მთელ უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1200-ზე მეტი ბალისტიკური, ფრთოსანი და ზებგერითი რაკეტა გაისროლა, მათგან 467 საცხოვრებელ ზონაში, - ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„მათი თავდაპირველი ბლიცკრიგის გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსული ჯარები გადავიდნენ გეგმა B-ზე. ეს გეგმა არის ჰუმანიტარული კატასტროფის პროვოცირება მთელ უკრაინაში და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის განადგურებაა, რათა დააშინოს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხალხი და უბიძგოს მათ კაპიტულაციისკენ“, -განაცხადა კისლიცამ.
გაეროში უკრაინის წარმომადგენლის თქმით, რუსები ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ფართო და უკიდურესად სასტიკ ინსტრუმენტებს იყენებენ.
„ეს ინსტრუმენტები მოიცავს საცხოვრებელი ტერიტორიების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებას, სარაკეტო თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქების ალყას, ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმებების დარღვევას, ოკუპირებულ რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს, გატაცებებისა და მკვლელობების ჩათვლით. ახლა დამპყრობლებმა 30-მდე ადგილობრივი ლიდერი, აქტივისტი და ჟურნალისტი გაიტაცეს“, - აღნიშნა კისლიცამ.
მისივე განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 5000 ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში. თითქმის 150 000 მცხოვრებელი რჩება ალყაში, რომლებიც მოკლებული არიან ცხოვრების ელემენტარულ პირობებს და საჭიროა მათი ევაკუაცია.