„ნაციონალური მთავრობის მიერ კონსტიტუციურად გამყარებულია, რომ მთავრობა აქციზის გარდა სხვა გადასახადს ვერც შემოიღებს და ვერც გაზრდის რეფერენდუმის გარეშე“

„ნაციონალური მთავრობის მიერ კონსტიტუციურად გამყარებულია, რომ მთავრობა აქციზის გარდა სხვა გადასახადს ვერც შემოიღებს და ვერც გაზრდის რეფერენდუმის გარეშე“

რამდენიმე დღის წინ თბილისში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საწვავზე გაგაზრდილი ფასების გამო საპროტესტო აქცია გამართა. ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, როდესაც ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და საჯაროდ აფიქსირებენ თავიანთ მოთხოვნებს, თუმცა, ბოლო დროს, ქუჩაში გამოდის პროტესტანტების ერთი და იგივე ჯგუფი, რომელსაც ერთი და იგივე ხელი მართავს და რაც მთავარია, მოთხოვნებს, რომელსაც ისინი აყენებენ, კონტექსტიდან ამოვარდნილი და აბსურდულია. „თავისუფლება მიშა სააკაშვილს“; გადადგეს მთავრობა“; „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“... თითოეული მოთხოვნის აბსურდულობა სწორედ ისაა, რომ ჯერ ერთი, სააკაშვილის თავისუფლება სასამართლოს პრეროგატივაა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არავითარი საფუძველი არ აქვს, ხოლო რამდენიმე ათეულ ადამიანს არავინ ეკითხება იმ მთავრობის გადადგომას, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობამ მისცა ლეგიტიმაცია.

სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებული გამოსვლები. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ პანდემიამ შეუტია სანავთობო ბაზარს, ხოლო უკრაინა-რუსეთის ომმა პრაქტიკულად, კრიზისი გამოიწვია და ენერგომატარებლებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა მთელ მსოფლიოში. ასე რომ, საწვავის ფასების გამო საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვო პასუხი მსოფლიო კრიზისზე, სხვა არაფერია, თუ არა რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ეს მდგომარეობა გამოიყენოს ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად, რომლის მიზანი ხელისუფლების დამხობაა.

ვერაფერს ვიზამთ, ოპოზიციამ, სისტემატური მარცხის მიუხედავად, ვერ შეიგნო, რომ საზოგადოება მას არ მიყვება და მსგავსი პროვოკაციებით გამუდმებით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა.

რაც შეეხება თავად პრობლემას, რომელიც საწვავის გაზრდილ ფასებს ეხება, ბუნებრივია, ისევე აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, როგორ მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს.

საწვავის ფასები მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: 

https://www.globalpetrolprices.com/gasoline_prices/?fbclid=IwAR3KzbTDjA3nVE8HwrOv8TfTR7tbfBw0XBg1dkYXi17XLQFO7khoRUArJk8   

რაც ენერგომატარებლების ფასებს საქართველოში სამომსმარებლო ტარიფი, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე ბუნებრივ გაზზე გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ამის საილუსტრაციოდ, ქვევით დიაგრამას შემოგთავაზებთ. მანამდე კი შევეცდებით  გავარკვიოთ რატომ იზრდება საქართველოში საწვავის ფასი? რა გავლენა იქონია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა სანავთობო ბაზარზე და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? ყველა ამ თემაზე for.ge ეკონომისტს, აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა.

ბატონო ლადო, დეტალურად რომ განვმარტოთ, რა ხდება სანავთობო ბაზარზე და რამ გამოწვია საქართველოში საწვავის ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა? რამდენიმე დღის წინს ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა გააპროტესტა საწვავზე ფასების მატება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას რაიმე ზემოქმედება იქონიოს ამ მოვლენებზე?

