უნდა დაველოდოთ საბოლოოდ რაზე მოილაპარაკებენ რუსეთი და უკრაინა. ეს ძალიან ჰგავს 1992 წლის ივნისის სოჭის შეთანხმებას - ხელი მოგვაწერინეს, იარაღი გაგვატანინეს და 2 თვეში ისევ დაგვცხეს, - ამის შესახებ „ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ანთაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ანთაძე განმარტავს, იმ ფორმულების გათვალისწინებით, რაც შეხვედრიდან უკვე ცნობილია, ყველაფრის გაფორმებას, მათ შორის სტატუსების საბოლოო ფორმას, შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტიდან 1 წელი დასჭირდეს.
„მე ფაქტობრივად წარმოუდგენელი მგონია ყირიმის დათმობა რუსეთის მხრიდან. ჩემი აზრით, ეს მარცხის ტოლფასია. ეს ძალიან მიზერულ შანსად მიმაჩნია. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს. 6 მლნ ადამიანია გასული, მოსახლეობა უნდა დაუბრუნდეს, რომელიც რეფერენდუმის ნაწილი უნდა იყოს.
ამაზეც კეთდებოდა განცხადება - მშვიდობის დამყარებიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, ასევე რამდენიმე თვეში ახალი სტატუსის უკრაინის კონსტიტუციაში ასახვა. როგორც ჩვენთან, ისე უკრაინაში 1 წელი სჭირდება კონსტიტუციურ ცვლილებებს. ეს პროცესი გაიწელება. იმ ფორმულების გათვალისწინებით, რაც უკვე ვიცით, ყველაფრის გაფორმებას, მათ შორის სტატუსების საბოლოო ფორმას, ცეცხლის შეწყვეტიდან 1 წელი შესაძლოა დასჭირდეს. ახლა უნდა დაველოდოთ საბოლოოდ რაზე მოილაპარაკებენ. ეს ძალიან ჰგავს 1992 წლის ივნისის სოჭის შეთანხმებას, ხელი მოგვაწერინეს, იარაღი გაგვატანინეს და 2 თვეში ისევ დაგვცხეს“,- აღნიშნავს ანთაძე.
მისივე თქმით, მას ეჭვი უჩნდება, რომ ორივე მხარე გამარჯვებულად გამოაცხადებს თავს.
„კაცობრიობის ომების ისტორია გვასწავლის, რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება მაგალითი, როდესაც საბრძოლო ველზე გამარჯვებები ყოველთვის სასურველ, მაქსიმალურად მისაღებ პოლიტიკურ მშვიდობად ვერ ითარგმნება. ამ გადმოსახედიდან ეჭვი მიჩნდება, რომ ორივე მხარე გამარჯვებულად გამოაცხადებს თავს“, - აღნიშნავს ანთაძე.