საგარეო ურთიერთობები და შესაბამისად, ელჩების დანიშვნა მთავრობის პრეროგატივაა, თუკი რომელიმე საკონსტიტუციო ორგანო ამას ვერ აღიქვამს, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
„საკონსტიტუციო კანონში ცვლილების შეტანის სურვილიც არის ეს, რომ თუკი არსებობს რაიმე სახის უთანხმოება და გაუგებრობა კონსტიტუციასთან მიმართებით, იქ, სადაც პირდაპირ წერია, რომ საგარეო ურთიერთობები და შესაბამისად, ელჩების დანიშვნა მთავრობის პრეროგატივაა. თუკი რომელიმე საკონსტიტუციო ორგანო ამას კარგად ვერ აღიქვამს და ვერ კითხულობს, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობების ფართო სპექტრი, რომ გაიხილოს საკითხი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ ასახავს რეალურ სურათს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით კი, სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი 12-ვე კანდიდატურა დაამტკიცა.