ლადო პაპავა: პირველ რიგში, ის, რომ ფასები იზრდება ბენზინსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე, ამაში გასაკვირი არაფერია. ახსნა არის ძალიან მარტივი. მსოფლიოში არის სერიოზული პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის კრიზისთან - რუსეთის შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში. ამას დაემატა დასავლეთის სერიოზული სანქციები რუსეთის მიმართ და ბუნებრივია, ამ ვითარებაში, როდესაც აშშ უარს ამბობს რუსული ნავთობის შესყიდვაზე, მას უერთდებიან სხვა ქვეყნები. ბუნებრივია, თუ ბაზარს გამოაკლდება რუსული ნავთობი, ნავთობპროდუქტების მიწოდება იქნება ნაკლები და როცა მიწოდება ხდება ნაკლები, ფასი იზრდება. ცალკე გასათვალისწინებელია არაპროგნოზირებადი სიტუაცია, რაც ფასების ზრდას ასევე უწყობს ხელს.

რაც მთავარია, ფასების ზრდა არის შედეგი იმ ვითარების, რაც უკრაინაში და უკრაინასთან მიმართებაში შეიქმნა.

რაც შეეხება აქციებს, საპროტესტო აქციები სანამ საქართველოში გაიმართებოდა, მანამდე იყო ევროკავშირის ქვეყნებში. იქ ფერმერები გამოვიდნენ და გააპროტესტეს საწვავზე ფასების მატება. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენთან ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ადვილად ახსნიდა - თუ ევროკავშირში გამოდიან საწვავის ფასების მატების გასაპროტესტებლად, რატომ არ შეიძლება საქართველოშიც გამოვიდნენო? მეორე მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ არ ვართ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, სრულად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და საერთაშორისო ფასებზე, როგორც ბენზინზე, ასევე სხვა ნავთობპროდუქტებზე. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ფასების ზრდა კი მოხდა, მაგრამ საქართველოში ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები, ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

სხვათა შორის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკეს სწორედ ამის გამო, როცა თქვა, რომ საქართველოში შედარებით დაბალი ფასებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ანუ, სიმართლის მარცვალი არის ღარიბაშვილის განცხადებაში?

- სიმართლის მარცვალი კი არა, ეს სიმართლეა. როცა ოპოზიციურად არის განწყობილი ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელი, თუ რიგითი ადამიანი, ის ყოველთვის კრიტიკულად უდგება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას.

რაც შეეხება მომავალს - გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდა?

- ამაზე მარტივი პასუხი მაქვს. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ერთი ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის შეფასება არსებულ სიტუაციაზე, რომელიც წერს აშშ-ში საწვავის გაძვირების შესახებ. ის ამბობს, რომ კიდევ რამდენად გაიზრდება ფასები, რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი და საერთოდ, რა არის ფასების ზედა ჭერი, დღეს იმის პროგნოზირება შეუძლებელია და ეს მართლაც ასეა. ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება საომარი მოქმედებები უკრაინაში - მიაღწევენ თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას; თუ მიღწეული იქნება სამშვიდობო შეთანხმება, შემდეგ ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რის ხარჯზე იქნება ეს შეთანხმება. თუ უკრაინა დაიჩაგრება, დიდი ალბათობით, არანაირი სანქციები რუსეთს არ მოეხსნება. ამიტომ, აქ ძალიან ბევრი ვერსიაა და პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ვერც ამერიკის ეკონომიკაზე აკეთებენ შეფასებას, რამდენად გაიზრდება ფასები და რამდენ ხანს გასტანს ფასების ზრდა. მით უფრო, საქართველოში როგორ შეიძლება ამის გაკეთება, როცა ჩვენ ნავთობპროდუტქების სრულად იმპორტიორი ქვეყანა ვართ?!

ანუ, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტამ, დაწესებულმა სანქციებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია ნავთობზე ფასების ზრდა?

-რა თქმა უნდა, - ომმა და სანქციებმა.

სხვათა შორის, უკრაინაში ომის დაწყებამდეც, „კოვიდ19“-ის პანდემიის დროს დაიწყო საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა...

