმედიც გვქონდა, ამიტომ ეს დიდი შეღავათია“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.