„რუსის ჯარი გავიდა აფხაზეთიდან და შევიდეთო... ანუ რას შვები? ის ხალხი უნდა დახოცო? ეს არის ჩვენი სალაპარაკო ენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან? მაგრამ მათმა იდეურმა მამამ, შევარდნაძემ აფხაზეთში რაც ჩაიდინა, ამ „კლავიატურის ლომებს“ იგივეს გამეორება უნდათ“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია, „იმედის დღესთან“ საუბრისას, ცალკეული ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებებს.
მისი თქმით, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას სურს, საქართველომ ზვიად გამსახურდიას გზას გადაუხვიოს.
„ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი მშვიდობით გაიარა, ერთი გასროლის გარეშე. მისი ცნობილი ფრაზაა: „ისინი ტყვიას გვესვრიან, ჩვენ ვარდები ვესროლოთ“. ადამიანი გახსნილად და ღიად ამბობდა, რომ მისი სათაყვანებელი ადამიანი განდი იყო. მისი ცნობილი გამოთქმაა, რომ ჩვენ ჩვენს მტერზე ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ მტერიც გამარჯვებული დარჩეს. ჯოჯოხეთის შუაგულში, ამხელა იმპერიის შუაგულში, ერთი გასროლის გარეშე შექმნა სახელმწიფო. დღეს ეს ხალხი საპირისპიროს გვეუბნება“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.