- პანდემიის დროს მოხდა ძალიან სერიოზული რამ - მიწოდების გლობალურმა ჯაჭვმა დაიწყო რღვევა, ამან გამოიწვია შეფერხებები მიწოდებაში. აქ მარტო ნავთობპროდუქტებზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის ეკონომიკის, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაზე. ამიტომ ამან გამოიწვია ინფლაციური პროცესი. მართალია, ეკონომიკა, მეტ-ნაკლებად, ყველგან გაიხსნა, მაგრამ პანდემია ფორმალურად დასრულებული მაინც არ არის და არც არავინ არის დაზღვეული პანდემიური საფრთხეებისგან. თანაც, როცა ირღვევა მიწოდების გლობალური ჯაჭვი, ეს ხდება ძალიან სწრაფად, მაგრამ განახლებულ ვარიანტში ფორმირებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

ამას დაემატა ომი, სანქციები რუსეთის მიმართ და ბუნებრივია, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ამიტომ ეს მარტო ნავთობპროდუქტებს კი არ ეხება, ეხება ეკონომიკის ყველა მიმართულებას და განსაკუთრებით, ეს მწვავედ იგრძნობა საქართველოში, რადგან საქართველოს ეკონომიკა არის იმპორტდამოკიდებული ეკონომიკა. ჩვენთან იმპორტი ექსპორტზე ორნახევარჯერ მეტია. ბუნებრივია, როცა იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ხარ, შენთან ინფლაციის იმპორტიც ხდება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ დღგ-ს გადასახადის განულებას, რამდენად სწორად არის დასმული საკითხი პრობლემის მოსაგვარებლად?

- სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტუაციაა. არის ქვეყნები, რომელთა მთავრობებს აქვთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ საგადასახადო სისტემაში, შეუძლიათ ერთი რომელიმე გადასახადის განაკვეთი დაწიონ, ან გაანულონ, მაგრამ გაზარდონ სხვა გადასახადის განაკვეთი. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ფუფუნებას მოკლებული ვართ. ჯერ კიდევ ნაციონალური მთავრობის პირობებში მიღებული იქნა „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ და კონსტიტუციურად გამყარებულია, რომ გადასახადის ახალი სახეობის შემოღება, ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა აქციზების გარდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ ვერავინ ახალ გადასახადს ვერ შემოიღებს და ვერც რომელიმე გადასახადის განაკვეთს გაზრდის. ერთადერთი, რაც ნებადართულია, ეს არის აქციზური გადასახადის ზრდა. ანუ, თუ ჩვენ გავაუქმებთ საწვავზე აქციზურ გადასახადს და დამატებული ღირებულების გადასახადს, კომპენსირების არანაირი სხვა გზა არ გვრჩება. მაშინ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ აქციზი და რაზე? გამოდის, აქციზი უნდა გავზარდოთ თამბაქოს პროდუქციაზე და ალკოჰოლურ სასმელებზე, თუმცა ამ გზით საგადასახადო შემოსავლების სრული კომპენსირება მაინც შეუძლებელი იქნება. მთავრობა სხვა გადასახადს ვერც შემოიღებს და ვერც გაზრდის რეფერენდუმის გარეშე. რეფერენდუმით კი თანხმობის მიღება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღებასა ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდაზე.

მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ - რომც გავანულოთ აქციზური გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი, როცა მსოფლიოში ვერავინ ვერ აკეთებს პროგნოზს იმაზე, რამდენად გაძვირდება კიდევ ნავთობპროდუქტები, ხვალ რომ გაძვირდება, ზეგ რომ გაძვირდება, მერე რა ვქნათ?

თანაც, როცა კრიზისული პროცესია, ჩვენ სხვა ფასებიც გაგვეზრდება. წარმოიდგინეთ, ყველაფერი რომ გადასახადებიდან გავანთავისუფლოთ, შედეგად რას მივიღებთ? - ბიუჯეტი დაცარიელდება! კრიზისულ ვითარებებში კი პირიქით, სახელმწიფოს სჭირდება ბიუჯეტი იმისთვის, რომ გარკვეული მიზნობრივი ხარჯები გასწიოს. შეიძლება სხვა ქვეყანას შეუძლია გაანულოს ერთი რომელიმე გადასახადი, მაგრამ რომელიღაც სხვა გადასახადს შემოიღებს, ანუ სხვა გადასახადის განაკვეთს გაზრდის. ჩვენ კი, როგორ ვთქვი, ამ ფუფუნებას მოკლებული ვართ ჯერ კიდევ ნაციონალური მთავრობიდან მოყოლებული.

