საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას უსაფრთხოების კუთხით მსგავსი გამოწვევები აქვთ.
როგორც მან ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის მხარდაჭერა და ასევე, ეუთო-ს აქტიური ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესში.
„აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კუთხით, ჩვენს ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ. საქართველო იყო პირველი, რომლის წინააღმდეგაც 2008 წელს აგრესია განხორციელდა, რის შედეგადაც მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, ასობით ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილება და საკუთარ სახლში ლტოლვილად ყოფნა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ პოლონეთს, როგორც ეუთოს-ს მოქმედ თავმჯდომარეს, არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ხაზი გავუსვით, რომ პოლონეთისა და ევროკავშირის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის მხარდაჭერა და ასევე, ეუთო-ს აქტიური ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესში“,-განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ასევე იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დეოკუპაციის მიმართულებით და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულებისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მინისტრი დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვევა და პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონსოლიდირებული საერთაშორისო მიდგომა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი მიმდინარე გამოწვევების ფონზე, სათანადოდ გავუმკლავდეთ ოკუპაციას", - განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, მისი თქმით, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე მზაობა, თბილისი გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას შორის. ეს გზავნილი იქნება მიწოდებული და უკვე არის ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლებისა და მეგობრების მიმართ“,-განაცხადა ზალკალიანმა.