მოგეხსენებათ, რომ საქართველო, ისევე როგორც სხვა გავლენიანი ქვეყნები არ შეუერთდა სანქციებს, რის გამოც საქართველო უკრაინის ხელისუფლების და ქართული ოპოზიციის მხრიდან გახდა კრიტიკის საფუძველი. საქართველოს ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ შეერთებოდა სანქციებს?

- რეალურად, საქართველო გარკვეულ სანქციებს ავტომატურად არის შეერთებული და რატომ? საქართველო არ არის „სვიფტის“ დამფუძნებელი, რომ მის ხმას მნიშვნელობა ჰქონოდა, მაგრამ რადგან რუსეთი „სვიფტიდან“ გაითიშა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც „სვიფტით“, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ანუ, საქართველომ ავტომატურად გაიზიარა ეს სანქციები. მაგრამ, მთლიანობაში, თუ გადავხედავთ რუსეთთან როგორც ვაჭრობას, ასევე ფულად გზავნილებს, ჩვენი თანამოქალაქეების ყოფას რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, აქ ძალიან ბევრი პრობლემაა და საბოლოო ჯამში, ამ სანქციების მიერთებით ეკონომიკურად საქართველო დაზარალდებოდა.

ჯერ ერთი, სერიოზული პრობლემები ისედაც იქნება, რადგან რუსეთიდან ფულადი გზავნილები თუ არ განულდება, არსებითად შემცირდება, იმიტომ რომ რუსეთმა აკრძალა უცხოური ვალუტის გატანა თავის ქვეყნიდან და მეორე - იქ ახლა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისის ფორმირება ხდება, ანუ მოსახლეობას უმცირდება შემოსავლები და იქ მყოფ ქართველებსაც. მათ გაუჭირდებათ ფულის გამოგზავნა და მეორე - იმდენი აღარ ექნებათ, რომ გამოსაგზავნი თანხა არ შეამცირონ.

რუბლის გაუფასურების გამო ჩვენს ბიზნესს ისედაც პრობლემები შეექმნება რუსეთის ბაზარზე და ამიტომ ჯობია, რომ ის დროზე დატოვონ. ასე რომ, მთელი რიგი პრობლემებია. სანზციებზე ფორმალურად მიერთება, გარდა იმისა, რომ საქართველოს უფრო მეტად დააზარალდება, არაფრის მომცემი არ იყო.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებას, მესმის სახელმწიფოსი, რომელიც ასეთ ომშია ჩართული და, რომლის ტერიტორიაზე ამხელა უბედურება ტრიალებს. ყველას გვესმის ეს პრობლემა და პრაქტიკულად, ვცდილობთ, რომ ადეკვატური პასუხი არ გავცეთ. იმავდროულად, ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც ჩვენი სასამართლოს მიერ ცნობილი არიან დამნაშავედ. მათი ზეგავლენა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, აშკარაა და აქედან მოდის ეს ყველაფერი, მათ შორის, სამწუხაროდ, ის არადეკვატური საქციელი, რომელიც საქართველოში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიიდან ჩანს. აშკარად პროვოცირებულია ეს თემა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა არ შეერთებია სანქციებს, მაგრამ ელჩი კიევს არ გაუწვევია. რატომღაც ყირგიზეთი, მაროკო და საქართველო აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინას თავისი ელჩი მოსკოვიდან არ გამოუწვევია. წარმოიდგინეთ, ჩვენთან ციხეში ზის და სასჯელს იხდის უკრაინის მოქალაქე, რომელიც არის უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი, ამით ყველაფერი ნათელია...

ცხრილში მოყვანილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ქვეყნების მიხედვით.